Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას გირაოს თანხას "სირცხვილია" შეუგროვებს


​"კარტოგრაფების საქმეზე" ბრალდებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას გირაოს თანხას, ჯამში 40 ათას ლარს, აქტივისტები, მოძრაობა "სირცხვილია" შეუგროვებს. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა, გიგა მაქარაშვილმა მიაწოდა.

30-30 ათასი ლარის მოცულობის გირაოს სანაცვლოდ პროკურატურამ მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა მოითხოვა. სასამართლომ მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მათ 20-20 ათასი ლარის გადახდა 30 დღის ვადაში დააკისრა. ოპოზიციური პარტიები მათ გათავისუფლებას "ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკების ერთ-ერთ პირობად ასახელებდნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის მიმდინარეობის პარალელურად აქცია იმართებოდა. სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებდნენ, რომ დაკავებულები პოლიტპატიმრები იყვნენ და უნდა გათავისუფლებულიყვნენ. სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე საქმის პროკურორმა თქვა, რომ მოითხოვდნენ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ და პატიმრობის ნაცვლად გირაოს მოითხოვდნენ.

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ამ დრომდე მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა. იმის მიუხედავად, რომ მელაშვილისა და ილიჩოვას დაკავებიდან რამდენიმე თვე გავიდა, აუდიო-ვიდეო მტკიცებულებებზე პროკურორებმა მხოლოდ გუშინ, 20 იანვარს ისაუბრეს.

XS
SM
MD
LG