Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორგზის დახურული „იბერიის“ ბუნდოვანი მომავალი


დახურული ტელეკომპანია „იბერიის“ ოფისში ჟურნალისტები და მაუწყებლის სხვა თანამშრომლები მაინც შეიკრიბნენ. ცნობა, რომ ფინანსური პრობლემების გამო ტელევიზია ეთერში ვერ გავიდოდა „იბერიის“ თანამშრომლებმა 16 ოქტომბერს მიიღეს ტელევიზიის დამფუძნებლისგან. მედიის 200-მდე თანამშრომელი, მუშაობის ნაცვლად ტელევიზიის ფოიეში დამონტაჟებულ მონიტორზე წარწერას კითხულობდა - „ხელისუფლებამ დახურა იბერია!!!“

როგორც „იბერიის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ვახო ხუზმიაშვილი ამბობს, „საქართველოს ხელისუფლებამ დახურა კრიტიკული მედიასაშუალება: "მიზანს მიაღწიეს - ჩვენ პარალიზებულები ვართ, ეს ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, საქართველოს ხელისუფლებისთვის ეს არის სამარცხვინო. ჩვენ ველოდებით, მაინც, რომ რაღაც შეიცვლება, რომ კომპანია „ომეგას“ მიეცემა მუშაობის საშუალება და აღდგება ტელეკომპანია „იბერია“.

ამ ეტაპზე ტელეკომპანიის მუშაობის განახლების ერთადერთ საშუალებად, „იბერიის“ დამფუძნებელი, პარლამენტის დეპუტატი ნატო ჩხეიძე სარეკლამო დაფინანსების მიღებაში ხედავს. მისი თქმით, წყარო, რომლითაც ტელევიზია აქამდე ფინანსდებოდა ახლა გადაკეტილია: „ტელეკომპანია „იბერიის“ ამუშავებისთვის არსებობს ორი საშუალება, ერთი - ამუშავდეს „ომეგა ჯგუფი“ და მეორე - მათ, ვინც ჯერ ისევ მუშაობენ და არ დახურულან, ამ ხელისუფლების პირობებში, შემოიტანონ რეკლამა ტელეკომპანია „იბერიაში“, რითიც გაჩნდება თანხა და იმ ანგარიშიდან გაიწევა ის ხარჯები, რაც ტელევიზიის ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი“

ტელევიზიის დამფუძნებელი თანამშრომლებს იმავე წინადადებით შეხვდა. ჟურნალისტების მოსაზრებით დაინტერესდა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“. ორგანიზაციის პროექტის კოორდინატორის მარიამ გოგოსაშვილის შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდში დამოუკიდებელი ტელევიზიის დახურვა სერიოზულ პრობლემებს უქმის მედიაპლურალიზმს და საგანგაშო სიგნალებს შეიცავს.

„ომეგა ჯგუფი,“ რომლის შემადგენლობაში ტელეკომპანია „იბერიაცაა“ ხელისუფლებას ადანაშაულებს ბიზნესზე ზეწოლასა და ფინანსური პრობლემების შექმნის გზით კრიტიკულად განწყობილი ტელეარხის დახურვაში.

ხელისუფლება „ომეგა ჯგუფს“ ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 მილიონი ლარის ოდენობის დავალიანების გადაუხდელობას ედავება.

თავის მხრივ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი ხელისუფლებას გამოძალვაში ადანაშაულებს და აპირებს საფრანგეთის მართლმსაჯულების წინაშე აგებინოს პასუხი ბიძინა ივანიშვილს „როგორც გამომძალველს“.

ამ ყველაფრის წინაპირობა გასულ თვეში ტელეკომპანიების "იბერიისა" და "რუსთავი 2"-ის ეთერში გავრცელებული, სავარაუდოდ, სპორტის და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის და „იბერიის“ მფლობელ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის საუბრის ჩანაწერებია, სადაც სავარაუდოდ, ყიფიანი ლაპარაკობს ტელეკომპანიის დათმობაზე და იმაზე, რომ „ომეგა ჯგუფის“ პრობლემებს ორ მილიონად მოაგვარებს ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი.

საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ „ომეგა ჯგუფის“ მფლობელი ზაზა ოქუაშვილი მედიასაშუალების გამოყენებით და შანტაჟით ცდილობს თავი აარიდოს 50-მილიონიანი საბიუჯეტო დავალიანების გადახდას.

ამის თაობაზე 17 ოქტომბერს კიდევ ერთხელ ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. „საქართველოს ბიუჯეტში გადასახადს ყველა გადაიხდის. საბოლოო ჯამში, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი როგორც ჩანს ემსახურება წინასაარჩევნო პერიოდში დისონანსის შემოტანას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. აქვე მინდა განვაცხადო, რომ ნურავის ნუ ექნება ამის ილუზია. საქართველოში არჩევნები ჩატარდება თავისუფალ, სამართლიან და მშვიდ გარემოში“, - განაცხადა მედიასთან საუბარში მამუკა ბახტაძემ.

თუმცა 2 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე „ომეგა ჯგუფის“გენერალურმა მენეჯერმა ლევან აღდგომელაშვილმა განაცხადა, რომ „ომეგა ჯგუფის“ თამბაქოს წარმოება, ისევე როგორც „ომეგა ჯგუფში“ შემავალი სხვა კომპანიები, არასდროს არიდებდა თავს გადასახადებს და ყოველთვის ახორციელებდა მასზე რიცხული გადასახადების დეკლარირებას კანონის სრული დაცვით. მისი განმარტებით, უგუნურებაა ფინანსთა სამინისტროს მხრიდან იმის მტკიცება, რომ 2014-2018 წლებში კომპანია OGT ბიუჯეტში გადასახადებს არ იხდიდა. ამ პერიოდში, მისი თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია 100 190 258 ლარი, ანუ წელიწადში, საშუალოდ, 25 მილიონი ლარი. ლევან აღდგომელაშვილი ამბობს, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი დავალიანება, 38 მილიონი ლარის ოდენობით, ამ ხნის მანძილზე კომპანიის მიერ აღიარებული გადასახადების მხოლოდ ერთი მეოთხედია.

ტელეკომპანია „იბერია“ 2000 წელს დაფუძნდა. ტელევიზია პირველად 2004 წელს დაიხურა. მაშინ ტელევიზია სპეცდანიშნულების რაზმმა დაიკავა. იმჟამინდელი ხელისუფლება „ომეგა ჯგუფში“ შემავალ ერთ-ერთ კომპანიას ყალბი აქციზური მარკების ბეჭდვას ედავებოდა. ტელევიზიის დამფუძნებლებმა "იბერია" 2013 წელს დაიბრუნეს, მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია “იმედს“ უჩივლეს სასამართლოში, თუმცა სასამართლო აღარ გაიმართა, რადგან “იმედმა,“ „კეთილი ნებით“ გადასცა “იბერია“ მის კანონიერ მფლობელს. 2018 წლის 16 ოქტომბერს ტელეკომპანია „იბერიამ“ მაუწყებლობა უკვე მეორედ შეწყვიტა.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG