Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიბლიოთეკა


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოში იშვიათობაა, ერთ ავტორთან დაკავშირებული ოთხი წიგნის ერთდროულად გამოცემა, თანაც ორი სხვადასხვა გამომცემლობის მიერ.

დღევანდელ ბიბლიოთეკაში სწორედ ასეთ გამოცემებზე ვილაპარაკებთ. ფიქრები საქართველოზე, წმინდანიანი, ქართული ქრონიკა რევოლუციის დროიდან და თებერვალი - ასე ჰქვია წიგნებს, რომელთაგან ბოლო ორი გამომცემლობა არტანუჯმა დასტამბა, ხოლო პირველი ორი - გამომცემლობა ინტელექტმა. ოთხივე წიგნს კრავს ერთი ავტორი - ნიკოლო მიწიშვილი. ოთხივე კრებული ეძღვნება მისი დაბადების 110 წლისთავს.

ნიკოლო მიწიშვილი 30-ანი წლების რეპრესიებს ემსხვერპლა. შესაძლოა, ახალი თაობის მკითხველი ასე უპირობოდ არ იცნობდეს ამ სახელს, მით უმეტეს, ნიკოლო მიწიშვილის წიგნი მისი გარდაცვალების შემდეგ სულ ორჯერ გამოიცა და უკანასკნელად - 35 წლის წინათ. ახლა კი ერთბაშად ოთხი წიგნი გამოვიდა, თუმცა, მათგან ერთი, ”ფიქრები საქართველოზე” შეიცავს არა მხოლოდ ნიკოლო მიწიშვილის ტექსტებს: აქ შესულია ამავე სახელწოდების მისი ცნობილი წერილი, რომელმაც პოლემიკა გამოიწვია გასული საუკუნის 20-ანი წლების საქართველოში და პუბლიკაციები, ლამის 7 ათეული წლის შემდეგ რომ შეეხმიანა ნიკოლო მიწიშვილის ”ფიქრებს საქართველოზე”. ესაა მსჯელობა, რომელიც ამ 12-13 წლის წინათ გაიშალა გაზეთ კავკასიონის ფურცლებზე. მსჯელობაში ჩართული ავტორები უკვე ჩვენი თანამედროვენი არიან და აქვთ პრივილეგია, რომ იტყვიან, დროის გადმოსახედიდან შეაფასონ ნიკოლო მიწიშვილის განცდილი და ნააზრევი.

და მაინც, რატომ გამოვიდა 4 წიგნი, როცა შეიძლებოდა მწერლის ტექსტებს ერთ წიგნში მოეყარათ თავი, ხოლო ათწლეულებს გამწვდარი დისკუსია ”ფიქრები საქართველოზე” დარჩენილიყო ცაკლე წიგნად, როგორც ეს ახლა გაკეთდა? ნიკოლო მიწიშვილის შვილი, ილამაზ მიწიშვილი ამბობს, რომ რაიმე განსაკუთრებული ჩანაფიქრი არ ყოფილა. უბრალოდ, ლექსები და მინიატურული პროზა ცალკე წიგნად შეიკრა, ”ქართულმა ქრონიკამ რევოლუციის დროიდან” ასახა ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შედეგად უცხოეთში გადახვეწილ ქართველთა მძიმე ხვედრი, ხოლო ”თებერვალი” 1923 წელს ემიგრაციაში, პარიზში დაწერილი დოკუმენტური პროზაა, სადაც მოქმედება 1921 წლის მარტში იწყება.

”ფიქრები საქართველოზე” ილამაზ მიწიშვილმა შეადგინა. საქართველოში ცოტა უჩვეულოდ მოჩანს ასეთი რამ: მიუძღვნა წიგნი მამის დაბადების მრგვალ თარიღს და შეიტანო მასში მრავალი კრიტიკული, რომ არა ვთქვათ, ნეგატიური გამოხმაურება, მამის ნააზრევს მისმა და ჩვენმა თანამედროვეებმა რომ შეაგებეს. თავად ილამაზ მიწიშვილი ამბობს, ნიკოლო მიწიშვილის ფიქრები საქართველოზე გამოქვეყნებისას რომ წაეკითხა და მაშინ ბავშვი კი არა ზრდასრული ადამიანი ყოფილიყო, ალბათ, თვითონაც წინააღმდეგი იქნებოდა ამ წერილის.

[მიწიშვილის ხმა] ”ამავე დროს, ამ წიგნში წამოჭრილია საკითხები, რომლებიც ყოველთვის მტკივნეული იქნება ქართველი ერისათვის. ალბათ, ღრმად ჩაწვდომის ღირსია პრობლემა, რომელსაც ორი სიტყვით თუ ვიტყვით, ჰქვია რანი ვართ. ვფიქრობ, პერიოდულად ეს საკითხი უნდა დაისვას და ერი დაუფიქრდეს”.

ყველაზე მძაფრად თანამედროვეებმა და ალბათ, შთამომავლებმაც ნიკოლო მიწიშვილის ”ფიქრებში” მისი დასასრული აღიქვეს. აი, ეს სიტყვები:

”საქართველო პასიური მოვლენაა. მისი ენერგია გამოწვეული იყო სხვა, მის გარეშე მყოფი მოვლენისაგან (ენერგია ჭიის, როცა მას ფეხს აჭირებენ). საკუთარ შინაგან აქტივობას მოკლებუყლი იყო საქართველო და მოკლებული იყო, მაშასადამე, შემოქმედების გენიასაც. მოკლებულია აქედან გამართლებას, მსოფლიო გამართლებას, საკუტარ რელიგიას, მოწოდებას, აზრს, შინაარსს. ამითაა, რომ მშრალია და ფუყე საქართველო. აქედანაა მისი უშვილოსნობა თუ ბერწობა. ამის შედეგია ჩემის ფიქრით, სიმჩატე ქართველი არსებისა, ქართული ჭკუისა, განწირვა ქართული ხელოვნების, პოეზიის”.

ნიკოლო მიწიშვილი 26 წლისა იყო, როცა ეს დაწერა. ჩანს, ამ სიტყვებმა დროს გაუძლეს, შეინარჩუნეს პოლემიკის მაპროვოცირებელი იმპულსი, რადგან გასული საუკუნის 90-ან წლებშიც ნიკოლო მიწიშვილს მისი შვილის თანატოლი, დროთაგან მოყრილი თაობა ისე ეკამათებოდა, როგორც ცოცხალს. მწერალი და მთარგმნელი, თამაზ ჩხენკელი, მაგალითად, წერდა:

”მას არ სწამს თანამედროვე საქართველო და ამიტომ არ სწამს საქართველოს ისტორიული დიდებაც. რუსთაველიც კი ეეჭვება. ჩვენს ისტორიაში იგი ვერ ნახულობს ღვთის ხელს. მაგრამ ამას ამბობს გონებრივ უნივერსალობასა და შინაგან რწმენას მოიკლებული ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ასეთი რთული პრობლემის გადაწყვეტისათვის, ან თუნდაც დასმისათვის საჭირო ცოდნის მინიმუმიც არ გააჩნია. იგი ზერელედ და ფრაგმენტულად იცნობს საქართველოს ისტორიას და ქართულ ლიტერატურას. მას წარმოდგენა არა აქვს ძველ ქართულ კულტურაზე ისევე, როგორც ევროპულ და აღმოსავლურ კულტურებზე. ცოდნის მისეული მარაგი ბერწი და უმნიშვნელოა. მისი ჭაბუკური ინტუიცია, რომელშიც პოზიტიური მარცვლებიც მოიპოვება, არსებიტად, სკეპტიციზმით, უარეს შემთხვევაში, ნიჰილიზმით არის დასნეულებული და იმდროინდელი საზოგადოების გარკვეული ნაწილის განწყობილებას ასახავს”.

წიგნის ”ფიქრები საქართველოზე” რედაქტორს, კრიტიკოს ლევან ბრეგაძეს ვთხოვე, აღეწერა ის ძირითადი დამოკიდებულებები და შეფასებები, რომლითაც გაჯერებულია ნიკოლო მიწიშვილის ნააზრევზე დაწერილი გამოხმაურებანი. პასუხში ლევან ბრეგაძე თავად ნიკოლო მიწიშვილის მოტივების მისეულ განმარტებას იძლევა:

[ბრეგაძის ხმა] ”შეფასებები, ძირითადად, უარყოფითია, მაგრამ იშვიათად, რომ ვინმემ არაპატრიოტულად ჩათვალოს მისი ეს აქცია, რაც ნიკოლო მიწიშვილმა თავისივე რედაქტორობით გამომავალი ჟურნალის, ”ქართული მწერლობის” ფურცლებზე ასე ვთქვათ, ჩაიდინა. მე ვფიქრობ, ეს იყო პარადოქსული ინტენცია. ეს გახლავთ ფსიქოლოგიური ხერხი, როდესაც ხდება სასურველი აზრის პროვოცირება საწინააღმდეგო აზრის ქადაგებით. მისი ბევრი ოპონენტი ფიქრობს, რომ სწორედ ამ მიზნით იყო დაწერილი ეს წერილი”.

ლევან ბრეგაძე ამბობს, რომ ნიკოლო მიწიშვილი თავისი კრიტიციზმით აგრძელებს იმ ტრადიციას ქართულ აზროვნებაში, რომლის სათავეში დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი დგას და რომელიც მომდევნო საუკუნეებში გამოატარეს ჟამთააღმწერელმა, დავით გურამიშვილმა, ილია ჭავჭავაძემ და აკაკი წერეთელმა. მაგრამ ნიკოლო მიწიშვილის შეფასებისას ძალიან ხშირად ისმის სიტყვა ნიჰილიზმი. კრიტიკოსი თამაზ ვასაძე მიჩნევს, რომ ”მიწიშვილის ნიჰილიზმს იწვევს მოუზომავი პრეტენზიების, ილუზიების გაქარწყლება. ეროვნული ნიჰილიზმი ილუზიების სინამდვილესთან შეუსაბამობას მოსდევს. ილუზიები რომ არ ყოფილიყო, არც ნიჰილიზმი იქნებოდა”.

ბოლო შეკითხვა, რითაც ლევან ბრეგაძეს, კრებულის რედაქტორს მივმართე, შეიცავდა ინტერესს, ნიკოლო მიწიშვილის პოეზიაც ისევე ნიჰილისტური და პესიმისტურია, როგორც მისი ”ფიქრები საქართველოზე”?

[ბრეგაძის ხმა] ”ასეთი პარალელის გავლება შეუძლებელია. არათუ მის პოეზიასთან, სხვა თხზულებებთანაც ვერ გავავლებთ პარალელს. ”ფიქრები საქართველოზე” გამორცეულია, განზე დგას და ამიტომაც ერგო ალბათ ასეთი განსაკუთრებული ბედი. მის მშვენიერ ლექსებს, მშვენიერ პროზას და პუბლიცისტიკას მკითხველი საზოგადოების ასეთი ხანგრძლივი დაინტერესება და ფართო გამოხმაურება არ მოჰყოლია. ესეც უნდა მეტყველებდეს იმაზე, რომ პარალელი არ დასტურდება”.

და მაინც, საუბრის მიწურულს გთავაზობთ ფრაგმენტს ნიკოლო მიწიშვილის ლექსიდან ”ვის უნახავს სამშობლო საქართველოში”. თავად განსაჯეთ, ეხმიანება თუ არა ის ავტორის ტირილს საქართველოზე:

”რადაა საქართველო მარტო გესლი
და მარტო ხიდი,
ან - მისი თესლი
ნათრევი და ხიდზე ნაყიდი.

საქართველო ნისლია და ბურუსი.
ეროვნული სიტყვაა - ღალატი.
იქნება ერეკლემ იძმო რუსი,
რომ ჩაეცვა უცხო ხალათი.

საქართველო უცნაურია
საუკუნეთა დენაში.
იქნებ რუსთაველიც იყო ურია
რომ გაიქცა პალესტინაში.

რა ვქნათ, საქართველო რომ გვაწუხებს
და ჩასობილია ყველაში.
გვიჭერს სიყვარულის მარწუხებს,
მაგრამ -
ვის უნახავს სამშობლო
საქართველოში”.
XS
SM
MD
LG