Accessibility links

site logo site logo

შაქარაშვილის მკვლელობაზე ბრალი 5 პირს წაუყენეს - რა არ უნდა გამოგრჩეს 12 აგვისტოს


რა თქვა პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე?

გუშინ პროკურატურამ 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 5 პირს ბრალი დაუმძიმა განზრახ მკვლელობის მიმართულებით. საგამოძიებო უწყებამ თქვა, რომ გიორგი შაქარაშვილს მდინარემდე ხუთმა ადამიანმა სდია, სცემა და წყალში გადააგდო.

პროკურატურამ საზოგადოებას გააცნო იმ მოვლენების თანმიმდევრობა, რაც 19 ივნისის ღამეს არაგვის ხიდზე განვითარდა. ბრიფინგზე არ დაკონკრეტებულა მტკიცებულებები, რის საფუძველზეც გამოძიება ამ დასკვნებამდე მივიდა.

პროკურატურის ვერსიით, აგარაკზე მომხდარი კონფლიქტის დროს დაზიანებები მიიღო ვ.ჩ.-მ და მოწინააღმდეგე მხარეზე შურისძიების მიზნით დაბრუნდა თბილისში, თუმცა ინფორმაციას აწვდიდა წვეულების ადგილზე დარჩენილი 2 მეგობარი.

ვ.ჩ. დაუკავშირდა თბილისში მეგობრებს და დაახლოებით 00:30 საათზე, კუთვნილი "ტოიოტა ქამრითა" და "მერსედესის" მარკის ​მანქანით გაემართნენ მცხეთისკენ. სწორედ იქ დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება და დევნა, რომელიც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებით დასრულდა.

გიორგი შაქარაშვილის ოჯახი გამოძიებას ნდობას უცხადებს. 5 ბრალდებულს კი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

წაიკითხე მეტი ან ნახე პროკურატურის განცხადება სრულად.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ვითარება ბელარუსში

11 აგვისტოს გავრცელდა ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატის, სვიატლანა ციხანოუსკაიას, ვიდეომიმართვა, რომელშიც იგი მოუწოდებს მომხრეებს, რომ შეწყვიტონ გამოსვლები და არ დაუპირისპირდნენ მილიციას.

ვიდეომიმართვამ მის მხარდამჭერებში ეჭვი გააჩინა, რომ ოპოზიციის კანდიდატს ამის თქმა ზეწოლის ქვეშ აიძულეს.

ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ 10 აგვისტოს დატოვა ბელარუსი და ამჟამად ლიეტუვაში იმყოფება.

მანამდე კი, პრეზიდენტობის კანდიდატი, თავის ადვოკატთან ერთად, იმყოფებოდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საჩივრის შეტანის მიზნით.

მისი თანამებრძოლის მარია კოლესნიკოვას თქმით, სწორედ კომისიის თავმჯდომარის, ლიდია ერმოშინას, კაბინეტში დახვდა ციხანოუსკაიას ძალოვანი სტრუქტურების ორი მაღალჩინოსანი, რომლებმაც იგი აიძულეს, გაეკეთებინა შესაბამისი ვიდეომიმართვა ბელარუსი მოქალაქეებისადმი.

ბელარუსში ჩატარებულ არჩევნებს კი დასავლეთი „უსამართლოსა და არალეგიტიმურს“ უწოდებს და ამბობს, რომ ხელისუფლებამ „წითელი ხაზები გადაკვეთა“. ამ შინაარსის განცხადება 11 აგვისტოს ევროპარლამენტართა ჯგუფმა გაავრცელა. ისინი მოუწოდებენ ევროკავშირის ხელმძღვანელობას, სანქციები დაუწესოს ყველა მოხელეს, რომელსაც ბრალი მიუძღვის „არჩევნების გაყალბებაში, ძალადობასა და რეპრესიებში“.

წაიკითხე მეტი.

კორონავირუსის შემთხვევები ყაზბეგში: NCDC კონტაქტებს იკვლევს

კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამო მესტიის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა, ახლა კი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის სპეციალური ჯგუფი ყაზბეგში გაემართა. გუშინ იქ კორონავირუსის 5 შემთხვევა გამოვლინდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა. მეტს ყაზბეგში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე დღეს შევიტყობთ.

მესტიის მუნიციპალიტეტში კი ამ კვირაში 4 ათასი ადამიანის გამოკვლევა იგეგმება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ამ გამოკვლევის შედეგების მიხედვით, შედგება უახლოესი სამოქმედო გეგმა.

ამ თემაზე ასევე ნახე:

FBI-სა და ექსპერტიზის ბიუროს პასუხები თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე​

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარებიდან სამი კვირის შემდეგ გამოძიება კვლავ ელოდება ექსპერტიზის პასუხებს, რომელმაც უნდა დაადგინოს მისი გარდაცვალების მიზეზი. ოჯახი გამოძიებას არ ენდობა და საქმეში ამერიკის ფედერალური ბიუროს ჩართვას ითხოვს.

მას შემდეგ, რაც გარდაცვლილის ოჯახს გენერალური პროკურორი ფედერალური ბიუროს გამოძიებაში ჩართვას დაჰპირდა, შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში მოხდებოდა FBI-სთან თანამშრომლობა. რადიო თავისუფლებას ფედერალურმა ბიურომ განუმარტა, რომ, მათი პოლიტიკის მიხედვით, კომენტარს არ აკეთებენ და დეტალებს არ ასაჯაროებენ ნებისმიერი პოტენციური კომუნიკაციის შესახებ, რომელიც მათ შეიძლება ჰქონდეთ საერთაშორისო პარტნიორებთან. შესაბამისად, უპასუხოდ რჩება კითხვა, რა ვადებში, რა ფორმით ან მასშტაბით შეიძლება ჩაერთოს ფედერალური ბიურო ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში.

ამ დროისთვის გამოძიებამ თქვა ის, რომ თამარის მანქანაში ნაპოვნ ფერად ბარათზე მისი ხელითაა მიწერილი ინფორმაცია მისსავე ანგარიშზე არსებული თანხის შესახებ. ასევე, გამოძიება ამბობს, რომ გაუჩინარებამდე თამარი ინტერნეტში ეძებდა „საუკეთესო გზას თვითმკვლელობისთვის“ და საძილე აბებს.

წაიკითხე მეტი.

COVID-19-ის 17 შემთხვევა და “უამრავი კონტაქტი” - რატომ ჩაიკეტა მესტია?

ნანუკა ჯორჯაძე დაბა მესტიაში კვირას ღამით ჩავიდა და იქ დარჩენას 5 დღით აპირებდა. მეორე დღეს კი პოლიციამ გზა დაკეტა და გასვლის უფლებას არავის აძლევდა. ასე აღმოჩნდნენ ტურისტები იზოლაციაში.

მესტიის მუნიციპალიტეტი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება საქართველოში, მეორე დღეა ჩაკეტილია. აკრძალულია დაბა მესტიასა და სოფლებს შორის მიმოსვლაც. ამის მიზეზი გახდა კოვიდ-19-ის 17 შემთხვევა, რომელსაც სპეციალისტები „გართულებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებად” აფასებენ.

10 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში კოვიდ 19-ის 12 შემთხვევა დადასტურდა. ამავე კლასტერთანაა დაკავშირებული 5 შემთხვევა, რომელიც თბილისში გამოვლინდა.

ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ეპიდემიოლოგი, პაატა იმნაძე, რადიო თავისუფლებასთან განმარტავს, რომ ლენჯერის კლასტერის გარშემო კვლევა ჯერ დამთავრებული არ არის, თუმცა კონტაქტები ძალიან ბევრია თბილისსა და სხვა ადგილებში.

იმნაძე განმარტავს, რომ სვანეთში ადამიანებს ძალიან მჭიდრო კავშირები აქვთ სხვადასხვა სოფელში მცხოვრებ ნათესავებთან.

წაიკითხე მეტი თორნიკე მანდარიას სტატიაში.

არჩევნების დროს ამერიკელების უმეტესობა პირადად აძლევს ხმას მახლობელ საარჩევნო უბნებში. ეს ალბათ შეიცვლება ნოემბერის არჩევნებზე, როცა მილიონობით ადამიანი, როგორც მოსალოდნელია, ხმას ფოსტის მეშვეობით მისცემს - ბევრი მათგანი პირველად - კოვიდ-19-ის პანდემიის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG