Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩეული მერები თვითმმართველობის ერთგვარ ,,წითელ წიგნში” აღმოჩნდნენ


საქართველოს კანონმდებლობით, ქვეყნის ყველა ქალაქის მერი, გარდა თბილისის და ფოთისა, მაჟორიტარული სისტემით აირჩევა. თბილისისა და ფოთის მერებს ნიშნავს

პრეზიდენტი, რომელსაც, რომელიმე სხვა ქალაქის მერის გადადგომის შემთხვევაში, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის პრეროგატივაც აქვს. ამჟამად საქართველოს არც ერთ ქალაქს არჩეული მერი აღარ ჰყავს და ჯერჯერობით არც ვადამდელი არჩევნების დანიშვნის პერსპექტივა ჩანს. ამის გამო, საქართველოს პრეზიდენტს სასამართლოში უჩივიან, თუმცა საქმის განხილვის ვადაც უკვე რამდენჯერმე დაირღვა. მინდა ქართული თვითმმართველობის რამდენიმე დეტალზე მოგითხროთ.


თბილისისა და ფოთის გარდა, საქართველოს ყველა ქალაქს არა მერები, არამედ მათი მოვალეობების შემსრულებლები ჰყავს. რევოლუციის შემდეგ დაწყებული ეს ტენდენცია ამ კვირაში დასრულდა, მას შემდეგ, რაც პოსტი დღემდე შემორჩენილმა ბოლო, რუსთავში არჩეულმა, მერმა დატოვა. არჩეული მერების გადადგომის შემდეგ მათი ფუნქციების შესრულებას ავტომატურად იწყებენ მოადგილეები, რომლებიც, როგორც წესი, მმართველი პარტიისთვის სასურველი პირები არიან.
კანონის თანახმად, იმ ქალაქებში, სადაც მერი არჩევითია, მისი გადადგომის შემდეგ პრეზიდენტი რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავს. მიხეილ სააკაშვილისგან კანონის ამ მუხლის დაცვას, ორი ქალაქის - ქუთაისისა და ზესტაფონის - მაგალითზე, სასამართლოს წესით ითხოვენ კონსერვატორები. საგულისხმოა, რომ კანონი პრეზიდენტს მერის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის კონკრეტულ ვადას არ მიუთითებს. თუმცა დეპუტატი კახა კუკავა განმარტავს, რომ, ამავე კანონით, ერთი შეზღუდვა მაინც არსებობს:

[კახა კუკავას ხმა] ,,არ შეიძლება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა უფლებამოსილების გასვლამდე ბოლო 6 თვის მანძილზე. უფლებამოსილება გასდის საკრებულოებს გაისად მაისში. აქამდე ამას იძახდნენ, რომ დანიშვნა ხომ არ გვევალება კანონითო და ეხლა უკვე ევალება.” (სტილი დაცულია)

კონსერვატორები ხელისუფლებას საქმის გამარტივებას სთავაზობენ, რის გამოც პარლამენტს საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პროექტი წარუდგინეს. ამ პროექტში მერის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის კონკრეტული ვადაა მითითებული:

[კახა კუკავას ხმა] ,,ჩვენ ვწერთ, რომ უნდა დანიშნოს როგორც შუალედური არჩევნები, ისე... მაის-ივნისში ან ოქტომბერ-ნოემბერში, რომელიც უახლოესი ვადაა. ანუ, თუ გადადგება რომელიმე ქალაქის მერი, რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს უახლოესი რომელიც მოდის - მაისი-ივნისი იმავე წლის ან მომდევნო წლის.” (სტილი დაცულია)


ამავე პროექტით, კონსერვატორები პარლამენტს იმასაც სთავაზობენ, რომ მერის რიგგარეშე არჩევნები არა პრეზიდენტმა, არამედ ცსკ-მ დანიშნოს.
ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც თვითმმართველობის რეფორმაზე მუშაობენ, შესაბამისი კანონმდებლობის მხოლოდ ეპიზოდურად შეცვლას არასწორად მიიჩნევენ. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ხელმძღვანელი თამარ ჟვანია ამბობს, რომ საქართველოს დღემდე არც თვითმმართველობის კონცეფცია აქვს და არც ამ საკითხის სისტემური ხედვა:

[თამარ ჟვანიას ხმა] ,,პროცესი უნდა დაიწყოს თავიდან და არა უკუღმა. ჯერ დავიწყოთ კონცეფცია, თვითმმართველობა, ხედვა და იმის მიხედვით გატარდეს ყველა ეს წვრილ-წვრილი ცვლილებები, თბილისი იქნება, ქუთაისი თუ სხვა დონის თვითმმართველობა.” (სტილი დაცულია)


თვითმმართველობასთან დაკავშირებული პროექტები რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ უკვე მოამზადა, თუმცა მათ განხილვაზე ხელისუფლება არ დათანხმდა. ამავე საკითხზე ევროსაბჭოს დახმარებით დაიწყო მუშაობა პრეზიდენტის თავმჯდომარეობით შექმნილმა სახელმწიფო კომისიამაც, რომელიც, უმოქმედობის გამო, რამდენიმე წევრმა უკვე დატოვა. თუმცა ამ კომისიას პრეზიდენტმა სააკაშვილმა მადლობა ჯერ კიდევ პარლამენტში ყოველწლიური გამოსვლისას გადაუხადა:


[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ,,ვაღიარებ, რომ არა ვარ საკმარისად მომზადებული იმისათვის, რომ და ვერავინ ვერ არის საკმარისად მომზადებული იმისათვის, ყველა გენიოსი რომ გააცოცხლო, რომ ცენტრიდან ყველა ადგილობრივი მმართველობის ორგანო დააკომპლექტო. ეს არის შეუძლებელი და ვინც სცადა, ყველამ ძალიან ცუდად დაამთავრა. რა თქმა უნდა, ქვედა დონის მმართველობა, გამგებლები და ყველა მერი საქართველოში უნდა იყოს არჩეული შესაბამისი საარჩევნო სისტემის მიხედვით. ეს უნდა განხორციელდეს მომავალ წელს და ჩვენ ეს კანონმდებლობა წელსვე უნდა შევქმნათ.” (სტილი დაცულია)

მიუხედავად პრეზიდენტის აღიარებისა და თეორიული ცოდნისა, რომ ცენტრიდან ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა დაკომპლექტება გენიოსებსაც კი არ შეუძლიათ, მსგავსი მცდელობა მაინც შეინიშნება. კანონმდებლობაში კი წელს მხოლოდ ის შეიცვალა, რომ თბილისს არა პრეზიდენტისგან დანიშნული, არამედ საკრებულოს მიერ არჩეული მერი ეყოლება. იმ ქალაქებს კი, სადაც მერის არჩევის უფლება უკვე არსებობს, არჩეული მერების ნაცვლად მათი მოვალეობის შემსრულებლები ჰყავთ.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG