Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

,,საუკუნის პროექტი”, რომელიც საქართველოს მოქალაქეთა უფლებებს არღვევს


ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობამ საქართველოს მოქალაქეებს საკუთრებისა და შრომის უფლება დაურღვია და რამდენიმე ისტორიული ძეგლი დააზიანა

- აცხადებს ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.” საკუთარი დასკვნების ნაწილი ახალგაზრდა იურისტებმა მილსადენის საქართველოს მონაკვეთის გახსნის ცერემონიის პარალელურად გამოაქვეყნეს. მილსადენის პროექტის განხორციელების სამართლებრივი მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, ასოციაცია მიიჩნევს, რომ საქართველოს მხოლოდ ზეიმის საფუძველი არა აქვს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ძირითადი საექსპორტო მილსადენის საქართველოს მონაკვეთის გახსნას თავისთავად დადებით მოვლენად აფასებს და აცხადებს, რომ კარგად ესმის ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ამ პროექტის მნიშვნელობა. გარდაბანში გამართული საზეიმო ცერემონიის პარალელურად არცთუ სასიამოვნო დასკვნების გამოქვეყნებას კი ასოციაციის ხელმძღვანელი ანა დოლიძე იმით ასაბუთებს, რომ ნავთობსადენით გამოწვეული პრობლემები რეალობაა და სახელმწიფოს რეაქცია სჭირდება:

[ანა დოლიძის ხმა] ,,დიდი სურვილი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობას, ყველა იმ ორგანიზაციას, რომელსაც რაიმე შეხება აქვს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მართვასთან, გავახსენოთ, რომ ნავთობსადენის ოპერირება და მისი ფუნქციონირება მხოლოდ დადებით მოვლენებთან, სამწუხაროდ, არ არის დაკავშირებული და ძალიან ბევრი პრობლემა კვლავაც ახლავს მის ფუნქციონირებას.” (სტილი დაცულია)

რამდენიმე წლიანი სამართლებრივი კვლევის შედეგად გამოვლენილ პრობლემათა შორის პირველ ადგილზე მიწის მესაკუთრეთა უფლებების დარღვევაა:

[ქეთევან კვინიკაძის ხმა] ,,ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული მიწის მეპატრონესთან კომპანიის მოლაპარაკება ნაკვეთის შეძენაზე და სამშენებლო კომპანიები სრულიად დაუკითხავად შევიდნენ ამ მესაკუთრეების ნაკვეთზე და დაიწყეს სამშენებლო სამუშაოები. იყო პრობლემები, როდესაც კომპანიებმა გადათხარეს ნაკვეთზე არსებული სარწყავი არხები, მისასვლელი გზები და მიწის მესაკუთრეები საარსებო საშუალების გარეშე დატოვეს. დღემდე იხვეწება ეს ხალხი კომპანიისაგან ჩვეულებრივი ტექნიკური სამუშაოების ჩატარებას და სარწყავი არხებისა და მისასვლელი გზების აღდგენას.” (სტილი დაცულია)

ნავთობსადენის პროექტის განხორციელების სამართლებრივი მონიტორინგის პროგრამის კოორდინატორი ქეთევან კვინიკაძე მიწის მესაკუთრეთა უფლებების დარღვევისა და სამშენებლო კომპანიების თვითნებობის არაერთ ფაქტს ასახელებს და აცხადებს, რომ პრობლემათა რაოდენობა იზრდება, რადგან ამჟამად ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის მშენებლობაც მიმდინარეობს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დასკვნით, არ გამართლდა არც მილსადენის მშენებლობის წყალობით მოსახლეობის დასაქმების მოლოდინი. უფრო მეტიც, სამშენებლო კომპანიები არღვევენ საქართველოს მოქალაქეთა შრომის უფლებას, რომელიც კანონითაა გარანტირებული. ქეთევან კვინიკაძის ინფორმაციით, ოპერატორმა კომპანია ,,ბიპიმ” 4 ათას 500 ადამიანი დაასაქმა, თუმცა თავად სამშენებლო კომპანიებთან ურთიერთობისას მათ ყოველდღიური პრობლემები აქვთ:

[ქეთევან კვინიკაძის ხმა] ,,იმის მაგივრად, რომ კონტრაქტში ჩაწერილი 7 საათი ემუშავა ადამიანს, ხშირად დღეში 14 საათი უწევთ მუშაობა. ამ მუშაკებს კომპანია საათში უხდის 75 თეთრს, ეს არის მინიმუმი. და იმის გამო, რომ კომპანიის სანაქებო, თვეში 600-700 ლარი მიიღოს ადამიანმა ანაზღაურება, მას ,,საკუთარი ნებით” უწევს 14 საათის განმავლობაში მუშაობა, რომ, საბოლოო ჯამში, ხელფასის სახით მიიღოს 600-700 ლარი.” (სტილი დაცულია)

ახალგაზრდა იურისტთა განცხადებით, ნავთობსადენის მშენებლობამ დააზიანა და განადგურების საფრთხე შეუქმნა ისტორიულ ძეგლებს, მათ შორის, აწყურისა და საკირის ციხეებს და ნადარბაზევის უნიკალურ კომპლექსს. ისტორიული ძეგლების დაცვის დაფინანსებას მშენებელ კომპანიებს საქართველოს კანონმდებლობა ავალდებულებს, რის გამოც ახალგაზრდა იურისტები ბიპისგან დამატებითი თანხების გაცემას მოითხოვენ. საგულისხმოა, რომ ერთი თვის წინ ბრიტანულმა კომპანიამ მზადყოფნა გამოთქვა მილიონი დოლარით დაეფინანსებინა მეწყერსაშიშ ზონაში მდებარე სოფელ დგვარის მცხოვრებთა გადასახლების პროცესი, რაზეც საქართველოს მთავრობამ უარი განაცხადა. იურისტი ვასილ ტიტვინიძე განმარტავს, რომ ნავთობსადენის მშენებლობისას გამოვლენილი პრობლემების უპირველესი პასუხისმგებელი სახელმწიფოა:

[ვასილ ტიტვინიძის ხმა] ,,აქ არა მარტო კომპანიის პასუხისმგებლობაზეა საუბარი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, კომპანიასთან ერთად არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. სახელმწიფო უნდა იყოს გარანტი. საქართველოს კონსტიტუცია ავალდებულებს პირდაპირ, რომ სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი უნდა იყოს და გარანტირებული საკუთრების უფლება. და არამარტო საკუთრების უფლება. აქ შრომით უფლებებზეც იყო საუბარი, კულტურულ მემკვიდრეობაზე იყო საუბარი.” (სტილი დაცულია)

საგულისხმოა ისიც, რომ არც ერთი სასამართლო დავა საქართველოს მოქალაქეთა სასარგებლოდ არ დასრულებულა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დასკვნით, ხელისუფლებისგან განსხვავებით, მოსახლეობას იმ შვიდ რაიონში, სადაც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის საქართველოს მონაკვეთი აშენდა, ჯერჯერობით ზეიმის არანაირი საფუძველი არა აქვს.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG