„დღეს რომ არჩევნები იყოს“ - როგორია პარტიების მიმართ მხარდაჭერა
საპარლამენტო არჩევნებამდე დაახლოებით ოთხი თვით ადრე საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგებს აქვეყნებს ტელეკომპანია „ფორმულა“. ტელეარხმა ის ამერიკულ კომპანიას „ედისონ რისერჩს“ დაუკვეთა.
მოქალაქეებმა ასე უპასუხეს გამოკვლევის პოლიტიკურ ნაწილში დასმულ შეკითხვას, დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?
- „ქართული ოცნება“ – 39%
- გადაუწყვეტელი - 20%
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 16%;
- „ევროპული საქართველოს“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ბლოკი - 5%
- „ლეიბორისტული პარტია“ – 3%;
- „ლელო“ – 3%;
- „ახალი საქართველო“ (გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი) – 3%
- „პატრიოტთა ალიანსი“ – 3%;
- „გირჩი“ – 2%;
- ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“ 2%;
- ნინო ბურჯანაძის „ერთიანი საქართველო- დემოკრატიული მოძრაობა“ – 1%
- ირაკლი ოქრუაშვილის „გამარჯვებული საქართველო“ – 1%;
- ეკა ბესელიას „სამართლიანობისთვის“ – 1%;
- კახა კუკავას „თავისუფალი საქართველო“ – 1%;
მოქალაქეები პასუხობენ შეკითხვას, თქვენი აზრით, ვინ უნდა იყოს ოპოზიციური კოალიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გამარჯვების შემთხვევაში. პირველ ადგილზე „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე გახდა.
მოესწრება სასამართლოში შაქარაშვილის საქმის განზრახ მკვლელობის მუხლით წაღება?
გამოძიებას მხოლოდ 10 დღე აქვს იმისათვის, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ბრალდებულთა ნაწილს, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე, დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლი წაუყენოს და საქმის მასალები სასამართლოს, სხდომამდე 5 დღით ადრე, ანუ 26 ივლისისთვის გადასცეს.
იქიდან გამომდინარე, რომ 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეში არასრულწლოვანი ბრალდებულებიც ფიგურირებენ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მათი პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 40 დღეს. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ წინასასამართლო სხდომა შემჭიდროებულ ვადებში, 31 ივლისისთვის დაინიშნა. მოითხოვს თუ არა გამოძიება ვადის გახანგრძლივებას, ეს, ჯერჯერობით, უცნობია. უცნობია ისიც, მოახერხებს თუ არა გამოძიება ბრალდებულებისათვის 109-ე მუხლის წასაყენებლად სათანადო მტკიცებულებების შეგროვებას.
18-ტომიან საქმეში, რომელიც რამდენიმე ათას გვერდს აერთიანებს, ამ დრომდე, არ დევს არცერთი მყარი მტკიცებულება, რომელიც გამოკვეთს 17 ბრალდებულიდან, კონკრეტული პირების ბრალს განზრახ ჯგუფურად მკვლელობის მიმართულებით.
არადა, 19 წლის ფეხბურთელის ოჯახი მოითხოვს, რომ სწორედ 109-ე მუხლი წაუყენოს გამოძიებამ იმ „ტოიოტა კამრის“ ექვს მგზავრს, რომლებიც გიორგი შაქარაშვილსა და მასთან ერთად მყოფ ახალგაზრდებს მცხეთის მაგისტრალზე დაესხნენ თავს. მათი გამოჩენის შემდეგ უჩინარდება გიორგის კვალი, რომელიც მთავარმა მოწმეებმა ბოლოს მდინარე არაგვის მიმართულებით გაქცეული დაინახეს, ოთხი დღის შემდეგ კი მაშველებმა ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის მეორე მოსმენით კენჭისყრა დღეს გაიმართება
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მეორე კენჭისყრა პარლამენტში დღეს გაიმართება.
პირველ კენჭისყრაზე, რომელიც 15 ივლისს გაიმართა, 81 დეპუტატი იყო ცვლილებების მომხრე, წინააღმდეგი - არავინ.
კანონპროექტის მიხედვით, კომისიას სპეციალური მმართველის დანიშვნა შეეძლება იმ კომპანიაში, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას ფლობს და წინასწარი თანხმობის გარეშე გაასხვისებს წილებს. მას შემდეგ გააფრთხილებენ და სამჯერ დააჯარიმებენ. კომისიას ამისთვის სასამართლოს თანხმობა არ დასჭირდება, თუმცა კომპანიას შეეძლება ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს. კომპანიაში დროებითი მმართველი დარჩება იქამდე, სანამ კომისიის გადაწყვეტილება არ შესრულდება.
კონკრეტულად რას გააკონტროლებს ფეისბუკი საქართველოში
ფეისბუკმა გადაწყვიტა, რომ შეზღუდოს საეჭვო პირთა მიერ საეჭვო ფულით დაფინანსებული საარჩევნო/პოლიტიკური რეკლამა და ხელი შეუწყოს საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების უფრო სამართლიან გარემოში ჩატარებას. ეს დაპირება ასახულია წერილში, რომელიც ფეისბუკის ადმინისტრაციამ საქართველოში გამოუგზავნა 50-მდე არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, მათი მიმართვის საფუძველზე.
ფეისბუკი რეკლამასთან დაკავშირებული სამართლიანი თამაშის წესების გავრცობას საქართველოშიც გეგმავს. ამომრჩევლებს ზუსტად ეცოდინებათ, ვინ დგას ყველა იმ საარჩევნო თუ პოლიტიკური რეკლამის უკან, რომელსაც ისინი სოციალურ ქსელში შეხვდებიან.
წერილში, რომელიც არასამთავრობო სექტორის ათეულობით ორგანიზაციამ ფეისბუკის ადმინისტრაციისგან მიმართვის საპასუხოდ 15 ივლისს მიიღო, წერია, რომ:
- 2020 წლის აგვისტოს დასაწყისიდან ფეისბუკი საარჩევნო თუ პოლიტიკური რეკლამის საქართველოდან დამკვეთებს საგანგებო ავტორიზაციას მოსთხოვს;
- ამით უზრუნველყოფილი იქნება „გამჭვირვალობისა და ავთენტურობის უპრეცედენტო დონე“;
- და ხალხი შეძლებს, დაინახოს - „ვინ და რატომ ცდილობს ზეგავლენის მოხდენას მათ ხმაზე არჩევნების წინ“.
ვინ არის სამიზნე და კონკრეტულად რას აპირებს ფეისბუკი? რა შედეგს მივიღებთ 2020 წლის არჩევნებისთვის? მოაგვარებს თუ არა ახალი წესები ტროლებისა და ბოტების მრავალგანზომილებიან პრობლემას საქართველოში? წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ახალი სისხლიანი დაპირისპირება - შეწყვეტილი სამშვიდობო ძალისხმევის შეხსენება
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრისპირა არეალში 12 ივლისს დაწყებულმა სამხედრო დაპირისპირებამ საერთაშორისო საზოგადოების განგაში და ორივე ქვეყნის ღრმა ეროვნული მღელვარება გამოიწვია.
ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილ ორ მეზობელს შორის საარტილერიო და სხვა სახის შეტაკებების დროს, მთლიანობაში, დაიღუპა 16 ადამიანი, რომელთა შორის უმეტესობა სამხედროები იყვნენ, თუმცა იყო ერთი სამოქალაქო პირიც. ეს შეტაკებები მოხდა 12 და 14, ასევე 16 ივლისს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრიდან მოშორებულ ჩრდილოეთის მონაკვეთზე.
სისხლიანი ეპიზოდებით აღსავსე ისტორიაში ეს უკანასკნელი ეპიზოდია, რომელიც დე იურე აზერბაიჯანის ტერიტორიის, მთიანი ყარაბაღის გამო დავას ეხება.
ეს ასევე ყველაზე მძიმე ეპიზოდია ძალადობის მხრივ, ყოველ შემთხვევაში, უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში.
ორ ქვეყანას შორის კონფლიქტმა 1988 წელს იფეთქა იმ ფონზე, როცა ეთნიკური სომხები მოითხოვდნენ მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანისგან გამოყოფას და მის დამოუკიდებლობას ან მის სომხეთთან შეერთებას, ამ დროს კი საბჭოთა ხელისუფლება მოსკოვში უკვე ინგრეოდა.
წაიკითხე მეტი.
რა დგას სომხეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო შეტაკებების უკან?