Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაკურ სულაკაური - გამომცემელი


25 ოქტომბერი, კვირა
მრავალი წელია, დღიურები არ დამიწერია, თან ამ ნაწერს არც ვთვლი დღიურად, რადგან დღიური საკუთარი თავისათვის იწერება, ახლა კი იმისათვის ვწერ, რომ რადიოში სხვებს წავუკითხო. შესაბამისად აქ ვერ მოხვდება მრავალი ისეთი რამ, რასაც მხოლოდ საკუთარი თავისათვის დავწერდი.
რადგან ძილი ძალიან მიყვარს, მაგრამ, ამავე დროს, საკუთარ თავს დიდხანს ძილის უფლებას არ ვაძლევ ხოლმე, კვირადღე ის ერთადერთი გამონაკლისია, როცა შემიძლია ჩვეულებრივზე მეტი ვიძინო, ანუ გავიღვიძო 10-11 საათისათვის. ამჯერადაც ასე მოხდა. ამინდი შესანიშნავი იყო. მზე ჩახჩახებდა და ოთახებში ისეთი სინათლე შემოდიოდა, რომ ამან გაღვიძებისთანავე კარგ გუნებაზე დამაყენა. მით უმეტეს, რომ არაფერი შეედრება საუზმობას მაშინ, როცა არსად გაგვიანდება, უფრო მეტიც, წასასვლელიც არსად ხარ და შეგიძლია, ნება-ნება სვა ჩაი.
დღეს ღირსშესანიშნავი არაფერი მომხდარა.
თავისუფლების დღიურები - ბაკურ სულაკაური
please wait

No media source currently available

0:00 0:11:01 0:00

26 ოქტომბერი, ორშაბათი
დილით, ჩვეულებისამებრ, ადრე გავიღვიძე. ბავშვები, კერძოდ ნიკა და ანა, მე მიმყავს სკოლაში. ეს ძალიან მოსახერხებელია ჩემთვის, რადგან სკოლა, სადაც ისინი სწავლობენ მე მეკუთვნის. ამჯერად ჩვეულებრივისაგან განსხვავებული მარშრუტი ავირჩიე, რადგან უნდა შევხვედროდი ერთ შვედ ყმაწვილს, სახელად ერიკ ეკედალს. იგი რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა თბილისში ველოსიპედით შვედეთიდან, საიდანაც 7 თვის წინ გამოემგზავრა. მომავალი 4 წლის განმავლობაში აპირებს, დედამიწას გარს შემოუაროს. ერთი სიტყვით, შვედი ჯუმბერ ლეჟავაა. ამ რამდენიმე კვირის წინ მისგან იმეილი მივიღე, სადაც მაცნობდა თავისი მოგზაურობის მიზანს, აგრეთვე იმას, რომ საკმაოდ მცირე ბიუჯეტით უწევდა მოგზაურობა და გამოზამთრებას თბილისში აპირებდა და მთხოვდა, რაიმე სამსახური მეშოვნა მისთვის, ვთქვათ, ინგლისურის მასწავლებლად ანდა ფოტოგრაფად რომელიმე ჟურნალში.
მე შევთავაზე, ჩვენ სკოლაში ინგლისური ენის დამატებითი გაკვეთილები ჩაეტარებინა და, გარდა ამისა, შვედეთის საპატიო საკონსულოსთან გახსნილ შვედური ენის კურსებზე დამწყებთა ჯგუფს გასძღოლოდა. ერიკი სიხარულით დამთანხმდა და აი, ორშაბათ დილას შევხვდით, რათა 9 საათზე ერთად მივსულიყავით სკოლაში.
ერიკი რამდენიმე გაკვეთილს სამშაბათობით ჩაატარებს, დღეს კი უბრალოდ დაათვალიერა სკოლა და ჩვენი ინგლისურის მასწავლებელს დაესწრო გაკვეთილზე.
ერიკი სკოლაში დავტოვე და გამომცემლობისაკენ გავეშურე. როგორც წესი, ორშაბათობით გაცილებით მეტი საქმე გროვდება ხოლმე, ვიდრე სხვა დღეებში. ამის მიზეზი ვერ ავხსენი და ამიტომ კარგა ხანია, უბრალოდ, შევეგუე ამ ფაქტს.
საღამოსკენ, 5-ის ნახევარზე, შეხვედრა მქონდა დანიშნული. ოფისში უნდა მოსულიყვნენ მანანა თანდაშვილი, ზაზა ბურჭულაძე და დათო ქართველიშვილი. ვინაიდან ამას წინათ ამ ორი მწერლის ვიზიტი გერმანიაში კურიოზული მიზეზით ჩაიშალა და მანანას მიერ ორგანიზებული მათი შეხვედრა ფრანკფურტის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტებთან, შესაბამისად, ვეღარ შედგა, ამჯერად საქართველოში ჩამოსული მანანა თანდაშვილი ზაზას და დათოს ჩვენს ოფისში უნდა შეხვედროდა და უნდა გვესაუბრა, ხელახლა როგორ მოგვეგვარებინა მათი ვიზიტის ამბავი.
დათო ავად გახდა და ვერ შემოგვიერთდა, ამიტომ სამნი შევიკრიბეთ ჩემს ოთახში. ზაზას ახალი რომანი, რომელსაც ჰქვია „ადიბას“ და რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა და უკვე სკანდალურის რეპუტაციით სარგებლობს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის თემაზეა შექმნილი. მანანამ შემოგვთავაზა, ფრანკფურტში ამ წიგნის პრეზენტაცია მოგვეწყო, თუმცა ასეთ შემთხვევაში სხვა მწერლის ან მწერლების იქ მისვლას ნაკლებად ექნებოდა აზრი. უცბად გამახსენდა, რომ დათოს ახალი რომანი (რომელიც ჯერ არ დაუმთავრებია; შუამდე მივედიო, ამას წინათ მეუბნებოდა) ასევე ამ ომის თემაზეა და მანანას შევთავაზე, ეს შეხვედრა (რომელიც იანვარში უნდა გაიმართოს) მიგვეძღვნა ომისადმი, უფრო სწორად, იმისადმი, თუ როგორ აისახება ასეთი დრამატული ამბები თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში, თანაც საკმაოდ ოპერატიულად (ერთი წელია გასული და ომი უკვე რომანის თემად იქცა). ვინაიდან გარკვეულწილად ომია ასახული ლაშა ბუღაძის ახალ რომანშიც „ლიტერატურული ექსპრესი“, მანანამ შემოგვთავაზა, ზაზას და დათოს ორკაციან ჯგუფს მე და ლაშაც დავემატოთ და ისე მოეწყოს ეს შეხვედრა, რაც თავისთავად მშვენიერი აზრია. ვნახოთ, რა გამოვა აქედან.

27 ოქტომბერი, სამშაბათი
სამშაბათი და ოთხშაბათი თითქმის მთლიანად საბავშვო წიგნებთან დაკავშირებული სემინარისათვის უნდა დამეთმო. სხვა თუ არაფერი, ამ სემინარის ორგანიზატორებს საწყის სტადიაზე დავეხმარე. საქართველოში რამდენიმე შვედი საბავშვო მწერალი და ილუსტრატორი ჩამოვიდა. თავდაპირველად უნდა გაიმართოს ორდღიანი სემინარი, ხოლო ხუთშაბათს სამ-სამი მწერალი და ილუსტრატორი ორივე ქვეყნიდან გაემგზავრებიან ბათუმში, სადაც შეეცდებიან შექმნან ერთობლივი წიგნები, რომლებიც შემდეგ შეიძლება ქართულად და შვედურად გამოიცეს. ორდღიან სემინარზე კი რამდენიმე მოხსენება გაიმართება, გაიმართება დისკუსიაც თემაზე „ტაბუ საბავშვო ლიტერატურაში“, აქვე იქნება წიგნების გამოფენა. ეს ყველაფერი თოჯინების მუზეუმის დარბაზში მოეწყობა.
ბავშვები სკოლაში ცოტა ადრე მივიყვანე და მუზეუმისაკენ გავვარდი, რათა 9 საათისთვის იქ ვყოფილიყავი. შვედი სტუმრები უკვე ადგილზე იყვნენ, ქართველები ახლაღა იწყებდნენ მოსვლას. აქ იყვნენ ლიტერატორები, მწერლები, მხატვრები და გამომცემლები. სემინარი დაიწყო ლილემურ თორსთენსონის მოხსენებით „შვედური საბავშვო წიგნის 400 წელი“. ნამდვილად არ ვიცოდი, რომ პირველი საბავშვო წიგნი შვედეთში 1591 წელს გამოცემულა და გერმანულიდან ყოფილა თარგმნილი. როდესაც რაიმეში 400-წლოვანი ტრადიცია გაქვს, აღარ არის გასაკვირი, რომ შვედეთში წელიწადში 1800-ზე მეტი საბავშვო წიგნი გამოიცემა და საბავშვო წიგნის ინსტიტუტი არსებობს. სწორედ ამ დაწესებულების წარმომადგენელი იყო ლილემური.
შესვენების შემდეგ დებატები უნდა გამართულიყო ორი შვედი მწერლისა და ორი ქართველის (ესენი ვიყავით მე და ლიტერატორი ნინო ჩხიკვიშვილი) მონაწილეობით. თემა, როგორც უკვე ვთქვი, იყო „ტაბუ საბავშვო ლიტერატურაში“, ანუ არსებობს თუ არა ტაბუირებული თემები და რის შესახებ არ შეიძლება წერა საბავშვო წიგნებში. ერთ-ერთმა შვედმა გამომსვლელმა პირდაპირ კონკრეტული მაგალითით დაიწყო: ამას წინათ გამოცემულა საყმაწვილო რომანი (სამწუხაროდ, ჩვენში ნაკლებადაა გავრცელებული ეს ჟანრი - ტინეიჯერებისათვის განკუთვნილი წიგნები), სადაც აღწერილია 14 წლის გოგონას სასიყვარულო ისტორია დედამისის მეგობარ მამაკაცთან და ეს ყველაფერი ისეთი ნატურალიზმით აღუწერია მწერალს, რომ შვედურ საზოგადოებაში სკანდალი გამოუწვევია. ამ მაგალითმა დარბაზშიც, სადაც დაახლოებით 70-80 ადამიანი იჯდა, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, ოღონდ, როგორც ეს საქართველოში ხშირად ხდება, არავინ აცლიდა ერთმანეთს აზრის გამოთქმას (ჩვენ ხომ ერთმანეთის მოსმენა არ შეგვიძლია) და ისეთი ყაყანი ატყდა, ყურთასმენა აღარ იყო!
ჩემს მცირე გამოსვლაში შევეცადე, ჯერ განმემარტა სიტყვა ტაბუს მნიშვნელობა. ჩემი აზრით, ტაბუირებული ისეთ თემას შეიძლება ეწოდოს, რომელიც საზოგადოების უდიდესი ნაწილის მკვეთრად უარყოფით რეაქციას იწვევს და იმისათვის, რომ საქართველოს მაგალითზე მეჩვენებინა, რა თემები შეიძლება იყოს ტაბუირებული საბავშვო წიგნებში, ორი კონკრეტული შემთხვევა გავიხსენე. პირველი, თითქმის 10 წლის წინანდელი შემთხვევა, როდესაც გამომცემლობა „დიოგენემ“ გამოსცა წიგნი სათაურით „მხიარული საუბრები სექსისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ“. საზოგადოების უდიდესი ნაწილის რეაქცია ამ წიგნზე მკვეთრად უარყოფითი იყო (და ალბათ ახლაც არის, სამწუხაროდ), რაც იმაზე მიანიშნებს, რომ სექსუალური განათლების თემა საბავშვო თუ საყმაწვილო წიგნებში მთლიანად ტაბუირებულია. მეორე შემთხვევა ჩემს მიერ გამოცემულ წიგნს ეხება. ეს არის „ჰარი პოტერი“, რომლის პირველი ტომი საოცრად წარმატებული იყო ქართულ ენაზე და გვეგონა, რომ ეს წარმატება ასევე გაგრძელდებოდა მომდევნო ტომებშიც, მაგრამ, სამწუხაროდ, მეორე ტომის გამოსვლისთანავე გარკვეულმა პირებმა წამოიწყეს მთელი კამპანია „ჰარი პოტერის“ „მავნე ზეგავლენის“ შესახებ და მალე ეს კამპანია ისე აზვირთდა, რომ სერიოზული ზეგავლენა მოახდინა მომხმარებელზეც, რამაც წიგნის გაყიდვები დაახლოებით 80%-ით შეამცირა. ეს მეორე მაგალითი გვიჩვენებს, რომ კიდევ ერთი თემა, რომელიც ტაბუირებულია ქართულ საზოგადოებაში, რელიგიას უკავშირდება.
აქვე საინტერესოა აღინიშნოს, რომ საერთოდ არ არის ტაბუირებული ისეთი თემები, როგორებიცაა ძალადობა და სისასტიკე.
ერთი სიტყვით, ისეთი ცხარე დებატები გაიმართა, დრო შეუმჩნევლად გავიდა.

28 ოქტომბერი, ოთხშაბათი
სემინარი გაგრძელდა, თუმცა მხოლოდ პირველ ნახევარს დავესწარი. შემდეგ იძულებული გავხდი, სასწრაფოდ ოფისში წავსულიყავი, სადაც რამდენიმე შეხვედრა მქონდა დანიშნული. ექვსის ნახევარზე შვედეთის საელჩოში მცირე მიღება გაიმართა სემინარის მონაწილეთათვის, მაგრამ დიდხანს იქაც ვერ დავრჩი, რადგან ოფისში სტუმრებს ველოდი 7 საათზე.
იმის გამო, რომ გამომცემლობაში ზოგჯერ (ზოგჯერ კი არა, ძალიან ხშირად!) გვიანობამდე მიწევს ყოფნა, ბავშვებს ვერც მე და ვერც ჩემი მეუღლე (რომელიც ამავდროულად გამომცემლობის დირექტორიცაა) ხეირიანად ვერ ვხედავდით. იმისათვის, რომ ეს დანაკლისი შეევსოთ, ბავშვებმა მშვენიერ ხერხს მიაგნეს: ძალიან გვიან წვებიან დასაძინებლად. ძალიან გვიან იმას ნიშნავს, რომ, უკეთეს შემთხვევაში, 11 საათზე დაწვებიან, უარესში - დაახლოებით 12-ისთვის. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ 10-ზე ან 11-ზე დავბრუნდით, გარკვეული დრო მაინც ვახერხებთ ურთიერთობას. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მოზრდილები არიან (11-ისა და 14-ისა) და დამოუკიდებლადაც კითხულობენ წიგნებს, მაინც ძალიან მოსწონთ, როდესაც მშობლები უკითხავენ რამეს. პრინციპში ეს ნებისმიერ ბავშვს მოსწონს, ზოგიერთი მშობლისა კი რა მოგახსენოთ. ჩემი აზრით, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ქართველები ნაკლებს კითხულობენ, ვიდრე ვთქვათ იგივე შვედები, ისიცაა, რომ ჩვენში ძალიან ცოტა მშობელი ცდილობს, ბავშვს წიგნის კითხვა სასიამოვნო პროცესად უქციოს. როგორც წესი, ისეთ ტექსტებს აჩეჩებენ ხელში, რაც ან ამ ასაკის ბავშვისათვის შეუფერებელია, ანდა თავად ტექსტი არ არის საინტერესო და მშობელი ამას ვერ ხვდება, რადგან თავისი ბავშვობისას ძალიან საინტერესო ეჩვენებოდა. ამის საუკეთესო მაგალითია ჟიულ ვერნის წიგნები. მე თვითონ ბავშვობაში ძალიან მომწონდა ჟიულ ვერნი, მაგრამ მას შემდეგ აღარ წამეკითხა. ჩემმა შვილებმა რომ არაფრის დიდებით არ წაიკითხეს, მე და ჩემმა ცოლმა ვცადეთ მათთან ერთად ხმამაღლა წაგვეკითხა და უეცრად აღმოვაჩინე, რომ შეუძლებელია, ასეთი ტექსტები თანამედროვე ბავშვს მოეწონოს: თხრობა საკმაოდ დუნედ ვითარდება, რასაც კიდევ უფრო აფერხებს ბუნების დეტალიზებული აღწერები, რაც მე-19 საუკუნეში, როდესაც ადამიანებს უცხო პეიზაჟების ნახვის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, საჭირო იყო, მაგრამ ჩვენს დროში, როდესაც ტელევიზიით მთელ მსოფლიოში შეგვიძლია მოგზაურობა, სრულიად ზედმეტია. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ბევრი ის წიგნი (განსაკუთრებით ეს სათავგადასავლო ლიტერატურას ეხება), რაც ბავშვობაში ძალიანაც მიყვარდა, თანამედროვე ყმაწვილისთვის ძალიან მოსაწყენია.

29 ოქტომბერი, ხუთშაბათი
დილით სკოლაში მივედი და საათნახევარს დავრჩი სხვადასხვა წვრილმანი საქმეების გამო. მოგვიანებით, გამომცემლობის ოფისში დაბრუნებულმა, აღმოვაჩინე, რომ იმდენ სრულიად სხვადასხვა ტიპის პროექტთან დაკავშირებული საქმეები მქონდა მოსაგვარებელი, თანაც ერთდროულად, რომ ათად უნდა გავჭრილიყავი, ყველაფერი რომ მომესწრო. რადგან ვცდილობ ხოლმე, სპონტანურად არაფერი გავაკეთო და ყველაფერი დეტალურად მქონდეს წინასწარ დაგეგმილი, ამჯერადაც შევეცადე, საქმეები პრიორიტეტების მიხედვით დამელაგებინა და თანდათანობით შევდგომოდი, მაგრამ მაინც არაფერი გამოდიოდა, ვინაიდან რაღაც-რაღაცები სასწრაფო იყო და დრო არ ითმენდა. ასეთ მომენტებში მგონია ხოლმე, რომ არაფერი გამომდის.
საღამოს 7 საათზე ერიკი მოვიდა, რათა შვედური ენით დაინტერესებული ადამიანებისათვის გაკვეთილი ჩაეტარებინა. თავის დროზე, მრავალი წლის განმავლობაში მე თვითონ ვაკეთებდი ამ საქმეს (ანუ შვედურს ვასწავლიდი), თუმცა უკვე თითქმის 15 წელია, აღარ მიმასწავლებლია. ერიკთან შუა გაკვეთილზე შევედი და მივხვდი, რომ მეტისმეტი მოსვლოდა - გამოუცდელობის გამო უკვე მეტად რთულ საკითხებს უხსნიდა, რაც პირველ გაკვეთილებზე არავითარ შემთხვევაში არ ღირს, რათა მოსწავლე სირთულემ არ დათრგუნოს. გაკვეთილის შემდეგ ეს ავუხსენი და ვურჩიე, როგორ გაეკეთებინა. მე მგონი, ყველაფერი კარგად გაიგო. ვნახოთ...

30 ოქტომბერი, პარასკევი
დილით გამომცემლობის ოფისში ლილემურ თორსთენსონი უნდა მოსულიყო, ის შვედი ქალი, რომელმაც სემინარზე მოხსენება წაიკითხა. იგი შვედეთის საბავშვო ლიტერატურის ინსტიტუტში მუშაობს და სემინარის პარალელურად, გადაწყვეტილი ჰქონია, რამდენიმე ქართულ გამომცემლობას სწვეოდა. თავდაპირველად ჩვენთან მოვიდა. ჯერ ოფისი დავათვალიერებინე, მერე შეკითხვებზე ვპასუხობდი, რადგან უამრავი რამ აინტერესებდა: რამდენი საბავშვო წიგნი გამოდის საქართველოში ყოველწლიურად და აქედან ჩვენ რამდენს გამოვცემთ; რა წილი უკავია ჩვენს გამოცემებში თარგმანებს და ა.შ. საუბრისას აღმოვაჩინე, რომ მთელ რიგ საკითხებზე ვიღაცებს სრულიად მცდარი ინფორმაცია მიუწოდებიათ. საზოგადოდ, ჩვენში ნაკლებად სწყალობენ ხოლმე ფაქტებსა და სტატისტიკურ მონაცემებს (ზოგადად, რიცხვებს), ქართველს უფრო ფაქტისადმი თავისი ემოციის აღწერა ურჩევნია ხოლმე, ვიდრე, უბრალოდ, ფაქტის დადგენა და მისი მშრალი კონსტატაცია ან ანალიზი. ვიღაცას მისთვის ლამის აპოკალიფსური სურათი დაუხატავს იმის შესახებ, რომ საქართველოში საერთოდ არ გამოიცემა საბავშვო წიგნები და რაც გამოიცემა, ისიც არავისთვის არაა ხელმისაწვდომი და რომც იყოს, აზრი მაინც არა აქვს, რადგან წიგნის მაღაზიები, ფაქტობრივად, არ არსებობს. ბუნებრივია, ამ ყველაფერზე გამეცინა და შევთავაზე, წავსულიყავით წიგნის მაღაზიაში და საკუთარი თვალით გვენახა, რა ხდება. წავედით სანკტ პეტერბურგის ქუჩაზე მდებარე წიგნის მაღაზია „სანტა ესპერანსაში“, რომელიც მე მეკუთვნის. წვიმიანი ამინდის მიუხედავად, შუადღის 12 საათზე მაღაზიაში მაინც იყო ხუთზე მეტი ადამიანი, რომლებიც ათვალიერებდნენ თაროებზე განთავსებულ წიგნებს და ყიდულობდნენ კიდეც. ლილემური აღფრთოვანდა წიგნის მაღაზიით და კმაყოფილი წავიდა, მე კი სასწრაფოდ დავბრუნდი ოფისში, სადაც დიზაინერი თამაზ ვარვარიძე უნდა მოსულიყო. ერთად უნდა განგვეხილა ჩვენი ახალი წიგნის სერიის გარეკანების დიზაინი. სერიას ჰქვია „მსოფლიო კლასიკა“ და უკვე მზადა გვაქვს ამ სერიის 7 წიგნი, რომლებიც უახლოეს მომავალში უნდა გამოიცეს. დიზაინის ზოგიერთ დეტალზე და ფინანსურ საკითხებზე უცბად შევთანხმდით და შეხვედრა სწრაფად დავასრულეთ, რადგან თამაზს ეჩქარებოდა. მეჩქარებოდა მეც - ახალი წიგნის მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით უნდა შევხვედროდით იმ ფართის პატრონს მეტრო „დელისის“ მიდამოებში, სადაც მაღაზია უნდა განთავსდეს.
საღამოს, ძალიან გვიანობამდე დავრჩი ოფისში, რათა ეს დღიური დამემთავრებინა. უკვე 12-ის ნახევარი იყო, ჩემი ცოლი რომ შემეხმიანა, რას შვრებიო. მე ვუთხარი, თითქმის დავამთავრე და მინდა რამენაირად ტექსტში შენი მოხსენიება არ გამომრჩეს-მეთქი. მთავარია, ჩემი მოხსენიება ანდერძში არ გამოგრჩესო, მეხუმრა თინა, რაზეც ორივემ გულიანად ვიცინეთ. ამ მხიარულ ნოტზე დავასრულებ ჩემს დღიურს.

31 ოქტომბერი, შაბათი
ამ დილით, რაკი სკოლაში არ ვიყავი წასასვლელი, ერთი საათით გვიან გავედი შინიდან. უკვე ორი დღეა, წვიმიანი ამინდებია, ცოტა აცივდა კიდეც და ერთი პირობა ვიფიქრე, გათბობის ჩართვის დრო ხომ არ არის-მეთქი. თუ ამინდები არ გამოკეთდა, ორშაბათიდან ჩავრთავთ გათბობას.
XS
SM
MD
LG