Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორდერიზაციის ახალი ტალღა ჩორჩანის ტყეში


საოკუპაციო ძალების აქტიური ქმედებები ტყის მასივში

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანის ტყეში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ღობეებისა და მავთულხლართების მონტაჟი დაიწყეს. ამის შესახებ პირველი განცხადება 13 იანვარს „ანტისაოკუპაციო მოძრაობამ“ გააკეთა და შესაბამისი ფოტო- და ვიდეომასალაც გაავრცელა. ფოტოებზე ტყის მასივში გაყვანილ ახალ გზაზე ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები და ღობეები ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ „ანტისაოკუპაციო მოძრაობას“, რამდენიმე თვეა, სამართალდამცავები საოკუპაციო გამყოფ ხაზთან არ უშვებენ, მისი წევრები კონფლიქტის ზონას დრონებით მაინც აკვირდებიან. მოძრაობის ლიდერ დავით ქაცარავას თქმით, საოკუპაციო ძალები ჩორჩანის ტყეში განთავსებული ე.წ. სასაზღვრო საგუშაგოების მიმართულებით ახალ ღობეებს ამონტაჟებენ, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს საპოლიციო საგუშაგოს. მისი აზრით, გაზაფხულზე, შესაძლოა, პოლიციის საგუშაგო ოკუპაციის ახალი ხაზის მიღმა აღმოჩნდეს, რაც ვითარებას კიდევ უფრო გაამწვავებს.

სუს-ის რეაქცია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩორჩანის ტყეში უკანონო ბორდერიზაციის შესახებ განცხადება 14 იანვარს გაავრცელა.

„ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანის მიმდებარედ, საოკუპაციო ძალების პროვოკაციული აქტივობების შედეგად, განხორციელდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო ინსტალაციების აღმართვა, რაც უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის კონტექსტში განიხილება. აღნიშნული პროცესი წარმოადგენს იმ უკანონო აქტივობების ნაწილს, რასაც საოკუპაციო ძალები 2011 წლიდან ახორციელებენ საოკუპაციო ხაზის მთელს პერიმეტრზე“, - აცნობეს რადიო თავისუფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან.

უწყების ცნობით, მიმდინარეობს კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უმოკლეს ვადებში გაიმართოს „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ მორიგი შეხვედრა, სადაც უკანონო ინსტალაციების დემონტაჟის საკითხს დააყენებენ.

„ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩორჩანისა და წაღვლის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში საოკუპაციო ძალების პროვოკაციული ქმედებების საკითხი მწვავედ იქნა დასმული როგორც „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ ფორმატში გამართულ შეხვედრებზე, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების რაუნდებზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით ყოველდღიურ რეჟიმში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი. ამოქმედებულია ჩვენს ხელთ არსებული ყველა საერთაშორისო მექანიზმი “,- ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოწოდებულ განცხადებაში.

ჟურნალისტებისთვის, სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკოსებისთვის დაკეტილი კონფლიქტის ზონა

ამ დილით ჟურნალისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ჩორჩანის მიმართულებით გაემგზავრნენ, რათა საკუთარი თვალით ენახათ ადგილზე შექმნილი ვითარება, მაგრამ პოლიციამ სოფელ ბროლოსანთან, ოკუპაციის ხაზიდან, დაახლოებით, 5 კილომეტრში, მათ გზა გადაუკეტა და სოფელში არ შეუშვა. პოლიციის არგუმენტი ის იყო, რომ ჟურნალისტების უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს. რაც შეეხება ცნობას ბორდერიზაციის პროცესის თაობაზე, რასაც სუს-ი ადასტურებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კობა ცერცვაძე, ჟურნალისტებთან საუბარში კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ჩორჩანის ტყეში ბორდერიზაციის პროცესი არ მიმდინარეობს.

მიუხედავად იმისა, რომ ბროლოსანი ჩორჩანიდან და წაღვლიდან რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული, ადგილობრივი მოსახლეობა მაინც შიშის ქვეშ ცხოვრობს და მათაც იციან, რომ ბოლო ხანებში საოკუპაციო ძალები ჩორჩანის ტყეში განსაკუთრებით აქტიურობენ.

დე ფაქტო ხელისუფლება ახალგორის ჩაკეტვას სწორედ ჩორჩანის ტყეში განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს და საპოლიციო საგუშაგოს გატანას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალგორის მიმართულებით გზის გახსნას არ აპირებს. ახალგორში კი ჰუმანიტარული კრიზისია და ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ერგნეთის ტექნიკურ შეხვედრებზე მხარეებს შორის მოლაპარაკებამ შედეგი ვერ გამოიღო და საქართველოს ხელისუფლება ისევ საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარების იმედადაა. სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ჩორჩანაში განვითარებული ბოლო მოვლენების გამო ამოქმედდა ცხელი ხაზი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის ვითარება ცნობილია.

ბოლო კრიზისების ისტორია

2019 წლის 29 აგვისტო. ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ოსური მხარის ულტიმატუმის გამო ჩაიშალა. დე ფაქტო ხელისუფლება ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანის ტყიდან ქართული საპოლიციო საგუშაგოს აღებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღებით იმუქრება.

30 აგვისტო. ჩორჩანის ტყეში საპოლიციო საგუშაგოსთან იმყოფებიან ხელისუფლებისა და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები, ჟურნალისტები. ვითარება დაძაბულია. მეზობლად მდებარე ოკუპირებულ სოფელ წნელისში მძიმე ტექნიკისა და სამხედრო ძალის მობილიზება შეინიშნება. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შუამავლობით საქართველოსა და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების ტექნიკური შეხვედრა იმართება, რომელიც უშედეგოდ სრულდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საგუშაგო საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დგას და იქიდან მის გატანას არ აპირებს. მხარეები თანხმდებიან, რომ ტექნიკური შეხვედრები ერგნეთში გაგრძელდება.

4 სექტემბერი. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ახალგორის ე.წ. გამშვებ პუნქტს სწავლის დაწყების უსაფრთხოების მოტივით კეტავს, თუმცა მოგვიანებით დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ახალგორის ჩაკეტვას ჩორჩანა-წნელისის კრიზისს უკავშირებს და მის მოგვარებამდე გზის გახსნას არ აპირებს.

5 სექტემბერი. დე ფაქტო ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, ჩორჩანის ტყეში, 1,3 კილომეტრით შედიან და იქ საგუშაგოების მოწყობას იწყებენ. მოლაპარაკებები ერგნეთის ტექნიკურ შეხვედრებზე გრძელდება, მაგრამ უშედეგოდ. მხარეები საკუთარ პოზიციებზე რჩებიან და საგუშაგოების აღებას არ აპირებენ.

წაღვლი, ჩორჩანა, ყობის ტყეში საოკუპაციო საგუშაგოები და ახალი გაჭრილი გზები
წაღვლი, ჩორჩანა, ყობის ტყეში საოკუპაციო საგუშაგოები და ახალი გაჭრილი გზები

13 იანვარი. ცნობილი ხდება, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, ჩორჩანის ტყეში, იმ ორი ე.წ. სასაზღვრო საგუშაგოს მიმართულებით, საოკუპაციო ძალები ღობეებისა და მავთულხლართების ინსტალაციას იწყებენ.

XS
SM
MD
LG