Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ბესელია: „თუკი მოხდება გამოხატვის უფლების შეზღუდვა, გაკეთდება შესაბამისი განმარტებები“


საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას თქმით, გამოხატვის და შეკრების უფლება არ არის აბსოლუტური და ის შეიძლება შეიზღუდოს ცალკეულ შემთხვევებში.

„სწორედ ამ შეზღუდვის პროპორციულობაზე შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც სამართალდამცავი ორგანოები მოქმედებენ და ამბობენ, რომ მათ კონკრეტული ონფორმაცია აქვთ, რომელიც შეიძლება იყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი”, - განაცხადა ეკა ბესელიამ და იქვე დასძინა: „ერთის მხრივ, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ გამოხატვის უფლება ჰქონდეს ყველა ადამიანს, ეს იქნება შვილმკვდარი მამა, თუ ნებისმიერი ჩვენი მოქალაქე, ვისაც რამე პროტესტი აქვს. თუმცა, მეორე მხრივ, თუკი მოხდება ამ უფლების შეზღუდვა, შესაბამისად გაკეთდება განმარტებები, რაც საზოგადოების უსაფრთხოების და დაცვისთვის იქნება საჭირო.“

ეკა ბესელია ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, არ მოხდეს მართლმსაჯულებისა და პოლიტიკური პროცესის აღრევა. მისი თქმით, სააპელაციო სასამართლოში უკვე დაწყებულია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა.

„გამოტანილი განაჩენის გადახედვა დაიწყო სააპელაციო სასამართლომ. მართლმსაჯულება უნდა განხორციელდეს ყოველგვარი მიკერძოების გარეშე. პოლიტიკური ორგანო - პარლამენტი ვერავის ვერ დაიჭერს და ვერ გაათავისუფლებს, ამიტომ უნდა გავმიჯნოთ ხელისუფლების შტოების ვალდებულებები. მართლმსაჯულება უნდა აღასრულოს სასამართლომ. სასამართლომ უნდა თქვას, იყო თუ არა სწორი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, ვინ არის უშუალო დამნაშავე და ვინ - არა. ჩვენი, როგორც პოლიტიკური ორგანოს ვალდებულებაა საკანონმდებლო პროცესშიც აღმასრულებელ ხელისუფლებაზე და არა სასამართლო ხელისუფლებაზე კონტროლი განვახორციელოთ. ამიტომ პოლიტიკური პროცესი მართლმსაჯულების პროცესისგან უნდა გაიმიჯნოს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

შს მინისტრმა გიორგი გახარიამ 11 ნოემბერს განაცხადა, რომ პოლიციას ჰქონდა კონკრეტული ინფორმაცია დესტაბილიზაციის შესახებ და აქედან გამომდინარე იმოქმედეს მოქალაქეების უსაფრთხოების შესაბამისად, როცა შვილმოკლულ მამებს პარლამენტის წინ კარვის გაშლის საშუალება არ მისცეს.

XS
SM
MD
LG