Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარინა ჩიტაშვილი - ფსიქოლოგი


29 მარტი, კვირა
ადრე გამეღვიძა. თუმცა, რაღა ადრეა, თბილისის დროით რვის ნახევარია, ანკარაში კი, ზაფხულის დროზე რომ არ გადაეყვანათ, ექვსის ნახევარი იქნებოდა. უცნაურია, როგორ თამაშობს ადამიანი დროით და როგორ არის მასზე დამოკიდებული. კოლეგას დავპირდი, რომ თვისებრივი კვლევის ბლოკს განვაახლებდი, მაგრამ ისე მტკიოდა კუჭი, რომ ვერაფერიც ვერ გავაკეთე. ტკივილმა ღამითაც გამაღვიძა. დღეს სემინარზე, შესვენებების დროს, ერთად გადავხედავთ.
მამაჩემმა გამაფრთხილა, ანკარა საშინელი ქალაქია, ერთი უბედური და მიწურებით სავსე დასახლებაა ცენტრის გარშემოო. 20 წლის წინ ყოფილა გავლით, თურქეთში რომელიღაც კონფერენციაზე თუ შეჯიბრზე იყვნენ. რვასართულიანი სახლებიდან შეშის ღუმელის მილები იყო გამოჩრილიო. სხვებმაც მითხრეს, არაფრად არ ვარგა ქალაქიო. ნეტავ როდის იყვნენ ისინი?
ანკარა მშვენიერი დაბანილ-დავარცხნილი, ევროპული ქალაქია. ბევრად უფრო ემანსიპირებული, ვიდრე სტამბული. ერთი ნაგვის ყუთი არ დგას და ქალაქი პრიალებს. ამდენი თავდაუხურავი ქალი არ მინახავს. 4,5 მილიონია. ესტაკადით შეერთებული ორი ნაწილი, ექვსბილიკიანი ორმხრივი პროსპექტები. ქალაქის შუა ნაწილში, ბაზრის გარშემო, ფერდობებზე შეფენილი ძველი უბანი. აღმოსავლური კოლორიტი აქ ყველაზე მეტად იგრძნობა. ფანტასტიკური საკვლევი ქალაქია ყველა თვალსაზრისით! მერე რა, რომ ღირსშესანიშნაობებიდან ერთი ძველი ციტადელი და ათათურქის მავზოლეუმი აქვთ მხოლოდ. მსოფლიოში ძალიან ბევრი ქალაქია, საერთოდ რომ არაფერი გააჩნია, მაგრამ სულაც არ არის ცუდი და ხალხი მშვენივრად ცხოვრობს. კაფეები სავსეა ახალგაზრდებით. იგივე სოციალური სივრცეა, რაც ნებისმიერ ევროპულ საუნივერსიტეტო ქალაქში. მხიარული გოგო-ბიჭები, ლაღად გადახვეულები, კაფეებსა და ბისტროებში თუ შედარებით იაფასიან რესტორნებში.
თავისუფლების დღიურები - მარინა ჩიტაშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:10:04 0:00

მოღრუბლული ამინდია და ისევ ჩამთვლიმა. თვალი რომ გავახილე, უკვე საკმაოდ გვიან იყო. სწრაფი ტემპით მოვწესრიგდი და ბარგიც ჩავალაგე. ნომერი 12 საათზე უნდა გავათავისუფლო, რადგან დღესვე ვბრუნდებით თბილისში, უშუალოდ შეხვედრის შემდეგ. გაეროს მოსახლეობის ფონდის დაკვეთით ჩვენი ცენტრი გენდერული ძალადობის პროექტში მონაწილეობს და დიდ კვლევას ვატარებთ. შემსრულებლები ორი ორგანიზაცია ვართ: ჩვენ - სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი - და ACT. პროექტი რეგიონულია და მასში ოთხი ქვეყანა მონაწილოებს: თურქეთი, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი. რეგიონლური კოორდინატორი თურქეთია. ეს შეხვედრა ანგარიშის მოსამზადებელ სამუშაოებს ეხება და ფრიად მნიშვნელოვანი და სასარგებლოა. კარგია კოლეგებთან შეხვედრა და ყოვლდღიური სიგიჟეებიდან “მშობლიურ” აკადემიურ სფეროში სრულად გადაშვება.
სემინარზე ყველაფერი გავარკვიეთ და, რაც მთავარია, როგორც იქნა დავლაგდით. მე და სიბილმა ბევრი ვიცინეთ... სულ პირველად, სამუშაოს აღწერილობა რომ წამაკითხეს, გავოგნდი, როდესაც ვნახე, რომ ფოკუსჯგუფების ჩატარებას გაუპატიურებულ და მძიმედ ტრავმირებულ ქალებთან ითხოვდნენ. ასეთი რამ, სულ ცოტა, არაპროფესიულია, რომ არაფერი ვთქვათ ეთიკაზე. ვიკითხე, ეს ვინ სულელმა დაწერა-მეთქი და მითხრეს, თურქმა ექსპერტმაო. ერთი ის ექსპერტი მაჩვენეთ, ვინც ამ ოპუსს წერს და თავი ექსპერტი ჰგონია-მეთქი. სიბილი სწორედ ის ექსპერტი აღმოჩნდა და სანამ მე ჩემს პრეტენზიებს გამოვთქვამდი, დამასწრო და თვითონ განაცხადა, როგორ მაინტერესებს, ეს სისულელე ვინ ჩაწერა სამუშაოთა აღწერილობაში, ოდესმე თუ უნახავს გაუპატიურებული ქალი, და თან ისეთი, საჯაროდ რომ ჰყვება თავის ამბავსო; რამდენი არ ვამტკიცე და ვწერე, ამის გაკეთება არ შეიძლება, მაგრამ ვინ მოგაქცია ყურადღება, გაეროს ექსპერტმა ასე დაწერაო. სიცილი ამიტყდა და ვუთხარი, როგორც მე მიმტკიცებდნენ, რომ ეს შენ დაგიწერია, ისე შენ გიმტკიცებენ, რომ ეს გაეროს ექსპერტის დაწერილია, სინამდვილეში კი რაღაც შეცდომაა გაპარული, რომლის გამოსწორებაც უმარტივესად შეიძლება და რაც საჭიროა ის გავაკეთოთ-მეთქი. მადლობა ღმერთს, საქართველოს მხრიდან პროექტის კოორდინატორი თეა მაისურაძე აზრიანი ქალია და არ ეშინია გადაწყვეტილებების მიღების. თქვა, თუ ორი ექსპერტი ამბობს, რომ ეს სისულელეა, შევცვალოთ და ის გავაკეთოთ, რაც საჭიროაო. დღეს სწორედ ეს კაზუსი უნდა გავასწოროთ და ჩართული დაკვირვებისათვის ადგილები შევარჩიოთ.
სემინარი საინტერესო და სასარგებლო იყო. ოთხ საათში გავიარეთ და დავალაგეთ ყველაფერი. ორშაბათს სიბილს გასწორებული ვარიანტი უნდა გავუგზავნო, რომ გადახედოს. ლანჩზე ვილაპარაკეთ უმაღლესი განათლების სისტემაზე და ჰაჯეთეფეს უნივერსიტეტზე ანკარაში. ისიც გავარკვიეთ, რომ “ერაზმუს მუნდუსში” ანკარის ტექნიკური უნივერსიტეტიც ყოფილა ჩართული და სულ თავისუფლად შეიძლება კოლეგების მოწვევა. რაც მთავარია, შესაძლებელია მონაცემთა ბანკის სერიოზული დამუშავება ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც უკვე პოლიტიკური რეკომენდაციების შემუშავებას კი არ დაისახავს მიზნად, არამედ აკადემიური მნიშვნელობა ექნება. ჩემთვის ეს ბევრად უფრო საინტერესოა.
ბევრი ვიხალისე, როდესაც სომხეთისა და აზერბაიჯანის კითხვარების მოდიფიცირებული ვარაინტები განვიხილეთ. აზერბაიჯანმა ამოიღო მზითვთან დაკავშირებული კითხვები - ეს არ არის აქტუალური ჩვენთან, წარსულის გადმონაშთიაო. სომხებმა გამოაცხადეს, რომ სიმდიდრის ინდექსს ვერ დათვლიდნენ, რადგან თურმე ნუ იტყვით, სომხეთში ყველას ჰქონია ონკანის წყალი სახლში და ტუალეტი გამდინარე კანალიზაციით (სოფლებშიც). გაუგებარია, რა უშლის ხელს ადამიანებს, სოციალურ მეცნიერებებში საქმიანობას რომ იჩემებენ, რაციონალურები იყვნენ და სინამდვილე შეისწავლონ. მახსნედება გასულ კვირასში ცენტრის სტუმრის გიორგი დერლუგიანის, ნორთვესტერნ უნივერსიტეტის პროფესორის, ლექციები და მერე მისი ნათქვამი: სულაც არა ვარ დაინტერესებული, ჩემი წიგნი სომხურად ითარგმნოს; მაშინვე პერსონა ნონ გრატად გამომაცხადებენ არასაკმარისი პატრიოტობის გამოო. არადა, მისი წიგნი - “ბურდიეს იდუმალი თაყვანისმცემელი კავკასიაში: მსოფლიო სისტემების ბიოგრაფია” - 2006 წელს “ტაიმსის” ბიბლიოთეკის წლის წიგნების სიაშია. თუმცა, სომხებისა რა მიკვირს - ქართველმა ინტელექტუალებმა ვერ მოიცალეს დერლუგიანის საჯარო ლექციაზე მოსასვლელვად და დარბაზი სავსე იყო უცხოელებით.
ნამდვილად პარადოქსების მხარეა კავკასია! იგივე ითქმის მის რეგიონულ კურატორ თურქეთზეც, ყოველ შემთხვევაში, გაეროს პერსპექტივიდან კვლევებს რაც ეხება, და თან ისეთ საკითხზე, როგორიცაა გენდერი და მასთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავება.
სემინარი დაგეგმილზე ადრე დამთავრდა და აეროპორტში წასვლამდე კიდევ ორი საათი დარჩა, რომელიც მე წარმატებით გამოვიყენე იმეილით მოსული გზავნილების საპასუხოდ, მერე კი ვკითხულობდი ნანა დევდარიანის წიგნს “ლერწმის სტრატეგია”.
მშვენიერია, ვერაფერს იტყვი! მაქს ვებერთან მიმართებაში კი ვერაფრით დავეთანხმები ჩემი ბავშვობის მეგობარს, მაგრამ თბილისში რომ ჩავალ, აუცილებლად ვეტყვი ჟურნალისტებს, რომ მოიწვიონ და ერთი შეხვედრა გაუმართონ სტუდენტებთან ერთად. ცოცხალ მაგალითზე ვაჩვენოთ, რას ნიშნავს განათლებული ჟურნალისტი და თანამედროვე პუბლიცისტიკა. ძალიან კარგია. გილოცავ, მეგობარო!
თვითმფრინავმა 45 წუთით დააგვიანა ანკარიდან გამოფრენა და სტამბული-თბილისის რეისს ძლივს მივუსწარით. კიდევ კარგი, გიორგიმ ჩანთა გამომტაცა და ისე მიქროდა. კარგი ახალგაზრდები არიან ჩვენი პარტნიორები. სოფო ჩაჩანიძე და გიორგი რატიანი მშვენიერი კომპანია იყო სამდღიან მარათონში სამუშაოდ თუ აეროპორტებში სარბენად. აბსოლუტურად წყნარად ვარ. ვეცდებით, თურქეთს ტოლი არ დავუდოთ კვლევის აკადემიურობაში.
სახლში, ფაქტობრივად, დილის 4 საათზე, ანუ ორშაბათს მივედი. დედას გაეღვიძა და გამომხედა. მადლობა ღმერთს, კარგად დამხვდნენ ორივენი.

30 მარტი, ორშაბათი
დილას თერთმეტისთვის ავდექი და, როგორც ყოველთვის, დედას ჩავაცვი ელასტიური წინდა. სისხლძარღვოვანი დაავადება გაუმწვავდა და სამი დღეა, პარასკევიდან, ჩემი არყოფნის გამო მარტო თვითონ ვერ ჩაიცვამდა. ფეხი შესიებული აქვს. კიდევ კარგი, ქალაქში არსებობს სრულიად არაჩვეულებრივი ანგიოლოგი დავით ფარღალავა - მისი მკურნალი ექიმი - და უკვე მერამდენედ ბოლო 11 წლის მანძილზე, მისი გადამრჩენი, რომელსაც მე, მისი (დედაჩემის) ჭკუის ექიმს ვეძახი. გაოგნებული ვუყურებ ხოლმე და მიკვირს, როგორ ახერხებს ეს ადამიანი, ყველა კაპრიზი შეუსრულოს ქალბატონ თამარს და თან ყველა კრიტიკული სიტუაციიდან გამოიყვანოს. დათოსთან მიმართებაში სულ ჩეხოვი მახსენდება.
არ ვიცი, ახლა მოდაშია თუ არა ჩეხოვის ხსენება. პოლიტიკური კონიუნქტურა ხომ არ დავარღვიე? ალბათ, ჯობდა რამე სხვა მაგალითი მომეყვანა. მაგალითად, განახლებული სიღნაღის მუზეუმში დაცული ფიროსმანის “სოფლის ექიმი” (სრულიად გენიალურია, ცხადია, ფიროსმანი!), მაგრამ ასოციაციებს ვერ უბრძანებ.
ორი საათისათვის უნივერსიტეტში მივედი. თანამშრომლებს ბოდიში მოვუხადე, რომ თურქული ტკბილეული ვერ ჩამოვუტანე. მერე პროექტის მონახაზი მაჩვენა ნანიმ და შევთანხმდით პარტნიროებისათვის შესათავაზებელ ვარიანტზე. პროექტი ისევ ქალებს ეხება, კერძოდ საკუთრების უფლებებს. ახალგადასულები ვართ უნივერსიტეტის შენობაში და ჯერ ბოლოდე ვერ დავლაგდით, თუმცა მცირედად მაინც მოვწესრიგდით. ბიბლიოთეკა ჯერ არ ამუშავებულა, კომპიუტერები ასაწყობია და საწყალმა ვასო ბარბაქაძემ აღარ იცის, რამდენად გაიჭრას. მანანა არ არის - ქმარს ოპერაცია გაუკეთა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ოთხშაბათს გამოვა. მაკო (ადმინისტრაციული დირექტორი) რომ არ მყავდეს ცენტრში, არ ვიცი რა მეშველებოდა. ნამდვილად კარგი თანამშრომლები მყავს, თუმცა ხანდახან თავს ვერ ვაკონტროლებ და მათგან კიდევ უფრო მეტს მოვითხოვ. მერე ჩემს თავს ვახსენებ: “შენგან განსხვავებით, მათ სხვა პრიორიტეტებიც აქვთ.” ვატყობ, უკვე თავს ვარიდებ იმაზე ფიქრს, რატომ ვერ გავანაწილე პრიორიტეტები: სახლი, სამსახური, ოჯახი. ჩემს დედისერთობას ვაბრალებ, არასდროს შემიწუხებია თავი, დამეთმო თავისუფლება. მეგონა, თავისუფლებას არ ჰქონდა მედლის მეორე მხარე. ვცდებოდი. არ მეპატიება - ფსიქოლოგს ეს არ უნდა დამმართნოდა. ახლა უცებ მერაბ მამარდაშვილი გამახსენდა: ნუ ავაგებთ კონსტრუქტს - “ეს რომ ასე მომხდარიყო, მაშინ...” უაზრობაა, ამოვიდეთ იქიდან, რაც არ არის. ჰოდა ამოვიდეთ იქიდან რაც არის...
დათქმულ შეხვედრაზე საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციაში დამაგვიანდა. კოლეგები მელოდებოდნენ. ახალი იდეა და ერთობლივი სამუშაო: კოგნიტურ-ბიჰევიორალური თეორიისა და პრაქტიკის დაფუძნება საქართველოში. უკიდურესად სასიამოვნო ხალხია ეს ფსიქიატრები: მანანა შარაშიძე, არჩილ ბეგიაშვილი, ქეთევან აბდუშელიშვილი, მარინა კურატაშვილი, ნათია ბადრიშვილი (ეს ფსიქოლოგია და თანაც ჩემი ყოფილი სტუდენტი, რომელმაც მითხრა, რომ დღესაც აღფრთოვანებულია ჩემი ლექციებით. ვიგრძენი, შიგნიდან როგორ გავიბერე და გავიფურჩქნე. აი, რას ნიშნავს, მუდმივად რომ ცოცხალია შენში ბავშვი, რომელსაც შექება სიამოვნებს და როგორც უნდა დაფაროს, შენიშვნა სწყინს).
სახლში რომ დავბრუნდი, მამა უკვე იწვა. დედამ მითხრა, წელი აწუხებსო. რაც თურქეთიდან ჩამოვედი, არ მინახავს. კუჭი უკვე ისე მტკივა, რომ ხვალ ექიმთან თუ არ წავედი, ჭკუიდან შევიშლები. ადრე დავწექი. ნამგზავრსა და დაღლილს მაშინვე ჩამეძინა.

31 მარტი, სამშაბათი
დილას, როგორც იქნა, ვნახე მამაჩემი და ანკარის შთაბეჭდილებები მოვუყევი. თავი გააქნია და მითხრა, როგორც ხედავ, ოც წელიწადში შესაძლებელია გააკეთო ის, რასაც გინდა რომ ჰგავდეო.
უნივერსიტეტში ორი შეხვედრა მქონდა. მერე წავედი ექიმთან, რომელმაც მითხრა, სამი კვირა წამლებსა და დიეტაზე თუ არ იქნებით, თორმეტგოჯას წყლული ჩამოგიყალიბდებათო. იმწამსვე გავიქეცი წამლების საყიდლად და მკურნალობას შევუდექი. დამირეკეს “კავკასიიდან” და ექსპერტის როლში მიმიწვიეს გადაცემა “ბარიერში”. დავთანხმდი, რადგან ია ანთაძეს გაუწევია რეკომენდაცია და იას ვერ დავაღალატებდი. თანაც, მეორე სტუმარი ზურა მხეიძე უნდა იყოს, ფსიქოლოგიო. რამდენი ხანია, არ მინახავს. დაველაპარაკები მაინც.
ზურამ დამირეკა და მითხრა, რას შვრებიო, მთელი დღე ლექციები მაქვს და არც ნორმალურად მაცვიაო. დავამშვიდე: მე და შენ ექსპერტები ვართ და გამოპრანჭვა არ გვჭირდება-მეთქი. აღმოჩდა, რომ მასაც იმავე მიზეზით უთქვამს თანხმობა, რა მიზეზითაც მე: ია ანთაძე (შეუვალი ავტორიტეტი) და ჩემი ნახვის სურვილი...
სახლში გამომიარა და ერთად წავედით. გვიან დავბრუნდი.
ჰო, მართლა: აქამდე მეგონა, რომ “კავკასიას” ჩვენი ტელევიზორი არ აჩვენებდა. მშობლებმა იმდენი აწვალეს, რომ მე-17 არხზე აღმოაჩინეს და ბოლოსკენ უყურეს. გულდაწყვეტილები იყვნენ, ვერ გიყურეთო. ვუთხარი, ხვალ გაიმეორებენ და მაშინ მიყურეთ-მეთქი.
მაინც, რა არის მშობელი! ყოველდღე მიყურებენ 51 წელია და ტელევიზორში რომ არ მიყურონ, მებუტებიან.
ხვალ მძიმე დღე მაქვს, უნდა დავიძინო.

1 აპრილი, ოთხშაბათი
ეს ჩემი საკონსულტაციო დღეა და მივდივარ სამედიცინო-დიაგნოსტიკურ ცენტრში. ოთხი კლიენტი უნდა მოვიდეს და ოთხის ნახევარზე დავამთავრებ. ვიცი, გამოწურული ლიმონივით ვიქნები.
მეოთხე არ მოვიდა. დამირეკა, ვერ მოვდივარო.
სადისერტაციო საბჭოს სხდომა იყო. მორიგი დისერტაციების გრაფიკი დავამტკიცეთ და პარალელურად მოვისმინეთ კარნეგის სტიპენდიების პროგრამის პრეზენტაცია კავკასიის კვლევის სარესურსო ცენტრიდან - ქრიტინა და ნანა იყვნენ. მითხრეს, კობა 10 აპრილს ჩამოდისო. ძალიან დაგვაკლდა ცენტრში თურმანიძე და, რაც მთავარია, სტუდენტები ელოდებიან.
ბედნიერებაა! სახლში ადრე მივედი და საჭმელი დროზე ვჭამე. კუჭი ნაკლებად მტკივა. თამარას ანალიზები წესრიგში აქვს. მამაჩემი შილდაში წასასვლელად ემზადება - ბიცოლაჩემის ორმოცია ხვალ. მე და დედა სახლში ვრჩებით.
გვიან დამირეკეს და მითხრეს, რომ რექტორის დავალებით ხვალ თერთმეტის 15 წუთზე “ქართუ ჯგუფში” უნდა ვიყო ჩვენი კამპუსის თაობაზე. არადა, ლექცია მაქვს ათზე. დავურკე მაგისტრს და გადავიტანე შაბათისათვის. ძალიანაც არ მინდოდა, მაგრამ ვერაფერს ვიზამ, ხანდახან ხალხშიც უნდა გამოვჩნდე, თორემ აქამდე ასე ჩუმად ყოფნა კოლეგებმა აღიქვეს, როგორც ჩემი არაკომუნიკაბელურობა. დროა, სტერეოტიპებს დაემშვიდობონ. მე აღმართი ავათავე, პატარა პლატო მაქვს გასავლელი, ასე ათწლიანი, და მერე დაღმართიც იწყება. აღარ ვაპირებ, ისევ თავდახრილმა ვაკეთო საქმე ჩემსა და სხვის მაგიერ. დროა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. საჯაროობა და ხალხში გასვლა საამისოდ პირველი წამალია.

2 აპრილი, ხუთშაბთი
“ქართუ ბანკში” შეხვედრა სამ საათს გაგრძელდა. შეხვედრა ძირითადად კამპუსის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას და ტენდერისთვის მზადებაზე საუბარს დაეთმო. ყველა ფაკულტეტიდან ვიყავით წარმომადგენლები. რექტორიც იყო, ცხადია. ტენდერის მოსამზადებელი ჯგუფის კითხვებზე ვერაფერი ვუპასუხეთ, რადგან პირველად იქ მოვისმინეთ, რაც აინტერესებდათ. კოლეგის წინადადება სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ ჰაერში დარჩა გამოკიდებული. დიდი ინიციატივებით თავი არ მომიკლავს, მაგრამ ერთი კი ვუთხარი: აკრედიტაციის სამსახურის კვადრატული მეტრები გაითვალსწინენეთ-მეთქი. ამ კვირას ვებგვერდს აქაურ კოორდინატორს გადავუგზავნი. ისევ მთლიანად უცხოელების იმედი აქვთ და ჩვენ, ანუ აქაურებს, არ გვენდობიან. ჯონ მაიერისა და ჩემი დიალოგი გამახსენდა სტენფორდში. ჯონმა მითხრა: ვერ გამიგია, რატომ სჯერა ჩემს მთავრობას, რომ სასტუმროს ვესტიბიულში ხალიჩის დაგება საქართველოში არავინ იცის და ამისათვის უცხოეთიდან ექსპერტი უნდა ჩაიყვანო, ტრენინგი ჩაატარებინო და ფული გადაუხადოო.
ჩვენი აეროპორტის სამჯერ გადახდილი სახურავიც იმის დასტურია, რომ სულ არ არის საჭირო, დასახმარებლად ყოველთვის უცხოელებს მიმართავდე.
ხუთ საათზე გენდერის სასწავლო პროგრამისათვის ორი ახალი კურსის პრეზენტაცია მოვისმინეთ. აკადემიური სტიპენდიების პროგრამამ კონკურსი გამოაცხადა და დაიწყო რეკომენდაციების სათხოვნელად “ქართული ხალხური ეროტიკის” მანიფესტირება: “ერთი ბარტყი გადმომიგდე!”. რა მოხდა, რომ რეკომენდაცია დაწერო სრულიად უცხო ადამიანზე? არც არაფერი - აქ. იქ, დასავლეთში, ამას არავინ აკეთებს. ჰოდა, ხომ ვართ დემოკრატიის შუქურა? სწორედ ამიტომ, დემოკრატიისა და კონსენსუსის, აკადემიური თავისუფლების სრული დაცვისათვის მაქვს დანიშნული ცენტრში ორი მოხსენება სარეკომენდაციო წერილის მისაღებად. მაინც, ცოტა ოჯახურ ბიზნესს ჰგავს - მომხსენებლები დები არიან.
ნამდვილად ვისიამოვნე მოხსენებებით და ნამდვილად შენაძენი იქნება, თუ დაფინანსებას მიიღებენ. შეხვედრა ცოტა ხნით კიდევ გაგრძელდა - უკვე სარეკლამო ბანერის დიზაინს ვარჩევდით. მგონი, რაღაცას დაემსგავსა და ნორმალური იქნება. ყოველ შემთხვევაში, ხუთი სასწავლო გრანტი აქვს გენდერის პროგრამას და იმედი მაქვს, კარგი სტუდნეტები მოვლენ.

3 აპრილი, პარასკევი
დილით სამსახურში, მერე - ჭავჭავაძის უნივერსიტეტში, კავკასიის კვლევის სკოლის გახსნაზე. ბევრი ნაცნობი ვნახე. საღამოს - თავისუფალი აზრის სახლში. ისევ დებატები 9 აპრილზე. ისევ ბევრი ნაცნობი და უფრო მნიშვნელოვანი ახალი სახეები და საინტერესო აზრები. ზოგჯერ - არასაინტერესო, განსაკუთრებით ნაცნობებისაგან.
პირდაპირ გაგიჟდები, რა პოპულარული გავხდი “კავკასიაზე” გამოსვლის შემდეგ???!!!
მართალი თქვა რაიმონდ ბლეიკმა, ლონდონის ჯგუფური ანალიზის ინსტიტუტის ერთ-ერთმა კოლორიტმა საქართველოში ყოფნისას 1997 წელს, როდესაც მთხოვა, ისეთი რაკურსით მაჩვენე ქართლის დედა, რომ მთელი პანორამა დავინახოო. მეც წავიყვანე და ბარათაშვილის ხიდის იქიდან შევახედე. საკმაო ხანს უყურა, მერე თავის კოლეგას მიუბრუნდა და უთხრა: “გრემ, დაიმახსოვრე, საქართველო საუკეთესო ადგილია მამაკაცთა ნარცისიზმისათვის”. მას შემდეგ ეს ფრაზა ხშირად მახსენდება. და კიდევ ერთი ფრაზა, რომელიც უკვე მე ვუთხარი ჩემს კოლეგებს იმავე სხდომაზე, როდესაც ისინი მისიონერობისა და მენტორობის რისკ-ფაქტორებს ითვლიდნენ, თუ აღმოსავლეთ ევროპაში სწავლებას დაიწყებდნენ. მათი პრობლემა იყო, როგორ მოვახერხოთ, რომ მასპინძლების მიმართ რაციონალურობა და კრიტიკულობა შევინარჩუნოთო. ამ დებატებს იმდენი დრო დაეთმო, რომ ვერ მოვითმინე და ვუპასუხე: მისიონერების მხოლოდ ქალწულებს სჯერათ-მეთქი.
რას წარმოვიდგენდი, რომ ასე ცუდად მიყივლებდა ენა - ოცი წლის შემდეგ კვლავ გვჯერა გამოცხადების და სასწაულის. პარადოქსი ისაა, რომ ამას ველოდებით პოლიტიკურ სფეროში. აი, ზუსტად ისე, როგორც ერთ დღეს მოიქცა ათეიზმის დროშის მოფრიალე ხალხი მორწმუნე მრევლად. თუკი რელიგიური მოქცევის თვალსაზრისით ასეთი რამ შესაძლებელია, პოლიტიკური სფერო მას, უბრალოდ, გამორიცხავს.
რა მოხდება 9 აპრილს? კითხვა, რომელიც ტვინს უბურღავს ახლა ქართველებს. პასუხი ნამდვილად არ ვიცი. შედეგი კი ზუსტად ვიცი: 6 სიტყვა, რომელშიც ერთმა ქართველმა ჩაატია მთელი ეგზისტენციალიზმი.
“დგანან და ელიან. უსაზღვროა მათი მოლოდინი”.

4 აპრილი, შაბათი
დილით მამას დავურეკე. მითხრა, სოფელში ყოფნას არაფერი ჯობიაო. ეზოც ისეთი კარგიაო... ვიცი-მეთქი, ვუთხარი და ალალად მომინდა შილდაში აივნიდან შემეხედა ნისლსა და ღრუბელში გახვეული კავკასიონისათვის (დღეს ღრუბლიანი დილაა და ცოტა ცრის), საცალფეხოთი ექვს საათში დაღესტანში რომ გადაგიყვანს. მე არ ვყოფილვარ. პაპა მანამდე დაბრმავდა, სანამ დანაპირებს ამისრულებდა, ყონაღებთან გადაგიყვან ცხენითო.
წავედი ლექციაზე უნივერსიტეტში. უნდა აღვადგინო. მერე კი, თუ მოვასწარი, დღიურს გადავხედავ, რომ მართლწერა, რაც შემიძლია, გავასწორო. საშინელებას ხომ არ მივიტან “თავისუფლებაში”?!
XS
SM
MD
LG