Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პლანეტების შესაძლო შეჯახება?


მზის სისტემაში პლანეტების მოძრაობა საათივით აწყობილს ჰგავს. მაგრამ ეს შთაბეჭდილება მაცდურია. პლანეტები თავიანთი მიზიდულობით ერთმანეთის მოძრაობის ორბიტებზე გავლენას ახდენენ და შეიძლება მთელი სისტემა ქაოსამდე მიიყვანონ.

ფრანგი მეცნიერები ჟურნალ “Nature”-ში აქვეყნებენ მზის სისტემის მომავლის დეტალურ სიმულაციებს. ამ გამოთვლების თანახმად, რამდენიმე მილიარდი წლის შემდეგ შესაძლებელია მერკურს, ვენერას, დედამიწასა და მარსს შორის შეტაკებები, მაგრამ, საბედნიეროდ, ასეთი კატასტროფის შანსი არც ისე დიდია.

პარიზის ობსერვატორიის თანამშრომელმა ჟაკ ლასკარმა უკვე შარშან აჩვენა, რომ მერკურისა და იუპიტერის მოძრაობის რეზონანსი მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე პლანეტის ორბიტას სულ უფრო და უფრო აგრძელებენ და ამან შეიძლება ვენერასთან მისი შეჯახეა გამოიწვიოს. მაგრამ, როგორც ასტრონომი ამბობს, ეს გამოთვლები არ არის ზედმიწევნით ზუსტი. თავის კოლეგასთან, მიკაელ გასტინოსთან ერთად მან მზის სისტემის მომავლის 2501 უკიდურესად ზუსტი სიმულაცია ჩაატარა. ყოველი ამ სიმულაციის ამოსავალი წერტილია წინა სიმულაციით მიღებული მონაცემები, რომლის მიხედვითაც, მერკურის საწყისი პოზიცია მხოლოდ ერთი მეტრით არის გადახრილი.

ჩატარებული ცდების ერთმა პროცენტმა აჩვენა, რომ მერკურის ორბიტა იუპიტერის ზემოქმედებით ისე გადაიხრება, რომ სხვა პლანეტების ორბიტებთან გადაიკვეთება და ამგვარად მზის სისტემის დესტაბილიზაციას ახდენს. ამის შედეგად მერკური შეიძლება მზეში შთაინთქას ან ვენერას შეეჯახოს.

მაგრამ წარმოქმნილმა ქაოსმა შეიძლება დედამიწაზეც მოახდინოს გავლენა. ერთ-ერთი სიმულაციის მიხედვით, დაახლოებით 3,3 მილიარდი წლის შემდეგ დედამიწა და მარსი უკიდურესად მიუახლოვდებიან ერთმანეთს. ეს შემთხვევა ლასკარმა და გასტინომ განსაკუთრებით გულდასმით გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ ამ მიახლოებას შეიძლება შეჯახება მოჰყვეს როგორც დედამიწასა და მარსს, ისე დედამიწასა და ვენერას ან დედამიწასა და მერკურს შორის. კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ მარსი საერთოდ ამოვარდეს მზის სისტემიდან.


ზიზღი და პოლიტიკური ორიენტაცია

„დიდი ხანია, ცნობილია, რომ ჩვენი მორალური ღირებულებები ხშირად ჩვენი ემოციებით იმართება“, ამბობს დევიდ პისარო კორენლის უნივერსიტეტიდან. „როგორც ჩანს, ზიზღია ერთ-ერთი ის გრძნობა, რომელიც მორალურ განსჯაზე ახდენს გავლენას.“ მისარომ და მისმა კოლეგებმა თავიანთი გამოკვლევისთვის 181 ზრდასრული ადამიანი შეისწავლეს შეერთებული შტატების მოსახლეობის პოლიტიკურად კონსერვატული და ლიბერალური ორიენტაციის მქონე ნაწილებიდან. საცდელ პირებს მათ ინდივიდულური „ზიზღის ზღვარი“ დაუდგინეს ე.წ. "Disgust Sensitivity Scale"-ის, ან „ზიზღის მიმართ მგრძნობიარობის შკალის“ მეშვეობით.

აღმოჩნდა, რომ თვალსაჩინო კავშირი არსებობს ზიზღის დაბალ ზღვარსა და პოლიტიკურ კონსერვატულობას შორის. ეს განსაკუთრებით აშკარა იყო ჰომოსექსუალებისა და ლესბოსელების მიმართ დამოკიდებულებაში: ვისაც იოლად უჩნდება ზიზღის გრძნობა, ის ჰომოსექსუალური კავშირებისა და ჰომოსექსუალებისა და ლესბოსელების ოფიციალური პარტნიორობის წინააღმდეგი იყო.

მეცნიერთა გამოკვლევები ასევე აჩვენებს, რომ ლიბერალები და კონსერვატორები ვერ თანხმდებიან იმაში, შეიძლება თუ არა ზიზღი დამოუკიდებელი არგუმენტი იყოს მორალური განსჯისას. კონსერვატორები ამტკიცებენ, რომ „შინაგანი სიბრძნე“ ამართლებს ზიზღის გამო რაღაცის უკუგდებას მაშინაც, როცა არ არსებობს სხვა დამაჯერებელი არგუმენტი. ლიბერალები კი ეწინააღმდეგებიან ამ მოსაზრებას. მათ სურთ, იმის მიხედვით განსაჯონ, მართლაც ზიანის მომტანია თუ არა განსასჯელი მოვლენა.

მეცნიერთა თანახმად, როცა ადამიანებს მიაჩნიათ, რომ მათი პირადი ზიზღის გრძნობა საკმარისია საიმისოდ, რომ რაღაცა უკუაგდონ, ამას შეიძლება ტრაგიკული შედეგი მოჰყვეს. ვინც ასე ფიქრობს, იმისთვის შეიძლება გამართლებული იყოს გარკვეული უმცირესობების წინააღმდეგ გალაშქრება, ვინაიდან ისინი, მათი აზრით, ზიზღის აღმძვრელ თვისებებს ატარებენ. „ზიზღს მართლაც აქვს საზრისი, ვინაიდან ის დაავადებებისგან გვიცავს,“ ამბობს პისარო. „მაგრამ ის არ შეიძლება მორალური განსჯის საგნად იქცეს. ამიტომ ფხიზლად უნდა მივადევნოთ თვალი, სინამდვილეში რა როლს თამაშობს ზიზღი ჩვენს ცხოვრებაში.“
XS
SM
MD
LG