Accessibility links

ვის რა შანსი და მოლოდინი აქვს პარლამენტში მოსახვედრად? - რა არ უნდა გამოგრჩეს 14 აგვისტოს


52%-იანი რეიტინგის არითმეტიკა - "გამოკითხულთა 42%-ის პოზიცია უბრალოდ გადაყარეს?"

ბოლო ორი დღის მანძილზე საზოგადოებრივი აზრის ორი კვლევის შედეგები გავიგეთ. აღმოჩნდა, რომ მათ შორის დიდი სხვაობაა. IRI-ის კვლევის შედეგებით, „ქართული ოცნების“ რეიტინგი 33%-ია, ხოლო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ „Survation“-ისთვის დაკვეთილი კვლევით, ეს მაჩვენებელი 52%-ს უტოლდება. „Survation“-ის კვლევის მეთოდოლოგია მწვავე დისკუსიის საგნად იქცა. ირკვევა, რომ შედეგები დათვლილია რესპონდენტთა 42.8%-ის გამოკლებით.

„Survation“-ის შედეგებში არ ასახულან ის გამოკითხულები, რომლებიც მეორეჯერ შეკითხვის შემდეგაც აცხადებდნენ, რომ არ აქვთ გადაწყვეტილი თავიანთი პოზიცია ან უარს ამბობენ პასუხზე. სწორედ ისინი შეადგენენ ამ 42.8%-ს.

„ქართულ ოცნებას“ 52%-იც ეცოტავება. თუმცა, სპეციალისტების გათვლით, გადაუწყვეტელი და უარის მთქმელი ამომრჩევლების არგამოკლების შემთხვევაში მაჩვენებელი გაცილებით დაბალი იქნებოდა.

წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ბაჩალიაშვილის დედის განცხადების საფუძველზე, გენინსპექციაში დაიწყო შემოწმება პროკურორის შესაძლო დისციპლინურ გადაცდომაზე

გენერალურ ინსპექციაში 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის მიერ 13 აგვისტოს მედიასაშუალებებით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო. საქმე, პროკურატურის თანახმად, პროკურორის თანამშრომლის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს შეეხება.

თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ პროკურორი მარიამ გოგორელიანი აბულინგებდა. კერძოდ, თეონა თამაზაშვილის თქმით, პროკურორი მას კითხვებს უსვამდა როგორც ჟურნალისტ გიორგი კაპანაძის მიერ გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით, ასევე ინტერესდებოდა ადვოკატ მიხეილ რამიშვილის საკითხით, რამდენს უხდიდნენ მას და რატომ შეაჩერა ოჯახმა ამ ადვოკატზე თავისი არჩევანი.

წაიკითხე მეტი.

პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ არჩილ გაგნიძეს სახაზინო ადვოკატი დაუნიშნა

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ინტერესების დამცველების საპასუხოდ, პროკურატურამ მას სახაზინო ადვოკატი დაუნიშნა.

პროკურორ დავით ყაზარაშვილის განმარტებით, ეს განაპირობა იმან, რომ ბრალდებულის ადვოკატებმა, რომლებიც მის ინტერესებს იცავენ, დღეის მდგომარეობითაც, არ შეასრულეს საპროცესო ვალდებულება, არ გამოცხადდნენ საგამოძიებო ორგანოში და უარი განაცხადეს მტკიცებულებებისა და ინფორმაციის მიღებაზე, რომელიც სავალდებულო იყო, რომ ბრალდების მხარეს მათთვის გადაეცა.

არჩილ გაგნიძის ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე კი ამბობს, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობდა იმისათვის, რომ გამოძიებას ჩაერთო სახაზინო ადვოკატი ამ საქმეში. „ჩვენ გამოძიებასა და იურიდიული დახმარების სამსახურს დავუფიქსირეთ, რომ ჩვენ ვაგრძელებთ არჩილ გაგნიძის ინტერესების დაცვას. ეს გააკეთეს არა იმისთვის, რომ არჩილ გაგნიძის ინტერესებისთვის ზრუნავენ, არამედ უნდოდათ სახაზინო ადვოკატისთვის გადაეცათ მასალები და მისგან მიეღოთ გაუთქმელობაზე ხელმოწერა და შემდეგ ჩვენზე გაევრცელებინათ ეს გაუთქმელობის ხელწერილი“, - ამბობს ადვოკატი.

წაიკითხე მეტი.

COVID-19: დღეს გახდება ცნობილი მესტიიდან აღებული 500 ტესტის შედეგი

მესტიის მუნიციპალიტეტში მოსახლეობისა და იქ ჩარჩენილი დამსვენებლების მასობრივი ტესტირება დაიწყო. დღეს გავიგებთ პასუხის 500 ტესტზე რომელიც გუშინ აიღეს.

გუშინ კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობას საქართველოში 5 ადამიანი შეემატა. აქედან ორი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერიდანაა. ერთი უკვე ინფიცირებული პაციენტის კონტაქტია, ორი კი - იმპორტირებული შემთხვევა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში მცირე ეპიდაფეთქება მალე დასრულდება.

„მიუხედავად იმისა, რომ ერთ სოფელში და ერთ თემში კორონავირუსის 32 შემთხვევა გვაქვს, სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს“, - თქვა ამირან გამყრელიძემ.

ხაშურის შემოვლითი გზა - ჰამაკები და ნაზუქები აღარ იქნება?

ხაშურის შემოვლითი გზა, რომელიც ხაშურსა და სურამს გვერდს აუვლის, აგვისტოს ბოლოს გაიხსნება. ხალხს, ვინც გზაზე გამოტანილი ჰამაკებითა და ნაზუქებით ირჩენდა თავს, სავაჭროდ სხვა ადგილას გადასვლა მოუწევს.

ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა ივლისში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ პანდემიის გამო სამუშაოები ოქტომბრამდე გადავადდა. აგვისტოს ბოლოს გზის 13-კმ-იანი მონაკვეთიდან 11.5 კმ-ზე 4-ზოლიანი გზა გაიხსნება, ხოლო დარჩენილი 1.5 კმ დროებით 2-ზოლიანი იქნება. დამატებითი 2 ზოლის მშენებლობის დასრულება ოქტომბერშია დაგეგმილი.

შემოვლითი გზა ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის ნაწილია და ორივე მონაკვეთის დასრულების შემდეგ რიკოთის გვირაბამდე მივა.

რას ფიქრობენ ადგილობრივები დაგეგმილ ცვლილებაზე და რა გეგმები აქვს ადგილობრივ ხელისუფლებას? - წაიკითხე მეტი.

თბილისში მცხოვრები ბელარუსიელები საქართველოს მოუწოდებენ, არ აღიაროს ლუკაშენკა პრეზიდენტად

13 აგვისტოს, თბილისში, ბელარუსის საელჩოსთან, ოცამდე ადამიანმა ყვავილები მიიტანა და სანთლები დაანთო მინსკში, აქციების დროს დაღუპულისადმი სოლიდარობის ნიშნად. ისინი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ აღიაროს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, რომელიც, ბევრის რწმენით, გაყალბებულია.

დემონსტრაციებმა მას შემდეგ იფეთქა, რაც ქვეყნის გრძელვადიანი ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკა გამარჯვებულად გამოაცხადეს საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელსაც ევროკავშირი და აშშ უსამართლოდ და არათავისუფლად აფასებენ.

აქციის ათასობით მონაწილე დააკავეს და სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა. სულ მცირე 200 დემონსტრანტი დაჭრილია, ზოგი სერიოზულად. უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, დაკავებულია 6 500-ზე მეტი ადამიანი.

წაიკითხე მეტი ბელარუსში მიმდინარე მოვლენებსა და თბილისიდან გამოცხადებულ სოლიდარობაზე თორნიკე მანდარიას სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

იმისათვის, რომ ნებისმიერი ახალი ვაქცინა სანდოდ, ეფექტიანად და უსაფრთხოდ აღიარონ, მან ტესტირების სამი ეტაპი უნდა გაიაროს. მხოლოდ ამის შემდეგაა მიზანშეწონილი მისი წარმოებაში ჩაშვება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG