Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის თემა კვლავ არ ჩამოდის რუსეთის გაზეთების პირველი გვერდებიდან.

თუმცა უნდა ითქვას, რომ, წინა კვირისგან განსხვავებით, ”პოპულისტური” ხასიათის სტატიების პარალელურად, გახშირდა ისეთი პუბლიკაციების რაოდენობაც, რომელთა ავტორებიც შედარებით მშვიდად ცდილობენ არა მხოლოდ პრობლემის მიზეზებზე საუბარს, არამედ მოვლენების შესაძლო პერსპექტივების განჭვრეტასაც. დღეს რამდენიმე ასეთი პუბლიკაციის მიმოხილვას შემოგთავაზებთ.

რამდენად ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, ევროპის სასამართლოში გაასაჩივროს ქართველი მიგრანტების რუსეთიდან მასობრივი დეპორტაციის ფაქტები - ამ თემას ეხება დღევანდელი ინტერნეტგამოცემა ”გაზეტა”, რომელიც მკითხველს განუმარტავს, რომ, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების ევროპული კონვენციის თანახმად, მართლაც შესაძლებელია საქართველომ რუსეთს საქართველოს მოქალაქეების დისკრიმინაციასა და უკანონო დეპორტაციაში დასდოს ბრალი. მაგალითად, კონვენცია მკაფიოდ განსაზღვრავს, რა შემთხვევაში აქვს უფლება სახელმწიფოს, მოახდინოს უცხოელის დეპორტაცია. კერძოდ, დეპორტაცია უნდა მოხდეს დასაბუთებულად და სასამართლოს გადაწყვეტილებით. გარდა ამისა, დეპორტირებულს საშუალება უნდა ჰქონდეს, თავად დაესწროს სასამართლოს, წარმოადგინოს თავისი არგუმენტები და გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში. ”გაზეტას” შენიშვნით, რუსეთის პრესის პუბლიკაციებით თუ ვიმსჯელებთ, დეპორტაციის გადაწყვეტილებას სასამართლოები იღებდნენ, გადაწყვეტილების საფუძველი კი რუსეთის საიმიგრაციო კანონმდებლობის დარღვევა გახდა. ანუ ევროპული კონვენციით დაწესებული სამართლებრივი მოთხოვნები დაცულია. ”თუმცა ის ფაქტი, რომ ერთი კვირის მანძილზე მოსკოვის სასამართლოებმა 600 ქართველის დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღეს, ევროსასამართლოს მიერ ადამიანის უფლებების დარღვევად შეიძლება იყოს შეფასებული,” - წერს დღევანდელი ინტერნეტგამოცემა ”გაზეტა”.
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის, ასე ვთქვათ, ანატომიას უძღვნის საკმაოდ დიდ პუბლიკაციას ყოველკვირეული ჟურნალი ”ექსპერტი”, რომელსაც მიაჩნია, რომ რუსეთი ნებისმიერ შემთხვევაში კარგავს საქართველოს: ”რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ფუნდამენტური პრობლემა ის არის, რომ რუსეთმა არ იცის, რაში სჭირდება საქართველო, რომელიც უზარმაზარი გაჭირვებით ცდილობს საკუთარი სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებას. ერთადერთი საფუძველი რუსეთის პოლიტიკისა საქართველოში - ეს არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაპირისპირება.” ჟურნალის ვარაუდით, საქართველოსთან ურთიერთობა იმდენად გამწვავებულია, რომ მისი გაუარესება უკვე წარმოუდგენელია, მოწესრიგებაზე ფიქრი - დაგვიანებული, ოფიციალური თბილისის ანტირუსული რიტორიკის მოსმენა კი - შეუძლებელი. შესაბამისად, წერს ჟურნალი, მოსკოვმა რუსი ჯაშუშების დაკავების ფაქტი საქართველოსთვის სანქციების დასაწესებლად გამოიყენა. ამით მოსკოვმა ყველას მიუთითა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში ახალი ფაზა დაიწყო - კერძოდ, თუ ადრე კრემლი თბილისის ანტირუსულ რიტორიკას არ უპასუხებდა, ახლა ის თავის ანტიქართულ პოლიტიკას აღარ მალავს. კიდევ ერთი ციტატა პუბლიკაციიდან: “კრემლს აღარაფერი აკავებს, რადგან მას საქართველოში დასაკარგავი აღარაფერი აქვს - ამის გააზრება დასჭირდება როგორც სააკაშვილს, ისე ვაშინგტონს.” შესაბამისად, ჟურნალის დასკვნით, თბილისს გარკვევით უთხრეს, რომ რუსეთი აფხაზებსა და ოსებს გაჭირვებაში არ დატოვებს და რომ, ამ შემთხვევაში, დასავლეთის შესაძლო რეაქცია მას ვერ შეაჩერებს.

XS
SM
MD
LG