Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი ვერსია 15 წლის მოზარდის აღიარებით ჩვენებაზე


15 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გაუმჯობესებულია. როგორც იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში აცხადებენ, მისი სასიცოცხლო მაჩვენებლები მცირედით გაუმჯობესდა, თუმცა, მოზარდი კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. საქმეზე იკვეთება ახალი დეტალები, სახელები და ურთიერთსაპირისპირო გარემოებები.

გამოძიების თანახმად, არასრულწლოვანი, 11 დეკემბერს, საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადახტა. საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითა და ჩვენების მიცემის იძულების მუხლებითაა აღძრული.

მეათე კლასის მოსწავლემ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც ის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, „მწვანე სკოლის“ კედლებზე გაკეთებული წარწერების გამო მოწმის სტატუსით გამოკითხეს.

ბიჭის ოჯახის წევრები ირწმუნებიან, რომ მასზე პოლიციის განყოფილებაში აღიარებითი ჩვენების მოსაპოვებლად ფსიქოლოგიურად იძალადეს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ მოზარდმა ვერ გაუძლო ფსიქოლოგიურ ძალადობასა და მუქარას და თავის მოკვლა სცადა.

ძმის ბრალდებები გამომძიებლის მისამართით

ბექა სირაძე, 15 წლის მოზარდის ძმა, იმ გამომძიებლის სახელსა და გვარს ასახელებს, რომელიც მისი თქმით, განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა მოზარდის გამოკითხვის პროცესში. მისი თქმით, ეს გამომძიებელია მარიანა ჩულოიანი. როგორც ბექა სირაძე ამბობს, სწორედ მან უთხრა უარი ბიჭს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაზე, როდესაც მოზარდმა თავი შეუძლოდ იგრძნო: „როცა საჭიროდ ჩავთვლი, მაშინ გამოვიძახებთ სასწრაფოსო“.

გამომძიებელი მარიანა ჩულოიანი ბექა სირაძის მონათხრობის კიდევ ერთ ეპიზოდში იკავებს მთავარ ადგილს. 11 დეკემბერს, მას შემდეგ რაც დედა-შვილი გამოკითხვიდან გამოვიდნენ, მოზარდი მასწავლებელთან წავიდა. მასწავლებლიდან მობრუნებული ბიჭი კვლავ განერვიულებული იყო. დედა შეეცადა ბიჭი დაემშვიდებინა, თუმცა, რამდენიმე წუთში, ბიჭმა სახლის კარი გაიხურა და დედას მიაძახა, „მე აღარ დავბრუნდები“.

როგორც ბექა სირაძე უყვება რადიო თავისუფლებას, დედამ გამომძიებელ მარიანა ჩულოიანს დაურეკა და დახმარება სთხოვა. თუმცა, მან ქალს დახმარებაზე უარი უთხრა: „ასე უპასუხა, ჩამოვიდეს შენი შვილი და მოძებნოსო. იმ დღეს არ ვიყავი ქალაქში. არ ვიცი, არანაირი მოსაზრება არ მაქვს რატომ უპასუხა გამომძიებელმა დედას ასე“.

ინფორმაციას, რომ გამომძიებლის მობილურ ტელეფონზე მოზარდის დედის ზარი ნამდვილად შევიდა, რადიო თავისუფლებას უდასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. თუმცა, უწყება უარყოფს იმ ინფორმაციას, რომ გამომძიებელმა მშობელს დახმარებაზე უარი უთხრა. სხვა დეტალებს გამომძიებლისა და დედის სატელეფონო საუბრის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ამხელს.

დარჩა თუ არა მარტო მოზარდი პოლიციის პირისპირ?

უწყება ასევე სრულად უარყოფს ინფორმაციას მოზარდის მიმართ რაიმე სახის ძალადობის შესახებ. ისინი ამბობენ, რომ 10 და 11 დეკემბერს მოზარდი განყოფილებაში დედის თანდასწრებით გამოიკითხა, ბავშვი სამართალდამცავების პირისპირ მარტო არ დარჩენილა და მის მიმართ არანაირ ძალადობასა და მუქარას ადგილი არ ჰქონია.

მოზარდის ძმა ირწმუნება, რომ ბიჭი 10 დეკემბერს, გამოკითხვისას, ორჯერ აღმოჩნდა მარტო: "10 დეკემბერს, გამომძიებლებმა დედა რაღაც საბუთის მოსატანად გააგზავნეს. დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში ჩემი ძმა მარტო დარჩა. იმავე დღეს, კიდევ ერთხელ აღმოჩნდა ჩემი ძმა მარტო, ამჯერად უკვე დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის მოადგილის კაბინეტში“.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ცაციაშვილი განმარტავს, რომ მოზარდი განყოფილების უფროსის მოადგილის კაბინეტში მარტო იმიტომ აღმოჩნდა, რომ დედა-შვილს შელაპარაკება მოუვიდათ და სამართალდამცავმა სიტუაციის განმუხტვა სცადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ვერსიას ბექა სირაძე ასე ყვება:

„გამომძიებელი აგრესიულად ელაპარაკებოდა ჩემ ძმას და ჩემმა ძმამაც უხეში პასუხი გასცა. დედაც განერვიულდა, პოლიციელს ასე ნუ ელაპარაკებიო და სცადა ჩემი ძმის დამშვიდება. ამ ყველაფერზე ერთ-ერთი პოლიციელი წამოდგა და შეურაცხმყოფელი ფრაზებით მიმართა ჩემს ძმას. ამ ხმაურზე გამოვიდა კაბინეტიდან განყოფილების უფროსის მოადგილე და შეიყვანა ჩემი ძმა ოთახში. როდესაც ბავშვი ოთახიდან გამოვიდა, იყო ატირებული. დედამ რომ ჰკითხა ჩემს ძმას, რა მოხდა კაბინეტშიო, მან უპასუხა, „კაპეზეთი“ დამემუქრაო“.

სიცრუეს უწოდებს ბექა სირაძე ასევე შსს-ის მიერ გავრცელებულ კიდევ ერთ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ 11 დეკემბერს, მისი ძმა განყოფილებაში გამოკითხვაზე დედის მოთხოვნით მივიდა: „10 დეკემბერს ჩემი ძმა გამოკითხვაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა. 11 დეკემბერსაც კვლავ გამოძიებამ დაიბარა გამოკითხვაზე. დედაჩემს აცრა ჰქონდა გასაკეთებელი და სთხოვა მათ, თუ შეიძლება, ცოტა დაგვაგვიანდებაო, მაგრამ უარი უთხრეს, ზუსტად 11 საათზე იყავით აქო“.

ორი ვერსია აღიარებით ჩვენებაზე

ორი სახის ინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებაც, მისცა თუ არა აღიარებითი ჩვენება მოზარდმა გამოძიებას. შინაგან საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, რომ მოზარდს აღიარებითი ჩვენება არ მიუცია. მოზარდის ოჯახის ადვოკატი, რევაზ აჭარაძე კი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ბავშვი მუქარით მიიყვანეს აღიარებით ჩვენებამდე:

„პირდაპირ უთხრეს ბავშვს, შენი ძმა ვეღარ გააგრძელებს სწავლასო. მისი ძმა 20 წლისაა და სამხედრო აკადემიაში სწავლობს. დედის თანდასწრებით უთხრეს ეს ბავშვს. დედა ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ გამოძიების ნათქვამი მანაც სწორედ მუქარად აღიქვა. რომ მის უფროს ვაჟსაც პრობლემა შეექმნებოდა, თუკი მოზარდი არ აღიარებდა დანაშაულს. ბოლოს აღიარებამდე მიიყვანეს ბავშვი“.

„მისი ყველა ჩანაწერი იყო იმედიანი“

15 წლის მოზარდი თბილისის მეასე საჯარო სკოლის მოსწავლეა. ამ სკოლაში ის ოქტომბრიდან სწავლობს. სკოლის დირექტორი, თეა კალანდაძე, რადიო თავისუფლებასთან ამბობს: „არ შეგვიმჩნევია მისთვის არანაირი დეპრესიული განწყობა. არის ძალიან გახსნილი და ჭკვიანი ბავშვი. ერთ-ერთი გამორჩეული მოსწავლე. ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს კლასელებთანაც, მასწავლებლებთანაც, ჩვენთან, ადმინისტრაციასთან. ვერც კი ვიჯერებთ, რომ ეს ამბავი მის თავს ხდება. ვერ ვხვდებით, რამ გადააწყვეტინა თვითმკვლელობა“.

ოჯახის ადვოკატი, რევაზ აჭარაძე ამბობს, რომ შემთხვევის შემდეგ, მან გამოკითხა მისი მეგობრები, შეისწავლა მოზარდის ჩანაწერები: “ოპტიმისტური ჩანაწერები ჰქონდა. არანაირი ისეთი მესიჯები არ ამომიკითხავს მის ჩანაწერებში, რაც სუიციდისადმი მიდრეკილებას მოასწავებდა. მისი ყველა ჩანაწერი იყო ძალიან იმედიანი“.

გაეროს ბავშვთა ფონდის სპეციალური განცხადება

საზოგადოებაში გაჩენილი კითხვები, რომლებიც მოზარდის პოლიციის განყოფილებაში ყოფნის პერიოდს უკავშირდება, გაეროს ბავშვთა ფონდის სპეციალური განცხადების საფუძველი გახდა.

იუნისეფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ პოლიცია მართლმსაჯულების სისტემასთან შეხების პირველი წერტილია, ამიტომ მნიშვნელოვანია, პოლიციის კადრები დაკომპლექტდეს პროფესიონალებისგან, რომელთაც ექნებათ არასრულწლოვნებთან მუშაობის მოტივაცია, ცოდნა, შესაბამისი უნარები და საკითხის მიმართ მგრძნობელობა.

გამოძიებას ამჟამად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აწარმოებს. სწორედ ამ სამსახურმა უნდა დაადგინოს, იძალადეს თუ არა პოლიციის განყოფილებაში მოზარდზე და ხომ არ უკავშირდება მოზარდის თვითმკვლელობის მცდელობა სამართალდამცავების მუქარას და უკანონო ქმედებებს.

10 დეკემბრის ღამეს, დიღომში, "მწვანე სკოლის" კედლებზე, კლასებში და დაფებზე გაჩნდა სხვადასხვა შინაარსის წარწერები: "ამ ცხოვრების დედაც", "აბა დამიჭირეთ", "Hot Shot", "Fack the Law", ჯამში, რამდენიმე ათეული წარწერა.

"მწვანე სკოლის" ადმინისტრაციამ მომხდარი ფაქტი პოლიციას შეატყობინა. როგორც რადიო თავისუფლებას განუმარტავენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, არასრულწლოვნის იდენტიფიკაცია და მისი მოწმის სახით გამოკითხვის საფუძველი გახდა, „მწვანე სკოლიდან“ შემოსული შეტყობინება და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების მიერ მოწოდებული ინფორმაცია".

XS
SM
MD
LG