Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვან ბაიბურთი - საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი


8 თებერვალი, კვირა
ძალიან მიყვარს ძილი, განსაკუთრებით შაბათ-კვირას. ჩემთვის ეს გამართლებულიც არის, იმიტომ რომ ძალიან გვიან ვწვები, დაახლოებით 3-4 საათზე. ვკითხულობ მხატვრულ ლიტერატურას, გაზეთებს და დილით მეუღლე ძლივს მაღვიძებს, რომ ცხრაზე, ათის ნახევარზე სამსახურში ვიყო.
დღეს ადრე გაღვიძება არ მჭირდებოდა და მაინც ძლივს გამაღვიძა მეუღლემ. მეუბნება, უკვე ოცმა კაცმა დაგირეკაო: ბათუმიდან, ახალქალაქიდან, ერევნიდან, მოსკოვიდან, პარიზიდან... ვიღაც კაცი, როგორც თვითონ თქვა, არგენტინიდან გირეკავსო.
ნალბანდიანი მირეკავდა ბუენოს-აირესიდან, იქაური სომხური სათვისტომოს ხელმძღვანელი. თურმე, სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის არხს უყურებდა, რომელიც თანამგზავრის ანტენით ვრცელდება. უნახავს ჩემი 45-წუთიანი გადაცემა, რომელიც გადის რუბრიკით „ცნობილი სომხები“.
დღეს კიდევ 30-35-მა ადამიანმა დამირეკა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. გახარებულებმა მომილოცეს. ერთმა ზარმა განსაკუთრებით გამახარა. ერევნიდან მირეკავდა სერგეი ჰოვანესიანი. შარშან, სექტემბერში, თბილისის მერის მოადგილესთან, ნიკო ხაჩირაშვილთან ერთად, მიწვეული ვიყავით „ერევნობაზე“ (როგორც ჩვენთან „თბილისობაა“). ერევანს იმ დღეს 2793 წელი შეუსრულდა. ჩვენს დელეგაციაზე მომაგრებული იყო სერგეი, ერთ-ერთი დიდი რაიონის პრეფექტი. სუფრასთან ძალიან გვიტევდნენ აგვისტოს ომთან დაკავშირებით. ვიცოდით, რომ სომხეთში თითქმის ყველა რუსეთის დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ იყო. ვუპასუხეთ, რომ საქმე ისე არაა, როგორც რუსები ამბობენ და კონკრეტულად, ფაქტებით ავუხსენით, რომ რუსების მხრიდან ეს იყო კლასიკური აგრესია, საქართველოს ტერიტორიების კლასიკური ანექსია. ბევრი არგუმენტიც მოვიტანეთ და ვიგრძენით, რომ დაგვიჯერეს. ბოლოს სერგეი მეუბნება: რა ნიჭიერები ხართ ეს ქართველები, რა გამართული სომხურით გვესაუბრებით, ბატონო ვანო, რუსეთის დანაშაულებზე, არმენოლოგი ხომ არ ხართო? ვუპასუხე, წმინდა წყლის სომეხი ვარ, თანაც, თბილისის ერთ-ერთი სომხური სკოლა მაქვს დამთავრებული-მეთქი.
„Не может быть!“ - წამოიყვირა. – „ისე იცავდით საქართველოს, დარწმუნებული ვიყავი, რომ ასე მხოლოდ ნამდვილი ქართველი დაიცავდა თავის სამშობლოს.“ ვუპასუხე, საქართველოს სომხები ყველანი ასეთები ვართ-მეთქი.
აი, მირეკავს სერგეი, ჩემი სატელევიზიო გადაცემის ნახვის შემდეგ, და სიხარულით მეუბნება: „შენ ნამდვილი სომეხი ხარ, ასე რომ გიყვარს საქართველო, კარგად რომ აკეთებ შენი ქვეყნის საქმეს და საქართველოში მცხოვრები ქართველების პრობლემების გადაჭრას ცდილობ!“

9 თებერვალი, ორშაბათი
ცოტა არ იყოს, რუსები რომ იტყვიან, „სუევერნი“ ვარ, ორშაბათობით ვფრთხილობ, რაღაც შარში არ გავეხვე. დაძაბული სამუშაო დღე მქონდა, საღამოს კი ჩემ უნივერსიტეტელ მეგობარს ვსტუმრობდი ვაკეში, დაბადების დღე ჰქონდა.
ვბრუნდები სახლში, საჭეს ვუზივარ. ამ დროს რეკავს მობილური. ვიწყებ საუბარს და პატრულის მანქანაც მაჩერებს. არადა, სანამ ტელეფონით საუბარს დავიწყებდი, უკანა სარკეში გავიხედე, პატრული ხომ არ არის-მეთქი! ეს განათებული ქუჩები მძღოლებისთვის უბედურებაა: პატრულის მოციმციმე ნათურები თითქმის არ ჩანს.
ოჰ, ეს ორშაბათი დღე! თითქმის სამი წელია, პატრულს არ დავუჯარიმებივარ - მასწავლეს დარღვევის გარეშე მანქანის ტარება. თუმცა, პატრულმა კი არ მასწავლა, ჯარიმებმა მასწავლა! პირველი ორი წლის განმავლობაში თითქმის 700 ლარი „შევიტანე“ სახელმწიფო ბიუჯეტში ჯარიმების სახით.
ერთი სიტყვით, მანქანა გავაჩერე და ავიღე სიგარეტი და სანთებელა, რომელიც, პატრულის ნათურასავით, ლურჯი და წითელი ფერებით ციმციმებს. ავანთე ეს ჩემი პერსონალური „მაიაჩოკი“ და თავზე დავიდგი. პატრული გაოცდა და სიცილით მეუბნება: რისი თქმა გინდათ, რომ თქვენ ჩემი კოლეგა ხართ? სხვათა შორის, ჩვენ კოლეგებსაც ვაჯარიმებთ, მაგრამ ასეთ გონებამახვილურ რამეს პირველად ვხვდები და არ დაგაჯარიმებთ, თავისუფალი ბრძანდებითო.

10 თებერვალი, სამშაბათი
ძალიან ცივა. მაგარი ქარია, თოვს, წვიმს... არადა, გუშინ ისეთი თბილი ამინდი იყო, გეგონებოდა, გაზაფხული გვესტუმრაო. მერე გამახსენდა, რომ დღეს სუბსარქისია; როგორც ჩვენ ვამბობთ, გიჟი სუბსარქისი. გამახსენდა რამდენიმე წლის წინათ, გაზეთ „ალიას“ პირველ გვერდზე გამოქვეყნებული სათაური: „ქართველებო ფრთხილად იყავით, ფრთხილად. სომეხი მოდის, სომეხი სუბსარქისი!“ ყველაფერი სწორად ეწერა, გარდა ერთისა: სუბსარქისი ეროვნებით კაპადოკიელი იყო, მესამე საუკუნეში ისიც ქადაგებდა სომხეთში ქრიასტიანობას. დარჩა ამ ქვეყანაში, ისწავლა სომხური და სომხურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. სხვათა შორის, წარმოშობით არც სომეხთა პირველი კათოლიკოსი გრიგოლ განმანათლებელი, ყოფილა სომეხი. მაგრამ სომხებს ეს პრობლემას არ უქმნით.
სუბსარქისის დღესთან დაკავშირებით წავედი მეიდანთან მდებარე სომხურ სუბგევორქის ეკლესიაში და სანთელი ავანთე. სუბსარქისი სომხურ ეკლესიაში სიყვარულისა და შეყვარებულთა მფარველად ითვლება.
საღამოს ვიყავი ირანის საელჩოში, მიღება იყო ირანის ისლამისტური რესპუბლიკის დღესასწაულთან დაკავშირებით. ვნახე დიდი ხნის უნახავი ხალხი. აქვეა სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში. ვეუბნები, ბატონო თემურ, მაღარიჩი თქვენზეა, დღეს დილით გახდით ვიცე-პრემიერი-მეთქი. რა მაღარიჩი გინდაო? ვეუბნები: „აგვისტოს რუსული აგრესიის დღეებში საკაბელო ტელევიზიებმა შეწყვიტეს რუსული არხების გადაცემები და ეს იდეოლოგიურად სავსებით სწორი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ შეწყვიტეს სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის არხის გადაცემებიც. ხალხი გთხოვთ, რომ ერევანი ჩაურთონ, ეს არხი საქართველოს მიმართ სავსეა სიყვარულით და კეთილგანწყობით. გარდა ყველაფრისა, ჩვენმა სომხებმა დაიწყეს ამ გადაცემის გამო სატელიტური „თეფშების“ ყიდვა და არც მე და არც სახელმწიფოს ხელს არ გვაძლევს, რომ მათ გარდა ერევნისა უყურონ რუსეთის დეზინფორმაციას და შხამიან გადაცემებს.
ბატონი იაკობაშვილი დამეთანხმა და დამპირდა, რომ ამ საკითხში აუცილებლად გაგვიწევს დახმარებას.

11 თებერვალი, ოთხშაბათი
ერევნიდან მირეკავს სომხეთის პრეზიდენტის მრჩეველი, ჩემი კარგი ნაცნობი გარნიკ ისაგულიანი. სხვათა შორის, ბებია ჰყავს ფერეიდნელი ქართველი და ძალიან ამაყობს, რომ ქართული სისხლი ურევია. გარნიკას მშობლები წარმოშობით ირანიდან არიან და სომხეთში 50-იან წლებში დაბრუნდნენ. მირეკავს და მეკითხება, ვან, რა ხდება თბილისში, სომხურ ოპოზიციურ მედიაში ხმაურია, ამბობენ, ვითომ თბილისში, ქართველებმა დიდი ოვანეს თუმანიანის სახლ-მუზეუმი გაყიდესო. ხუმრობით ვპასუხობ: ბენდუქიძის საქართველოში ყველაფერი შეიძლება გაიყიდოს, სინდისის გარდა; ყიდვა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერი ქვეყნის ინვესტორს-მეთქი. პასუხად მიყვირის: „ვან, ეს ხომ თუმანიანის სახლ-მუზეუმია, სომხების და ქართველების სიამაყის!“ ვამშვიდებ და ვეუბნები, რომ თბილისში არასოდეს ყოფილა თუმანიანის სახლ-მუზეუმი და არც თუმანიანის მემორიალური ბინა. სოლოლაკში, დავითაშვილის 16-ში, სამსართულიანი საცხოვრებელი სახლია, სადაც დღეს 17-მდე ოჯახი ცხოვრობს. ამ სახლის მესამე სართულზე ცხოვრობდა თუმანიანი. 30-იან წლებში თუმანიანის სამუშაო კაბინეტში რაც იყო, წაიღეს ერევანში და დააარსეს დიდი მუზეუმი, ხოლო ამ კაბინეტში გახსნეს თუმანიანის სახელობის ბიბლიოთეკა. თუმანიანის ოჯახის წევრები ახლაც იქ ცხოვრობენ, სამოთახიან ბინაში. ბიბლიოთეკა მოქმედებდა 2008 წლამდე, მაგრამ მერე ბიბლიოთეკების დახურვის ტალღაში მოყვა და დაიხურა. ბევრი ვიბრძოლეთ, რომ ბიბლიოთეკა დარჩენილიყო, მაგრამ ამაოდ. არადა, რა კარგი იქნებოდა თბილისში ოვანეს თუმანიანის კაბინეტი მაინც შეგვენარჩუნებინა! სერგო ფარაჯანოვის სახლი ხომ დავკარგეთ... დარწმუნებული ვარ, გიგი უგულავას რომ ცოდნოდა, რაღაც გამოსავალს აუცილებლად გამონახავდა.

12 თებერვალი, ხუთშაბათი
ძალიან ვღელავ, დღეს პარლამენტში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნდა მოვიდეს წლიური ანგარიშით. ვღელავ კი იმიტომ, რომ საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში პირველად გაიმართება დებატები პრეზიდენტსა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის.
პარლამენტში ვარ. პრეზიდენტი ძალიან დამაჯერებლად გამოვიდა - მაგარი არგუმენტებით და მისთვის ჩვეული ბრწყინვალე საორატორო ოსტატობით. პრეზიდენტს ასეთი გამოსვლები ეხერდება და ეს წარმატებები მარტო საორატორო ოსტატობით კი არ აიხსნება, არამედ იმითაც, რომ რეალურ ფაქტებს ასახელებს, ქვეყანაში უკვე გაკეთებულ საქმეებზე ლაპარაკობს, რასაც ნებისმიერი ჩვენი მოქალაქე ხედავს - გარდა ოპოზიციისა.
მოხსენების შემდეგ მცირე შესვენებაა და აი, დაიწყო დებატები. მშვენიერი ლაპარაკი იცის გიორგი თარგამაძემ, მეტყველების ოსტატია გიორგი ახვლიდიანი და, სხვათა შორის, სხვებიც. შეტევა მიდის პრეზიდენტზე. ვინც ჩახედულია იმაში, თუ რამდენი რამ გაკეთდა ამ დროის მანძილზე საქართველოში დემოკრატიზაციის მხრივ, სოციალურ-ეკონომიკური, საგარეო თუ შიდა პოლიტიკაში, მაშინვე ხვდება, რომ ოპოზიცია, რბილად რომ ვთქვა, ბევრ რამეში ცრუობს. მიამიტებს კი ჰგონიათ, აი, რა მაგრად ლაპარაკობს ოპოზიცია, რა ჯიგრიანად აკრიტიკებს ხელისუფლებასო! რა კარგია, რომ პირდაპირი ტრანსლაცია მოეწყო! პრეზიდენტის პასუხების არგუმენტირებული იყო და დარწმუნებული ვარ, ამ დებატების შემდეგ ძალიან ბევრი ოპოზიციის სიტყვებს აღარ დაიჯერებს.

13 თებერვალი, პარასკევი
დღეს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო. ვუყურე „კავკასიას“ და „მაესტროს“ და კიდევ ერთხელ გავოცდი: თავისუფალი მედიის ის დოზა, რაც ჩვენთანაა, არსად არ მინახავს! არც საფრანგეთში, არც ამერიკაში, არც ლატვიაში და ესტონეთში. სომხეთში, ამ მხრივ, ვითარება უკეთესობისკენ მიდის, ოპოზიციონერები უკვე გამოჩნდნენ ტელევიზიაში და ეს უკვე სომხეთის ახალი პრეზიდენტის სერჟ სარქისიანის დამსახურებაა.
ერთხელ უკვე ვისაუბრე ჩვენი ქვეყნის სიტყვის თავისუფლების დონეზე და ვთქვი, რომ ის ჰგავს ქალს, რომელსაც „სუპერ-მინი-იუბკა“ აცვია და ყველაფერი უჩანს. შეიძლება, ერთხელ ან ორჯერ ამას სიამოვნებით შეხედო, მაგრამ ყოველდღე?! თუ მედია ჩაიცვამს „იუბკას“ მუხლებამდე, ალბათ, უფრო მიმზიდველი იქნება.

14 თებერვალი, შაბათი
დღეს შაბათია. სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, არაფერი მაქვს გასაკეთებელი. მთლიანად ოჯახის პრობლემებით ვარ დაკავებული. საქმეების სიაში პირველი ჩვენი საყვარელი როკია. არა, არა, როკი მარჩიანო არ გეგონოთ, ეს ჩვენი ინგლისური ტერიერი როკია. გია გვაზავამ, აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატმა, ამ სამი წლის წინ აჩუქა ჩემს უმცროს ბიჭს, გრიშას. მაშინ ჯერ ლეკვი იყო. თავიდან გრიშას უარს ვეუბნებოდით: ვინ მოუვლის, ვინ გაასეირნებს, რას ვაჭმევთ?.. გრიშამ დაიფიცა, რომ ყველაფერს თვითონ გააკეთებდა. უკვე მესამე დღიდან როკი გახდა, როგორც ჩვენი პატარა შვილი. ჩვენ ვაჭმევთ, ჩვენ ვასეირნებთ, აცრაზე დაგვყავს... ისე შევეჩვიეთ, რომ ხანდახან, როცა გრიშა მოდის და გვთხოვს, მე გავასეირნებო, უარს ვეუბნებით. ძაღლზე უკეთესი არაფერია, ტყუილად კი არ ამბობენ: უმჯობესია, მეგობრად გყავდეს ძაღლი, ვიდრე ცუდი კაციო.
XS
SM
MD
LG