Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას მოასწავებს სენცოვის ეტაპირება მოსკოვში?


სენცოვის დაპატიმრება ყირიმში
სენცოვის დაპატიმრება ყირიმში

29 აგვისტოს ერთ-ერთ მთავარ საერთაშორისო ამბად იქცა ცნობილი უკრაინელი კინორეჟისორის, რუსეთის მიერ ტერორიზმისათვის ბრალდებული ოლეგ სენცოვის ეტაპირება შორეული იამალო-ნენეცის ციხიდან მოსკოვის „ბუტირკის“ საგამოძიებო იზოლატორში.

საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, ორმა რუსულმა საინფორმაციო სააგენტომ - „ტასმა“ და „ინტერფაქსმა“ - თითქმის ერთსა და იმავე დროს გაავრცელა აღნიშნული ცნობა.

მანამდე ქალაქ ლაბიტნანგიში მდებარე კოლონიიდან სენცოვის გამოყვანის შესახებ იტყობინებოდა ასევე გამოცემა „ბაზა“ და ტელეგრამ-არხი „ნეზიგარი“, ოღონდ, მათი ვერსიით, უკრაინელი რეჟისორი არა „ბუტირკაში“, არამედ „ლეფორტოვოს“ საგამოძიებო იზოლატორში მოათავსეს.

„დედა, ჩვენ მალე ჩავეხუტებით ერთმანეთს“

ამასთან, ოლეგ სენცოვის „ლეფორტოვოში“ ყოფნის შესახებ ჟურნალისტებს აცნობა უკრაინის „ვერხოვნა რადის“ დეპუტატმა ფრაქცია „ევროპული სოლიდარობიდან“, ახტემ ჩიიგოზმა.

„იმ ინფორმაციით, რაც მე მაქვს, ტყვეები უნდა გაცვალონ. გაცვლის პროცესში შეიძლება მოხდეს ცვლილებები, მაგრამ საკითხი უკვე დაძრულია და იგი განხორციელდება“, - მოჰყავს ჩიიგოზის სიტყვები სააგენტო „რია-ნოვოსტის“.

ოლეგისგან შეკვეთილი წერილი მივიღე დაბადების დღეს (12 აგვისტოს) - პირველად ამ ხუთი წლის განმავლობაში - მოლოცვებით სავსე ღია ბარათით. „დედა, დაიჯერე, ჩვენ მალე ჩავეხუტებით ერთმანეთს“. აი, ეს ეწერა.
ლიუდმილა სენცოვა

როგორც პროექტი „კრიმ რეალიი“ აღნიშნავს, პირველად მოხდა, რომ ოლეგ სენცოვს ამდენ ხანს არ დაურეკავს დედასთვის, მაშინ როცა მანამდე იგი მშობელს უკავშირდებოდა ყოველი თვის ბოლოს. ლიუდმილა სენცოვა ამბობს, რომ მისი შვილის ბოლო დარეკვის შემდეგ ერთი თვე 28 აგვისტოს გავიდა, ეს კი ემთხვევა იმ დღეს, როდესაც, ტელეგრამ- არხის ცნობით, შეიძლებოდა რეჟისორი კოლონიიდან გაეყვანათ.

„არა, არ დაურეკავს, თუმცა გუშინ, 28 აგვისტოს, ზუსტად თვე გავიდა წინა დარეკვიდან. ის ზუსტად ერთი თვის თავზე რეკავდა 20 წუთის განმავლობაში. დღეს ველოდი, ვფიქრობდი, იქნებ დარეკოს-მეთქი, მაგრამ ზარი არ ყოფილა. მე ერთადერთი რამე გავიგე, რომ იქნება რაღაც გაცვლა 33-33-ზე. ოლეგი ამ სიაში არ მოხვდა. ასე თქვეს, მე ასე გავიგე. როდესაც გუშინწინ კიევში ველაპარაკებოდი, მითხრეს, რომ, დიახ, ის ლაბიტნანგის ციხეშია, იმავე კოლონიაშიო. არსაით არანაირი მოძრაობა. ოლეგისგან შეკვეთილი წერილი მივიღე დაბადების დღეს (12 აგვისტოს) - პირველად ამ ხუთი წლის განმავლობაში - მოლოცვებით სავსე ღია ბარათით. „დედა, დაიჯერე, ჩვენ მალე ჩავეხუტებით ერთმანეთს“. აი, ეს ეწერა“, - გვიამბო ლიუდმილა სენცოვამ.

სენცოვისა და კოლჩენკოს საქმე

ყირიმელი კინორეჟისორი ოლეგ სენცოვი და მემარცხენე აქტივისტი ალექსანდრ კოლჩენკო 2014 წელს დააპატიმრეს რუსეთის სპეცსამსახურების აგენტებმა ნახევარკუნძულზე ტერაქტის მზადების ბრალდებით.

2015 წლის აგვისტოში დონის როსტოვის სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და სენცოვს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, ხოლო კოლჩენკოს მიესაჯა 10 წლით პატიმრობა. მსჯავრდებულებმა დანაშაული არ აღიარეს.

ოლეგ სენცოვი სასჯელს იხდის რუსეთის ჩრდილოეთში, ქალაქ ლაბიტნანგის საპატიმროში, კოლჩენკო კი იმყოფება ქალაქ კოპეისკის კოლონიაში, ურალში.

ოლეგ სენცოვი 145 დღის განმავლობაში შიმშილობდა ყველა უკრაინელი პოლიტპატიმრის გათავისუფლების მოთხოვნით და მხოლოდ მაშინ შეწყვიტა შიმშილობა, როცა იგრძნო საფრთხე, რომ შეეძლოთ გადაეყვანათ „იძულებით კვებაზე“, რაც, „ამნესტი ინტერნეიშენლის“ თანახმად, წამებას უტოლდება.

2018 წლის 25 ოქტომბერს სენცოვს მიენიჭა ევროპარლამენტის მიერ დაწესებული აკადემიკოს სახაროვის სახელობის პრესტიჟული პრემია „აზრის თავისუფლებისთვის“ .

მრავალი უფლებადამცველი ორგანიზაცია და პოლიტიკური ლიდერი მოუწოდებდა რუსეთს უკრაინელი რეჟისორის გათავისუფლებისაკენ. „მემორიალმა“ სენცოვი და კოლჩენკო პოლიტპატიმრების სიაში შეიყვანა. თეთრი სახლის საიტზე ოლეგ სენცოვის გადარჩენის შესახებ პეტიციას 100 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

კრემლი დუმილს განაგრძობს

ოფიციალური კომენტარი მას შემდეგ გაკეთდება, რაც კრემლი მზად იქნება საამისოდ.
დმიტრი პესკოვი

ჯერჯერობით გაურკვეველია, სად იმყოფება ოლეგ სენცოვი- „ლეფორტოვოსა“ თუ „ბუტირკაში“.

მისმა ადვოკატმა, დმიტრი დინზემ, რომელიც პატიმარი ლაბიტნანგის ციხეში ცოტა ხნის წინ მოინახულა, თავისი დაცვის ქვეშ მყოფის ტრანსპორტირების შესახებ ცნობა არ დაადასტურა.

მოგვიანებით დინზემ რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ „ბუტირკის“ ციხეში მოხვედრა ამჟამად შეუძლებელია. „თუ რამე მოხდება, მხოლოდ მომდევნო კვირაში“, - განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ წინა დღით, 28 აგვისტოს, უკრაინის სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა რუსი ჟურნალისტი კირილ ვიშინსკი,უკრაინაში რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია-ნოვოსტის“ ოფისის ხელმძღვანელი. იგი 2018 წლის მაისში დააპატიმრეს სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით.

მას აღკვეთის ზომა შეუცვალეს ვალდებულებად პირველივე მოთხოვნისას გამოცხადდეს სასამართლოზე ან პროკურორთან.

ოლეგ სენცოვისა და კირილ ვიშინსკის შესაძლო გაცვლის შესახებ ლაპარაკი დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი სატელეფონო საუბარი გაიმართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს შორის. საუბრისას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისმა წამოაყენა წინადადება, პატიმრები გაიცვალონ - უკრაინელი კინორეჟისორი ოლეგ სენცოვი, რომელიც რუსეთში იმყოფება პატიმრობაში, გაიცვალოს რუს ჟურნალისტ კირილ ვიშინსკიზე, რომელიც უკრაინაშია დაკავებული.

მაგრამ კრემლში ჯერჯერობით არ აკეთებენ კომენტარს, ემზადება თუ არა რუსეთი უკრაინელი კინორეჟისორის განთავისუფლებისათვის.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის ჯერჯერობით მზად არ არის რუსეთისა და უკრაინის პატიმრობაში მყოფ პირთა გაცვლის შესახებ მოლაპარაკების კომენტირებისათვის. ამასთან, პესკოვმა დასძინა, რომ „შედგა გარკვეული კონტაქტები“, და ჟურნალისტებს პირობა მისცა, რომ ოფიციალური კომენტარი მას შემდეგ გაკეთდება, რაც კრემლი მზად იქნება საამისოდ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG