Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყველაზე სწრაფები მსოფლიოში


ემინემმა რეკორდი მოხსნა. რამდენიმე დღის წინ გამოსულ ალბომში შემავალ სიმღერა Godzilla-ში 30 წამში 229 სიტყვა მიატყვიამფრქვევა და გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. უფრო სწორად, კი არ მოხვდა, დარჩა. ჯერ ერთი, მის სახელს ამ სიის სხვა კატეგორიებშიც შეხვდებით და, მეორეც ერთი, წინა რეკორდიც მისი იყო - მანამდე Rap God-ში გარეპა უსწრაფესად.

ჩემი აზრით, ემინემის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად შთამბეჭდავი რეკორდია. არა, განა იოლი საქმე გააკეთა - თავბრუდამხვევად სწრაფი რეჩიტატივია, უზადო ტექნიკით შესრულებული. აი, მოისმინეთ (სიტყვებით ჟონგლიორობას 2:57-იდან იწყებს):

ყოჩაღ, მარშალ. მაგრამ, აზრი?

მუსიკა ხომ სპორტი არ არის. ყველაზე სწრაფი აქ ყველაზე კარგს ნამდვილად არ ნიშნავს. აი, ვიღაც გიტარაზე უკრავს უსწრაფესად. მერე, რა? კარგი მოსასმენია, ვითომ?

აქაც ეგრეა. პირველი მოსმენისას ემინემის ვერსი უდავოდ იქცევს ყურადღებას. მეორე ჯერზე კი ნახევარი წუთი გაუთავებელი ტაპატაპატატაპატაპა უკვე გბეზრდება.

თანაც, ეს რეკორდი სულაც არ ამტკიცებს, რომ ემინემს მსოფლიოში ყველაზე სწრაფად შეუძლია გარეპოს. გინესის წიგნის კატეგორია შეეხება ჰიტ სინგლებში ყველაზე სწრაფ რეჩიტატივს. იმ სიმღერებს, რომლებიც ბილბორდის ჩარტის სათავეებში მოხვდა. თორემ, აგერ ბრიტანელმა ჰარი შოთამ (ჰო, ქართულად მისი სახელი ნამდვილად სასაცილოდ ჟღერს) ოთხი წლის წინ უფრო სწრაფად გარეპა, ვიდრე ემინემმა. თუმცა, ეგ არ ითვლება, რადგან ჩარტებში არ მოხვედრილა.

ისე კი, მგონი, ამ რეკორდის გარეშე გაცილებით უკეთესი ტრეკი იქნებოდა. განსვენებული Juice WRLD გადასარევ მისამღერს უკეთებს და ემინემსაც საკუთარი სისწრაფის დემონსტრირება რომ არ დაეწყო, მშვენივრად მოისმინებოდა.

თუმცა კი ემინემს იუმორის გრძნობას ვერ დაუკარგავ. ტრეკს ამერიკელი კომიკოსის სიტყვებით ამთავრებს (Look what I’m planning), რომელიც სწორედ ემინემის სტილზე კაიფობდა. სასაცილო ვიდეოა. თან, კრისიც კარგად რეპავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG