Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოსტრევოლუციურმა საქართველომ ადამიანთა წამებისა და სასტიკი მოპყრობის პრაქტიკა შეინარჩუნა


ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია ,,საერთაშორისო ამნისტია” საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ქვეყანაში წამებისა და არაჰუმანური მოპყრობისთვის გამოცხადებული

ბრძოლა კონკრეტული საქმიანობით დაადასტუროს. საქართველოში არსებული სიტუაციის ამსახველი ბოლო მოხსენება ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ხუთშაბათს თბილისში გამოაქვეყნეს და განაცხადეს, რომ ადამიანთა წამება და სასტიკი მოპყრობა ქვეყანაში კვლავ პრობლემად რჩება. სიტუაციის გამოსწორების მიზნით, ,,საერთაშორისო ამნისტია” საქართველოს ხელისუფლებას გრძელვადიანი სამოქმედო გეგმების შემუშავებას და კანონის რეალურად აღსრულებას ურჩევს. მინდა რევოლუციის შემდგომ საქართველოში შენარჩუნებულ უარყოფით ტენდენციებზე მოგითხროთ.

,,წამება და სასტიკი მოპყრობა ვარდების რევოლუციის შემდეგაც პრობლემად რჩება” - მოხსენება ამ სათაურით ,,საერთაშორისო ამნისტიამ” გასული წლის ბოლოს გამოაქვეყნა. ხუთშაბათს კი ორგანიზაციის დელეგატებმა მოხსენების დეტალებზე თბილისში ისაუბრეს.

საქართველოში წამების საწინააღმდეგო გეგმას გადადგომამდე ორი თვით ადრე ხელი პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მოაწერა. 2004 წლის მეორე ნახევარში საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ქვეყანაში წამება და არაჰუმანური მოპყრობა სერიოზულ პრობლემად აღიარა და გეგმის შესრულება დაიწყო. ერთ წელიწადში კი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში წამება აღარ არსებობს. მის ამ პოზიციას ,,საერთაშორისო ამნისტია” კატეგორიულად არ იზიარებს, თუმცა ხელისუფლებას არც ზოგიერთ დადებით ნაბიჯს უვიწყებს. პოზიტივს შორისაა პატიმრობის ადგილთა მონიტორინგი, დაკავებულთა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები და ის, რომ წამების გამო ამჟამად სასჯელს 12 ადამიანი იხდის.

ამასთან, ,,საერთაშორისო ამნისტია” აცხადებს, რომ საქართველოში შენარჩუნებულია ადამიანთა წამების მეთოდები, არაჰუმანური მოპყრობა, ფერხდება კანონის აღსრულება და, ამ მხრივ, განსაკუთრებულად რთული ვითარება საქართველოს რეგიონებშია. ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ დადებითი საკანონმდებლო ცვლილებები ყველაზე არ ვრცელდება. ანა სუნდერ-პლასმანს მაგალითად მოჰყავს ის, რომ დაკავებულებთან ურთიერთობისთვის პოლიციელების იდენტიფიცირებაა საჭირო:

[ანა სუნდერ-პლასმანის ხმა] ,,მიუხედავად ამისა, ჩვენ საკმაოდ გვაწუხებს ის, რომ იდენტიფიცირება არ ევალებათ სპეცრაზმელებს. არადა, განსაკუთრებულად სწორედ ისინი მონაწილეობენ წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში. სპეცრაზმელთა ანონიმურობას იცავს მათი ნიღაბიც, რომელიც ჩვენ გარკვეულწილად საჭიროდაც კი მიგვაჩნია. მაგრამ ამ შემთხვევაში სრულ ანონიმურობას ხელი უნდა შეუშალოს, მაგალითად, საიდენტიფიკაციო ნომერმა.”

,,საერთაშორისო ამნისტია” აღნიშნავს, რომ ადამიანთა წამების გამო დამნაშავე ბევრი სამართალდამცავი კვლავ დაუსჯელია - იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც მათი მამხილებელი მასალები არსებობს. ამ სიტუაციის გამოსწორებისა და, საერთოდ, რეალური პროგრესის მიღწევის მიზნით, ორგანიზაციამ საკუთარი რეკომენდაციები საქართველოს გენერალურ პროკურორს და შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს წარუდგინა. ,,საერთაშორისო ამნისტიის” დელეგატები, რომლებისთვისაც ხელისუფლების სიტყვიერი თანხმობა და მზადყოფნა კმაყოფილების საბაბია, მაგრამ საკმარისი არ არის, რეალურ მოქმედებას მოითხოვენ:

[ანა სუნდერ-პლასმანის ხმა] ,,მთავრობას კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი იმისთვის, რომ ქვეყანაში სიტუაცია გამოსწორდეს. შედეგის მისაღწევად გრძელვადიანი სამოქმედო გეგმებია საჭირო. პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, “საერთაშორისო ამნისტია” აღიარებს, რომ საქართველოში ადამიანთა წამების პრობლემა აღარ არსებობს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამგვარი განცხადება კონტრპროდუქტიულია.”

ანა სუნდერ-პლასმანის განმარტებით, კონტრპროდუქტიულობა იმას ნიშნავს, რომ, მსგავსი განცხადებების გამო, უფლებაშელახულ ადამიანებს ,,საერთაშორისო ამნისტიის” მსგავსი ორგანიზაციებისთვის მიმართვის სურვილი გაუქრებათ. საგულისხმოა, რომ ორგანიზაციის შეფასებებს ხუთშაბათს ჟურნალისტთა არცთუ დიდი ნაწილი ისმენდა. განსაკუთრებით ტელეკომპანიების წარმომადგენელთა ნაკლებობის გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება ადამიანის უფლებათა დამცველმა გელა ნიკოლაიშვილმა:

[გელა ნიკოლაიშვილის ხმა] ,,ეტყობა, ესეც არ უნდა გაშუქდეს, იმიტომ რომ პრეზიდენტმა განაცხადა, აღარ არის ჩვენთან წამებაო და დისონანსი იქნებოდა ეს, რომ მაინც არის წამება და მაინც ხელისუფლება პირობას დებს, რომ გამოვასწორებო. თუმცა მხოლოდ თქმა არაფერი არ არის. მთავარია ფაქტები, მთავარია ის საერთო ატმოსფერო და გაუარესებული სიტუაცია, რომელიც ამ მიმართულებით, სამწუხაროდ, საქართველოში დღეს არის.” (სტილი დაცულია)

,,საერთაშორისო ამნისტია” საქართველოში არსებულ სიტუაციას უკვე 15 წელია სწავლობს. მის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ მომდევნო 15 წლის განმავლობაში მაინც აღარ მოუწევთ პრაქტიკულად უცვლელ პრობლემებზე საუბარი. საფუძვლად მაინც ხელისუფლების მზადყოფნა სახელდება, თუმცა, მთავრობიდან კონკრეტულად ვის დაევალა წელს წამების საწინააღმდეგო გეგმის ხელმძღვანელობა, დელეგატებმა თბილისში ვერ შეიტყვეს.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG