Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

9 მილიონ ლარზე მეტის ჯარიმები - ვის და როგორ აჯარიმებენ


27 მარტიდან 10 აპრილამდე 9 მილიონ ლარზე მეტის ჯარიმა გამოიწერა საგანგებო მდგომარეობისა და საკარანტინო წესების დარღვევის გამო. 1 აპრილიდან საგანგებო მდგომარეობას კომენდანტის საათი და სხვა შეზღუდვები დაემატა და თუ მანამდე ადამიანები კარანტინის წესების დარღვევის გამო ჯარიმდებოდნენ, ახლა ჯარიმდებიან იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილში 3 პირზე მეტი ზის ან მგზავრთაგან ერთი მძღოლის გვერდზე იკავებს ადგილს; კომენდანტის საათისას, ანუ საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე, გარეთ ყოფნისთვის; იმ შემთხვევაში, თუ შეკრებილია 3-ზე მეტი ადამიანი და მაშინაც, თუ გარეთ მყოფი ადამიანები არ იცავენ ერთმანეთისგან დისტანციას, ორ მეტრს.

შეზღუდვები და ჯარიმები, რომლებიც საგანგებო რეჟიმმა მოიტანა, ვირუსის გავრცელების შეფერხებას ემსახურება და ადამიანების ჯანმრთელობის ზრუნვის სახელით მოქმედებს - დაჯარიმებულთა ნაწილი ჩივის, რომ მათთვის გამოწერილი ჯარიმები შემთხვევითობის ან გაუგებრობის შედეგი იყო. ყველა ის პირი, ვისაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, ამბობს, რომ წესების დაცვა, მათ შორის, ხელების დაბანა, სოციალური დისტანცია და სიფრთხილე საჭირო და მნიშვნელოვანია.

რამდენიმე ამბავი საგანგებო მდგომარეობის დროს გამოწერილი ჯარიმების შესახებ

მიხეილ სამნიძე ტრაილერის მძღოლია. თვეში რამდენჯერმე ქობულეთიდან კასპში 25 ტონამდე ჯემის დასამზადებლად საჭირო ნედლეული ჩააქვს. ამ მარშრუტს გადიოდა 2 აპრილსაც. როცა მოსაღამოვდა, გზაზე შემხვედრ პოლიციელებს ეკითხებოდა, შეიძლებოდა თუ არა გზის გაგრძელება. სამტრედიაში, ზესტაფონსა და ხარაგაულში ბენზინგასამართ სადგურებსა და სხვა ადგილებში გამაგრებული სამართალდამცველები ეუბნებოდნენ, რომ ჩვეულებრივ შეეძლო მოძრაობა, როგორც ყველა სხვა ტრაილერს, მიუხედავად კომენდანტის საათისა. ღამის 11 საათს რამდენიმე წუთით გადასცდა, როცა კასპში შევიდა. 10 კილომეტრზე ნაკლები აშორებდა ქარხანას, სადაც ნედლეული მიჰქონდა. ერთ-ერთ გადასახვევთან გააჩერეს. პოლიციელები იყვნენ, თუმცა არა პოლიციის მანქანით. მათ უთხრეს, რომ უნდა დაეჯარიმებინათ და პოლიციის კიდევ რამდენიმე ეკიპაჟი გამოიძახეს. მიხეილ სამნიძე 3 000 ლარით დააჯარიმეს - ახსნამ, რომ გზად შემხვედრი პოლიციელების მითითების საფუძველზე მოძრაობდა, შედეგი არ გამოიღო.

ქობულეთიდან კასპამდე 25 ტონა ტვირთის ჩამოტანაში მას 200 ლარს უხდიან - ჯარიმის გადასახდელად 15-ჯერ მაინც უნდა გაიაროს იგივე გზა, სადაც დააჯარიმეს. ამბობს, რომ ამ თანხას ვერ გადაიხდის. ამის გამო და იმის გამოც, რომ ჯარიმას უსამართლოდ მიიჩნევს, გასაჩივრებას აპირებს.

„რომ ეთქვათ, რომ მოძრაობა აღარ შეიძლებოდა 9 საათის მერე, გავჩერდებოდი და ღამეს მანქანაში გავათევდი, დავისვენებდი. 3 სხვადასხვა ადგილას ვიკითხე და მითხრეს, რომ უნდა მემოძრავა. მთელი გზა ტრაილერები მხვდებოდნენ, ესე იგი, შესაძლებელი იყო. ყველა იმ წესს, რაც არსებობს, ვიცავ: მანქანაში ხელთათმანებიც მაქვს, ნიღაბიც და ანტისეპტიკური სითხეც - ამ სამუშაოს შესრულებით ჩემს ჯანმრთელობას ვაყენებ საფრთხის ქვეშ, რომ თან სამსახური არ დავკარგო, თან ბანკის ვალი გავისტუმრო და თან, საკვების გადაზიდვები მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, ახლა“, - ამბობს მიხეილ სამნიძე და ამატებს, რომ დაჯარიმებისას სამართალდამცველების არაერთგვაროვანი მიდგომის გარდა, გააკვირვა იმანაც, რომ პასუხი ჯარიმის მართებულობის შესახებ ვერც გენინსპექციის ცხელ ხაზზე და ვერც საგანგებო მდგომარეობის დროს ამოქმედებულ სამთავრობო ცხელ ხაზზე ვერ მიიღო.

არჩილ პატარიძე ბათუმში კომენდანტის საათის დარღვევისთვის დააჯარიმეს 2 აპრილს. იმ დღეს მისი მეგობარი, რომელსაც იზოლაციისა და ხანგრძლივად შინ ყოფნის გამო შფოთვები ჰქონდა, განსაკუთრებით მძიმედ იყო. არჩილი ძმასთან ერთად მეგობართან წავიდა, რომელსაც, დიდი ხანია, სუსტი ფსიქიკური ჯანმრთელობა აქვს და გამხნევება უნდოდათ. როცა მეგობარი დამშვიდდა და მარტო დატოვება შესაძლებელი გახდა, უკვე კომენდანტის საათი მოქმედებდა. არჩილის სახლი მეგობრის სახლთან ახლოს დგას - რამდენიმე წუთის სავალზე. ამ გზაზე პოლიციელები შეხვდნენ და ისიც და მისი ძმაც დააჯარიმეს. 6 000 ლარის გადახდა რომ შევძლოთ, რამე სხვა სამართალდარღვევა უნდა ჩავიდინოთო, ამბობს არჩილი და საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ ჯარიმების გასაჩივრებას აპირებს.

„თბილისის კომენდანტის საათიც მახსოვს, ომებიც და არც ეს მიკვირს. ისიც მესმის, რომ პოლიცია იმ ბრძანებას ასრულებს, რაც ეძლევა. მეც ჯარისკაცი ვიყავი და ვიცი, რას ნიშნავს ბრძანება, მაგრამ ვირუსმა ხომ დღე და ღამე არ იცის, ყოველთვის ვრცელდება. ეს კომენდანტის საათიც ვირუსის გამო კი არა, კრიმინალის ზრდის გამო რომ შემოიღეს, ეგეც ადვილი მისახვედრია. პოლიციელებს არც შევდავებივარ, თავის საქმეს აკეთებდნენ, მაგრამ სასამართლომ უნდა იმსჯელოს იმაზე, რამდენად სწორია ბრძანება და წარმოვადგენდი თუ არა რაიმე საფრთხეს მეგობრის სახლიდან საკუთარ სახლში მიმავალი“, - ამბობს არჩილი.

ლადო აბსანძე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა მანამ დააჯარიმეს, სანამ საგანგებო მდგომარეობის წესები გამკაცრდებოდა, 30 მარტს. ის ზუგდიდის ერთ-ერთ სუპერმარკეტში შვილთან ერთად მივიდა პროდუქტების საყიდლად და გარეთ ელოდა თავის რიგს. სწორედ ამ დროს მივიდნენ მასთან კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, სთხოვეს მანქანასთან გაჰყოლოდნენ და იმის გამო, რომ არ იცავდა დაწესებულ დისტანციას, ორ მეტრს, საკუთარი შვილისგან, ჯარიმა გამოუწერეს. მისი შვილი, რომელიც სრულწლოვანია, პოლიციელებს არ დაუჯარიმებიათ.

ლადომ ჯარიმა უკვე გაასაჩივრა პოლიციის სამმართველოში, სადაც, როგორც თვითონ ამბობს, არ უჯერებდნენ, რომ მხოლოდ შვილთან ერთად მაღაზიის რიგში დგომის გამო გამოუწერეს ჯარიმა და არაერთხელ ჰკითხეს, კიდევ რაიმე სხვა დარღვევაც ხომ არ ჰქონდა ჩადენილი, რაც ჯარიმის საბაბი გახდა.

„პრინციპის საკითხია, სასამართლოში ვაპირებ ჩივილს. კანონმორჩილი ადამიანი ვარ და რომ ვთვლიდე, რომ სამართლიანია ჯარიმა, გადავიხდიდი, მაგრამ არ ვთვლი, რომ რამე დავარღვიე. ან რა სარგებელი მოაქვს ასეთ შეზღუდვას - ჩემს შვილთან ერთად ვცხოვრობ სახლში, ერთი მანქანით ვიმგზავრეთ, სუპერმარკეტის რიგში დისტანციის დაცვა რისგან დაგვიცავდა. მე მგონია, უფრო შერჩევითი და შესაშინებელი ეფექტი აქვს ამ ჯარიმებს, ვიდრე ვირუსისგან დამცავი. თუ ოჯახის წევრების ერთად გადაადგილება ეგეთი საშიშია, ბარემ გამოიყვანონ ჯარი და ჩაგვკეტონ, როგორც ჩინეთში გააკეთეს“, - ამბობს ლადო.

თეკლა დავითულიანი ამბროლაურში 3 აპრილს, საღამოს 6-ის ნახევარზე დააჯარიმეს 3 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრის წესის დარღვევისთვის. პარკში, სადაც, ჩვეულებრივ, ცოტა ხალხია ხოლმე, სასეირნოდ გასული თეკლა შეყვარებულს და მის ორ ნათესავს შეხვდა და სალაპარაკოდ გაჩერდა. პოლიციამ ოთხივე დააჯარიმა.

„არც ვიცოდი, რომ ამ დროს უკვე 3 კაცზე მეტის შეკრება აღარ შეიძლებოდა, ახალი შეცვლილი იყო ეს წესი. მე ვიცოდი, რომ 10 კაცზე მეტის შეკრება იყო აკრძალული, მაგრამ კანონის არცოდნა არ მათავისუფლებს ჯარიმისგან, ეს არც მომითხოვია. მე რაც არ მომწონს და რის გამოც გავასაჩივრებ ამ ჯარიმას, შერჩევითი დასჯაა. ამბროლაურში ეკლესიები სავსეა მრევლით, მაღაზიებთან ბირჟები დგას და ადგილობრივი მღვდელი დემონსტრაციულად დადის მანქანით, სადაც წინ უზის თავისი ცოლი. თუ ჯარიმაა, ყველას უნდა ეხებოდეს და, თანაც, კორონამ დღე და ღამე არ იცის, ყოველთვის ვრცელდება და ღამე გადაადგილების შეზღუდვა დღისით მეტი ადამიანის მოძრაობას იწვევს, ეგეც მარტივი მისახვედრია. თუ დღეს დაავადებების დაბალი მაჩვენებელი გვაქვს, ეს არა გახარიას შემოღებული საგანგებო მდგომარეობისა და დაწესებული ჯარიმების დამსახურებაა, არამედ ხალხის, რომელიც ვასრულებთ იმ წესებს, რაც არსებობს: ვიბანთ ხელებს, ვუფრთხილდებით მოხუცებს, ვიცავთ სოციალურ დისტანციას და ა.შ.“

თეკლას საქმე სხვა რამდენიმე საქმესთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოში შევა განსახილველად. საგანგებო მდგომარეობის დროს შემოღებულ შეზღუდვებს არაკონსტიტუციურად და არაგონივრულად მიიჩნევს პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ და აპირებს საკონსტიტუციო სასამართლოში იმსჯელოს შემდეგ საკითხებზე:

  • მარნეულსა და ბოლნისში გამოცხადებული კარანტინის გამო გადაადგილების უფლების შეზუდვის მართებულობა;
  • ერთ ავტომობილში სამზე მეტი ადამიანის ყოფნის აკრძალვა;
  • ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა;
  • 3 ადამიანზე მეტი ადამიანის შეკრების შეზღუდვა.

საგანგებო მდგომარეობა თავისი არსით რიგი უფლებების შეზღუდვას გულისხმობს, რისი უფლებაც დაცულია ჩვეულებრივ პირობებში. „გირჩის“ წევრი, ლევან ჯგერენაია, ამბობს, რომ მიუხედავად საგანგებო მდგომარეობის არსისა და შინაარსისა, შეზღუდვები არ შეიძლება იყოს ყოვლისმომცველი და რაციონალური ახსნა უნდა ჰქონდეს. შეზღუდვებისთვის საჭიროა არსებობდეს ლეგიტიმური მიზეზი, რაც ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი ჯანდაცვაა და აუცილებლად უნდა იყოს დაცული პროპორციული ძალის გამოყენების პრინციპი, რისი ვალდებულებაც აქვს სახელმწიფოს.

რამდენიმე კითხვა, რასაც ჯარიმები აჩენს:

- როდის უნდა გადაიხადო ჯარიმა?

- ჯარიმის გადახდა შესაძლებელია როგორც საგანგებო მდგომარეობის დროს, ასევე საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, ერთი თვის ვადაში.

- როდის შეიძლება გაასაჩივრო ჯარიმა?

- ჯარიმის გასაჩივრება შესაძლებელია გამოწერისთანავე. ვადა იწურება საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან 10 დღის გასვლის შემდეგ.

- სად ვრეკავ, თუკი ეჭვი მაქვს, რომ სამართალდამცველი ჩემ მიმართ უსამართლოდ იქცევა?

- 126-ზე; ესაა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზი.

- სად ვრეკავ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში არსებული წესების შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად?

- 144-ზე; ესაა პანდემიის დროს ამოქმედებული მთავრობის ცხელი ხაზი.

XS
SM
MD
LG