Accessibility links

უკვე ვიცით როგორ უნდა ვასწავლოთ დისტანციურად - განათლების სამინისტრომ წესები დაამტკიცა


განათლების სამინისტრომ სკოლებში დისტანციურად სწავლის წესები დაამტკიცა, მათ შორის, პირველად განსაზღვრა ტერმინები.

ელექტრონული სწავლება – სწავლება ელექტრონული პლატფორმების ან ციფრული რესურსების გამოყენებით;

სინქრონული სწავლება – მასწავლებელი და მოსწავლეები კომუნიკაციისთვის ერდროულად იყენებენ რომელიმე ელექტრონულ პლატფორმას. ამ დროს მათ შეუძლიათ მყისიერად დასვან შეკითხვები ან უპასუხონ;

ასინქრონული სწავლება – მასწავლებელი და მოსწავლეები ერთდროულად ან სხადასხვა დროს დამოუკიდებლად სწავლობენ რეალურ დროში კომუნიკაციის გარეშე;

ჰიბრიდული სწავლება – დასწრებითი სწავლებისა და ელექტრონული სწავლების კომბინაცია.

დისტანციური სწავლების მოდელს სკოლა ირჩევს და ათანხმებს რესურსცენტრთან სასწავლო წლის დადგომამდე არაუგვიანეს 14 დღისა. სკოლას მეთოდის შეცვლა სწავლის დაწყების შემდეგაც შეუძლია, ამ შემთხვევაში შეთანხმება 5 დღით ადრე ხდება.

როდის შეუძლია სკოლას დისტანციურ სწავლებაზე გადავიდეს

თუ სკოლაში, დასახლებაში ან მთლიანდ ქვეყანაში გადამდები დაავადების გამო დროებითი შეზღუდვებია დაწესებული;

თუ დროებითი შეზღუდვები დაწესებულია რთული მეტეოროლოგიური ან ექსტრემალური პირობების, ან ბუნებრივი კატასტროფის გამო;

სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმილ ვადებში შეუსრულებლობის ან გადაუდებელი სამშენებლო სამუშაოების დროს;

თუ სკოლაში არის მასწავლებლების დეფიციტი;

ცალკეულ საგანში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვისას ან სკოლის მიერ სხვა დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში.

სკოლა დასწრებით სწავლას უბრუნდება მას შემდეგ, რაც შესაბამისი აქტით განსაზღვრული ვადა ამოიწურება, ან აღმოიფხვრება ის გარემოებები, რამაც სკოლას დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა აიძულა.

როგორ ვასწავლით

დისტანციური სასწავლო პროცესს გეგმავს თავად სკოლა.

თუმცა ნებისმიერი მოდელი უნდა ითვალისწინებდეს პირობებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვისაც.

სკოლა ვალდებულია აღრიცხოს დასწრება. თუ მოსწავლე აცდენს გაკვეთილს, დამრიგებელმა მიზეზი უნდა დაადგინოს. თუ მიზეზი ტექნიკური პრობლემებია (მაგალითად, არა აქვს კომპიუტერი ან ინტერნეტი), სკოლამ უნდა მოიფიქროს როგორ ჩართოს მოსწავლე სწავლის პროცესში.

სკოლა ვალდებულია, ასევე, მასწავლებლისთვის გამოყოს სივრცე დისტანციური გაკვეთილის ჩასატარებლად იმ შემთხვევაში, თუ ის ვერ ახერხებს სახლიდან ჩართვას ან არ გააჩნია შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა.

რეკომენდებულია, რომ დღეში ელექტრონულად 3 გაკვეთილზე მეტი არ ჩატარდეს.

გაკვეთილი უნდა შეიცავდეს სხვადასხვა ინტერაქტიულ ტექნიკას, მათ შორის 10-15-წუთიან შესვენებას ფიზიკური აქტივობით. პერიოდულად შეიძლება ჩატარდეს თვალის ვარჯიშიც.

ჰიბრიდული სწავლების შემთხვევაში სკოლა თითოეული საკლასო ჯგუფისთვის თითოეულ საგანში ადგენს გაკვეთილების ცხრილს, რომელშიც მითითებულია გაკვეთილების ჩატარების ფორმა - დისტანციური ან დასწრებით, განსაზღვრავს, ასევე, საკლასო განაყოფებს დასწრებითი გაკვეთილებისთვის.

ჰიბრიდული სწავლების შემთხვევაში საჯარო სკოლაში დასაშვებია კლასის გაყოფა დასწრებითი გაკვეთილების დაგეგმვისას, დისტანციური გაკვეთილების ჩატარება კი რეკომენდებულია მთელი საკლასო ჯგუფისთვის.

სინქრონული სწავლების შემთხვევაში სკოლა ადგენს სასკოლო საათობრივ ბადეს.

დისტანციური გაკვეთილის რეკომენდებული ხანგრძლივობაა: ა) I-IV კლასებში – 15-20 წუთი; ბ) V-IX კლასებში – 25-30 წუთი; გ) X-XII კლასებში – 35-40 წუთი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG