Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ხაზარაძე „პროგრეს ბანკზე“: ეძებეთ პრობლემა იქ, სადაც ის არის


„ეძებეთ პრობლემა იქ, სადაც არის, პრობლემა არის ეროვნულ ბანკში, ფინანსური მონიტორინგის სამსახურში, პროკურატურაში. ისრები სხვაგან ნუ გადაგაქვთ“, - ასე უპასუხა საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადების კომენტირებისას.

მამუკა ხაზარაძის თქმით, საქართველოში 30 000 ლარის ოდენობით ყველა ოპერაცია მონიტორინგს ექვემდებარება.

„ჩვენ ვლაპარაკობთ ბანკზე, რომლის პარტნიორი იყო ფულის გათეთრებაში რუსეთში ორჯერ შემჩნეული ბატონი გავრილოვი და მისი პარტნიორები საქართველოში. იქ ეძებეთ პრობლემა“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ უარყო მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომ „თიბისი ბანკში“ არსებობს დოკუმენტაცია, რომელიც „პროგრეს ბანკში“ საეჭვო ტრანზაქციებს ადასტურებს.

„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებით მედიაში გავრცელებული დოკუმენტი შედგენილია საერთაშორისო აუდიტორული კომპანია „დელოიტის“ მიერ, რომელიც „არის ტექნიკური დოკუმენტი და არანაირად არ უკავშირდება ფულის გათეთრების საერთაშორისო აუდიტორულ დასკვნას“.

უფრო ადრე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ „პროგრეს ბანკი“, ბიძინა ივანიშვილის მფლობელობის პერიოდში, ფულის გათეთრებაში იყო შემჩნეული.

ეროვნული ბანკის წარმომადგენლების განცხადებით,„პროგრეს ბანკიდან“ საეჭვო გადარიცხვებისა და შესაძლო ფულის გათეთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ აქვთ.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა „თიბისი ბანკს“ მოუწოდა, „პროგრეს ბანკის“ შესახებ დოკუმენტაცია სამართალდამცავებს გადასცეს.

XS
SM
MD
LG