Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი აკრძალვები დღის 12:00 საათზე ამოქმედდება - რა არ უნდა გამოგრჩეს 17 აპრილს 


რა იკრძალება დღეიდან?

  • დადასტურებული შემთხვევა - 348
  • გარდაცვლილი - 3
  • გამოჯანმრთელებული - 76
  • კარანტინში - 5079
  • სტაციონარში - 558

17 აპრილის 12 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით ქვეყანაში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ მთავრობის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვა არ ვრცელდება სადისტრიბუციო მანქანებსა და მიტანის სერვისებზე. გარდა ამისა, ამ დრომდე მოქმედმა კომპანიებმა შესაბამისი ნებართვა უნდა მიიღონ.

შეზღუდვები წესდება სასაფლაოებზე შესვლაზე და დახურულ სივრცეებში სავალდებულო ხდება პირბადეების ტარება.

მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემაც. „ჯერჯერობით საქართველოს სახელმწიფომ მოახერხა ეპიდემიის მართვა თქვენი გვერდზე დგომით, მაგრამ ახლა უფრო გვერდზე დგომაა საჭირო, განსაკუთრებით ამ წინასააღდგომო პერიოდში. მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ნუ წავალთ ლიტურგიაზე, ნუ წავალთ ეკლესიებში, ნუ შევიკრიბებით, წელს ეს აღდგომა გადავიაროთ, როგორმე უფრო სხვა ფორმატში ჩავატაროთ, ვიდრე ეს საუკუნეების განმავლობაში ყოფილა“, - თქვა ამირან გამყრელიძემ.

წაიკითხე მეტი.

რას ემსახურება შეთანხმება COVID19-ის საგანგაშო რისკების ფონზე

ეკლესია აღდგომის ღამის ხალხმრავლობისთვის ემზადება - ახლა ეს უკვე ხელისუფლებასთან სრულად არის შეთანხმებული. საპატრიარქომ მიიღო ყველაფერი, რასაც ითხოვდა - სააღდგომო ღვთისმსახურება ტრადიციულად ჩატარდება.

15 აპრილის შეთანხმებით, მცირედი გამონაკლისი შეეხო მხოლოდ კომენდანტის საათს - ყველაფერი სხვა ისევ ძველებურად დარჩა. მართალია მთავრობის წარმომადგენელი კიდევ ერთ მცირედ აკრძალვაზეც ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ - ეს საკითხი სულ სხვაგვარად გაახმაურა საპატრიარქოს წარმომადგენელმა.

  • შეთანხმდა, რომ კომენდანტის საათის გამო, მრევლი ეკლესიებში საღამოს 9 საათამდე მივა, იქ დარჩება გათენების 6 საათამდე და ვეღარ წავა შინ;
  • პრემიერის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა 15 აპრილს თქვა, რომ - აღდგომის ღამეს მცირე ზომის ეკლესიებში იქნებიან მხოლოდ ეკლესიის მსახურები და სასულიერო პირები;
  • საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ კი, სულ ოდნავ მოგვიანებით თქვა, რომ - „პატარა ტაძრებში მრევლი უნდა იყოს მაქსიმალურად ეზოში“.

ჯერჯერობით პასუხგაუცემელია ბევრი შეკითხვა და მაგალითად - სად უნდა წავიდეს პატარა ეკლესიის ეზოში შეკრებილი ხალხი, თუკი მოულოდნელად წვიმა მოვიდა, მათ კი - არც ეკლესიაში შესვლის უფლება აქვთ და არც - სახლში წასვლის.

რატომ არ გამოიყენა ხელისუფლებამ კონსტიტუციით მინიჭებული უფლება საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ვის მოეთხოვება პასუხი, თუკი საქართველო იტალიის ბედს გაიზიარებს - წაიკითხე ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ლავროვი: დახმარების შესახებ აფხაზეთის და "სამხრეთ ოსეთის" თხოვნა უყურადღებოდ არ დარჩება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გამო, რუსეთი ტესტირების სისტემებით, რესპირატორებით და სხვა საშუალებებით ეხმარება დსთ-ის ქვეყნებსაც და აფხაზეთს და „სამხრეთ ოსეთს“.

„ამის შესახებ ალბათ, უფრო მეტს უნდა ვყვებოდეთ“, - უთხრა ლავროვმა გამოცემა „კომერსანტს“. მისივე თქმით, ზოგიერთმა დამატებით ითხოვა დახმარება და ეს საკითხიც განიხილება: „არცერთ მომართვა, იქნება ეს დსთ-ის ქვეყნებიდან, ან აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან, უყურადღებოდ არ დარჩება“.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობები აცხადებენ, რომ კორონავირუსზე ტესტირებას რუსეთიდან მიღებული საშუალებებით ატარებენ. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მტკიცებით, რეგიონში ჯერჯერობით არ გამოვლენილა კორონავირუსის არცერთი შემთხვევა. ინფიცირების 3 შემთხვევას ადასტურებს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება. მისი ინფორმაციით, კორონავირუსის პირველი შემთხვევა 7 აპრილს დაფიქსირდა და ის აღმოაჩნდა რუსეთიდან დაბრუნებულ გაგრელ მამაკაცს.

დე ფაქტო მთავრობა აფხაზეთში COVID-19-ის პირველ შემთხვევად არ თვლის კორონავირუსით გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრის დაავადებას. 50 წლის ქალი რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში 29 მარტს დაბრუნდა. მას უკვე აღენიშნებოდა კორონავირუსის სიმპტომები. იმავე ღამით, პაციენტს დანარჩენ საქართველოსთან 14 მარტიდან დაკეტილი ე.წ. საზღვარი გაუხსნეს. ქალი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს. 30 მარტს თბილისის „ლუგარის ლაბორატორიამ“ დაადასტურა, რომ პაციენტს COVID-19 აქვს.

წაიკითხე მეტი.

სწავლა დისტანციურად: თუ არც კომპიუტერი გაქვს, არც მობილური, არც ინტერნეტი და არც სტრატეგია

რაჭაში არის ერთი კარგი და მშვენიერი სოფელი სახელად ველევი, რომელშიც არის ერთი საჯარო სკოლა და ამ საჯარო სკოლაში სწავლობს სულ 5 მოსწავლე. ისინიც, როგორც ყველა, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ახლა სახლში არიან, მაგრამ მათი თანატოლებისგან განსხვავებით, ონლაინგაკვეთილები არ უტარდებათ.

ამ ბავშვებს არ აქვთ კომპიუტერები. და ვერც უცებ ყიდვას შეძლებენ.

მათი ოჯახების შესაძლებლობა კი მხოლოდ იმას სწვდება, რომ დროდადრო მასწავლებლისგან ტელეფონით ან მესინჯერით დავალება მიიღონ, შეასრულონ და მერე როგორმე უკან დაუბრუნონ. მაგრამ ეს „როგორმე“ ბევრი ტექნიკური პრობლემისგან შედგება.

თუ სხვები ვირტუალურ კლასებში ასე თუ ისე ახერხებენ სწავლის გაგრძელებას, მსგავს სკოლებში ეს პროცესი პრაქტიკულად გაჩერებულია. და ველევისნაირი ბევრი სოფელი და ბევრი სკოლაა საქართველოში.

ეს ჩვენთვის ძალიან რთული აღმოჩნდა, მაგრამ მაინც ვცდილობთ, რომ ბავშვებთან კონტაქტი არ გავწყვიტოთ, დავალებები გავუგზავნოთ. მაგრამ ფაქტია, არც მზად ვიყავით და არც ვიცოდით, რა უნდა გვექნა“, - გვითხრა ველევის სკოლის პედაგოგმა და დირექტორმა ეკა გოგსაძემ.

იცით, როგორ მიდის დისტანციური სწავლება საქართველოს სკოლებში, რომლებიც თვეზე მეტია დაკეტილია? - სხვადასხვანაირად, ვინც როგორ შეძლო. დისტანციური სწავლის სირთულეების შესახებ წაიკითხე ეკა ქევანიშვილის სტატიაში.

XS
SM
MD
LG