Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლება და მესამე სექტორი შრომითი კანონმდებლობის საფუძვლებზე ვერ თანხმდებიან


საქართველოში შრომით სამართლებრივ ურთიერთობებს აწესრიგებს 32 წლის წინ, 1973 წელს, მიღებული შრომის კანონთა კოდექსი, რომელშიც უკანასკნელად ცვლილებები

1997 წელს შეიტანეს. უშედეგოდ დასრულდა ცალკეულ ექსპერტთა ყველა მცდელობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსში გაეერთიანებინათ წიგნი შრომის სამართლის შესახებ. არადა, უკანასკნელი წლების განმავლობაში მომხდარი ცვლილებების გათვალისწინებით, შრომითი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად ახალი კანონისა თუ კოდექსის მიღება გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს. თუმცა მთავრობის, პარლამენტისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ვერ თანხმდებიან მთავარზე, ანუ იმ პრინციპებზე, რომელთაც შრომის კანონმდებლობა უნდა დაეფუძნოს. შრომის როგორი კოდექსი სჭირდება საქართველოს? ამ საკითხის გარკვევას ემსახურებოდა საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ მოწყობილი „მრგვალი მაგიდა“ , რომელსაც მე დავესწარი.

“მრგვალი მაგიდის” გარშემო მთავრობის, პარლამენტისა და მესამე სექტორის წარმომადგენლები შრომის კოდექსის კანონპროექტთა განსახილველად შეიკრიბნენ. იმის გამო, რომ შრომის კანონთა მოქმედი კოდექსი ვერ უპასუხებს დროის მოთხოვნას და ვეღარ არეგულირებს შრომით სამართლებრივ ურთიერთობებს, შრომისა და ჯანმრთელობის სამინისტრომ, პარლამენტის იურიდიულ და სიციალურ საკითხთა კომიტეტებმა და „თავისუფლების ინსტიტუტმა“, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, სამი ალტერნატიული კანონპროექტი მოამზადეს, თუმცა ამ სამიდან ყველაზე მძაფრი პოლემიკა მთავრობის, ეგრეთ წოდებულმა, ულტრალიბერალურმა ვარიანტმა გამოიწვია.

[ვახტანგ ლეჟავას ხმა] „მე შემიძლია ჩემი სამუშაო ძალა განვკარგო ისე, როგორც მინდა მე, სხვისი ნების გარეშე. ეს არის თავისუფლება. მიეცით საქართველოში ადამიანს უფლება, ისე განკარგოს სამუშაო ძალა, როგორც მას მოესურვება.“(სტილი დაცულია)

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი და მთავრობის წარმომადგენელი ვახტანგ ლეჟავა ამბობს, რომ შრომითი ურთიერთობა უნდა იყოს მაქსიმალურად თავისუფალი სახელმწიფოს ჩარევისგან. მე ეკონომიკის ექსპერტს დევი ხეჩინაშვილს ვთხოვე, განემარტა მთავრობის მიერ შემუშავებული კანონპროექტის ძირითადი არსი.

[დევი ხეჩინაშვილის ხმა] „უპირატესობას ანიჭებს ინდივიდუალურ ხელშეკრულებას, ცდილობს ნაკლებად ჩაერიოს ხელშეკრულების მოწყობაში, არ არის გათვალისწინებული მინიმალური ხელფასი, სამუშაო საათების ზღვრული რაოდენობა, სამსახურიდან დათხოვნა გაადვილებულია და ასე შემდეგ. ეს, უდავოდ, ხელს უწყობს შრომის მობილურობის გაზრდას და, საერთოდ, სულ სხვა მიდგომაა: სამუშაოს დაკარგვა არ არის ტრაგედია, კატასტროფა!“

დევი ხეჩინაშვილის თქმით, მთავრობისა და „თავისუფლების ინსტიტუტის“ მიერ შემუშავებული კანონპროექტები მხოლოდ ტექნიკური თვალსაზრისით განსხვავდება ერთმანეთისაგან, ანუ ეს ორი ნაშრომი ერთსა და იმავე ფილოსოფიურ წანამძღვარს ეფუძნება. თუმცა უმჯობესია თავად კანონპროექტის ავტორს, „თავისუფლების ინსტიტუტის“ დირექტორს, ლევან რამიშვილს მოვუსმინოთ.

[ლევან რამიშვილის ხმა] „ჩვენი მიდგომა ეფუძნება ლიბერალურ ფილოსოფიას, ანუ ვაღიარებთ იმას, რომ შრომითი ურთიერთობები არის ნებაყოფლობითი, უნდა იყოს დაფუძნებული მხარეთა თავისუფალ ნებაზე და თანასწორუფლებიანობაზე. სახელმწიფოს ჩარევა არის საჭირო მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, იმისთვის, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ღირსება, თავისუფლება, იგივე საკუთრება და მისდამი სამართლიანი მოპყრობა.“

ლევან რამიშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტის მიერ შემუშავებული კანონპროექტი იმდენადაა გადატვირთული დაქირავებულთა სოციალური გარანტიების უზრუნველყოფით, რომ თითქმის არაფრით განსხვავდება სოციალისტური ქვეყნის შრომის კოდექსისგან. თუმცა პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგი წერეთელი დარწმუნებულია, რომ, განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, კანონპროექტების ავტორები მაინც შეძლებენ საერთო მიდგომის გამომუშავებას:

[გიგი წერეთლის ხმა] „მე მაინც ოპტიმისტი ვარ ბუნებით და ვფიქრობ, რომ თუკი მოვინდომებთ და მაინცდამაინც არავინ მოიკლავს საავტორო უფლებებისათვის თავს, ანუ რომელი ვარიანტი დაედება კანონს საფუძვლად... საფუძველი უნდა იყოს პრინციპები და შემდგომ, ამ პრინციპების მიხედვით, უკეთეს კანონპროექტს პირდაპირ გადავიტანთ, მოვახდენთ კომპილაციას, გაერთიანებას მუხლების მიხედვით და ამის შემდეგ გავაცნობთ ფართო საზოგადოებას.“ (სტილი დაცულია)
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG