Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსი დეპუტატები საქართველოში


სერგეი მასკევიჩი (მარცხნივ), ბელორუსიის ეროვნული კრების დელეგაციის ხელმძღვანელი და დავით ბაქრაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
სერგეი მასკევიჩი (მარცხნივ), ბელორუსიის ეროვნული კრების დელეგაციის ხელმძღვანელი და დავით ბაქრაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ბელორუსიის ეროვნული კრების დელეგაციის ხელმძღვანელი სერგეი მასკევიჩი კმაყოფილია თბილისში გამართული შეხვედრებით. დღეს ბელორუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენ-მასწავლებლებსა და საპარლამენტო ოპოზიციას შეხვდებნენ.

4 საათზე დაგეგმილია შეხვედრა ქართულ სამთავრობო დელეგაციასთან გორში. ბელორუს დეპუტატებს ქართულ-ოსურ პრობლემებზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბოკერია და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი შეხვდებიან. სერგეი მასკევიჩის განცხადებით, მნიშვნელოვანია იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამიასთან შეხვედრა არ შედგა.

ბელორუს დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ დელეგაცია საკმაოდ დელიკატური მისიით არის ჩამოსული და ამიტომ ქართველი დეპუტატები მაქსიმალურად ცდილობენ, ისინი ქართული მხარის სიმართლეში დაარწმუნონ. მისივე თქმით, აქცენტი გაკეთდა იმ გარემოებაზე, რომ საკითხი არ დგას საქართველოსა და რუსეთს შორის არჩევანზე, არამედ საკითხი კანონიერებასა და უკანონობას, ძალადობასა და მშვიდობას შორის არჩევანს ეხება.

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, რომ ბელორუსიის წინააღმდეგ ხორციელდება სერიოზული ზეწოლა რუსეთის მხრიდან, რათა ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ერთეულებად აღიარონ, თუმცა ბელორუსია ცდილობს, დიპლომატიურ მანევრებს მიმართოს, რათა არ მოუწიოს მძიმე გადაწყვეტილებების მიღება.

ბელორუსი დეპუტატები ქართველ ოპოზიციონერ დეპუტატებთან შეხვედრისას კონფლიქტურ რეგიონებში არსებული ვითარებით დაინტერესდნენ.

ბელორუსიას გადაწყვეტილება აქვს მისაღები საქართველოს კონფლიქტური რეგიონების აღიარებასთან დაკავშირებით.

საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრების გარდა, ბელორუსი დეპუტატები ოკუპირებულ რეგიონებში ჩასვლასაც გეგმავენ.
XS
SM
MD
LG