Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ბედი ეწია StopCov-ის ფონდში ჩარიცხულ მილიონებს და თავად ფონდს


უკვე თვეებია, მთავრობა აღარ საუბრობს StopCov-ის ფონდის შესახებ. ამ ფონდს არ ჰქონია საკუთარი ვებსაიტი, წესდება, არ ყოფილა საზოგადოებისთვის გამჭვირვალე შემომწირველთა ვინაობა, შემოწირულებების რაოდენობა და თანხის ხარჯვის ამსახველი დოკუმენტაცია.

ფონდის შექმნის თარიღი: 23.03.2019

შექმნის მიზანი: პანდემიის პერიოდში სოციალურად ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა

ჩარიცხული თანხა: 138 351 872 ლარი

ვინ ჩაირცხა ფონდში ფული: ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა რთულია. ფონდის საქმიანობა თანმიმდევრულად გამჭვირვალე არ ყოფილა. ინფორმაცია ქველმოქმედების შესახებ პრესრელიზებსა და ახალ ამბებშია ფრაგმენტულად გაბნეული.

რამდენი დაიხარჯა და რაზე: ზუსტი პასუხის გაცემა ამ კითხვაზეც რთულია - მაღალი თანამდებობის პირების საჯარო განცხადებებით და დოკუმენტით, რომელიც ღია წყაროებში იძებნება, ირკვევა, რომ თითქმის 124 მილიონი დაიხარჯა სწავლის დაწყების წინ ბავშვების ერთჯერადი ფულადი დახმარებისთვის.

რა თანხაა დარჩენილი ფონდში: ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ფონდში ამჟამად 7 მილიონი ლარია დარჩენილი.

რა არ ვიცით: რაში დაიხარჯა 7 მილიონ ლარზე მეტი და რისთვის არის განკუთვნილი ფონდში არსებული 7 მილიონი.

პანდემიის საწყის ეტაპზე, მარტში შეიქმნა ფონდი, სადაც ნებისმიერს შეეძლო გადაერიცხა თანხა, სახელმწიფოს კი ეს ფული ვირუსით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად უნდა გამოეყენებინა. ფონდის არსებობის განმავლობაში 138 მილიონ ლარზე მეტი ჩაირიცხა. მიუხედავად იმისა, რომ თანხა არაერთმა კერძო პირმა და კომპანიამ, ასევე სახელმწიფო უწყებებმა და პოლიტიკოსებმა გადარიცხეს, ფონდში აკუმულირებული თანხის უდიდესი ნაწილი, ანუ 72%, მხოლოდ ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის ფული იყო. ფონდი, რომელსაც შექმნისას რეკლამირებას უკეთებდა ხელისუფლება, შექმნიდან რამდენიმე თვეში გაქრა მთავრობის საჯარო დღის წესრიგიდან და ყველაფერი, რაც მის შესახებ დღეს ვიცით, ფრაგმენტული ინფორმაციის შეკრების შედეგად მიღებული სურათია.

  • ჩარიცხული თანხის თითქმის მთელი მოცულობა ფონდის შექმნის პირველ ერთ თვეზე მოდის - 2020 წლის აპრილიდან 2021 წლის თებერვლამდე მხოლოდ 10 მილიონი ლარი დაემატა ფონდს.
  • ფონდის მთავარი შემომწირველია ბიძინა ივანიშვილი, შემომწირველთა სრული სია უცნობია.
  • სოლიდური შემოწირულება, მილიონ ლარზე მეტი, გაიღო ე.წ. კარტოგრაფების საქმის მნიშვნელოვანმა მოწმემ, ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა.
  • ფონდში თანხებს წირავდნენ როგორც კერძო პირები, ისე სახელმწიფო უწყებები, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული და შემდეგ სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი „ბლექ სი არენის” თანამშრომლები, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დასაქმებულები, კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისია, ფეხბურთის ფედერაცია, იმუნიზაციის ცენტრი.

ფონდს შექმნიდან საწყის ეტაპზე კოორდინაციას უწევდა ბიზნესომბუდსმენის აპარატი.
„პირველი პრიორიტეტი, ეს იქნება სოციალურად ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, თუ ამის საჭიროება დადგება და როცა დადგება. ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა და საზოგადოების, ბიზნესისა და სახელმწიფოს გაერთიანება და კონსოლიდაცია ასეთი გამოწვევების პირობებში არის ძალიან მნიშვნელოვანი, სასარგებლო. დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ ერთიანობით ძალიან ეფექტურად გავუმკლავდებით COVID-19-ს”, - ამბობდა ფონდის შექმნისას ბიზნესომბუდსმენი.

რამდენიმე თვეში ფონდის მართვა ფინანსთა სამინისტროს ხელში გადავიდა, თუმცა ამ დრომდე პლატფორმაზე stopcov საკონტაქტო ნომრად კვლავ ბიზნესომბუდსმენის აპარატის ცხელი ხაზია მითითებული.

სწორედ ფინანსთა სამინისტროს უჩივლა სასამართლოში ფონდის შექმნიდან თითქმის წლისთავზე პოლიტიკოსმა ანა დოლიძემ.

„ვისთან და რა ტიპის ხელშეკრულებები დაიდო, რა მომსახურება შეისყიდა სახელმწიფომ - ეს ყველაფერი არის საჯარო ინფორმაცია და ფინანსთა სამინისტრო, რომელიც განკარგავს ამ სახსრებს, ვალდებულია, კანონმდებლობის მიხედვით ეს ინფორმაცია გაასაჯაროოს. ჩვენი არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, ფინანსთა სამინისტრო დღემდე უარს ამბობს მოგვაწოდოს ინფორმაცია”, - ამბობს ანა დოლიძე, რომელიც მთავრობას ახსენებს, რომ საერთაშორისო სტანდარტებით პანდემიის დროს მთავრობებს თანხის ხარჯვისას გამჭვირვალობის კიდევ უფრო მაღალი სტანდარტი და საზოგადოებასთან მეტი ანგარიშვალდებულება მართებთ, ვიდრე ჩვეულებრივ.

ფონდის შექმნიდან მალევე, რადიო თავისუფლებაც ცდილობდა პასუხის მიღებას კითხვაზე, რა მიზნით დაიხარჯებოდა მასში მობიზილებული თანხა, მაგრამ უშედეგოდ. ჩვენ ახლაც ველოდებით ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროსგან ფონდის წესდების, შემომომწირველთა სრული სიისა და ხარჯების შესახებ.

პრემიერ-მინისტრმა მხოლოდ აგვისტოს დასაწყისში თქვა, რომ ფონდში მობილიზებული თანხა სამთავრობო პროგრამას მოხმარდებოდა: ხელისუფლებამ 18 წლამდე მოქალაქეებს სახელმწიფოსგან 200-ლარიანი დახმარება ჩაურიცხა.

თუმცა, კონკრეტულად რა ოდენობის თანხა გადაურიცხა სახელმწიფომ ბავშვებს საერთო ჯამში, არსად თქმულა, ერთადერთი, რაც ამ საკითხზე საჯაროდ ხელმისაწვდომია, ისაა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო სადეპუტატო კითხვების ფორმატში ლევან კობერიძეს პასუხობს, რომ ფონდიდან 123 692 000 ლარი გამოიყო 18 წლამდე ბავშვების ერთჯერადი სოციალური დახმარებისთვის.

დღევანდელი მონაცემებით, თუკი ფონდში აკუმულირებული 138 351 872 ლარიდან 123 692 000 ლარი ბავშვების ერთჯერად სოციალურ დახმარებას მოხმარდა, და ფონში კიდევ 7 მილიონი რჩება, გაურკვეველია, რა ბედი ეწია 7 მილიონზე მეტს.

„ჩვენი არაერთი კითხვის მიუხედავად, ფინანსთა სამინისტროში ამ ფონდის ხარჯვის შესახებ რაიმე დეტალებს არ ამბობენ და გვპასუხობენ მხოლოდ იმას, რომ დაიხარჯა ჩვეულებრივ საბიუჯეტო საჭიროებისამებრ, ანუ აითქვიფა ბიუჯეტში. ფონდის ხარჯვა არ იყო მიზნობრივი - ბიზნესმენებს, იძულებით თუ არაიძულებით, ფული შექონდათ უშუალოდ კოვიდთან საბრძოლველად, მათ ეს ფული მიმოაბნიეს და მოხმარდა საბიუჯეტო ხარჯებს”, - ამბობს რომან გოცირიძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი“, რომელსაც უჭირს დაიჯეროს, რომ ფონდის თანხების დიდი ნაწილი ბავშვებისთვის განკუთვნილ ერთჯერად სოციალურ დახმარებას მოხმარდა.

მან არაერთხელ საჯაროდ, მათ შორის პარლამენტშიც, დასვა კითხვა ფონდის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. ყოფილი პარლამენტარი თვლის, რომ პრობლემაა არა მხოლოდ ის, რომ ქველმოქმედებით შეგროვებული თანხა ბიუჯეტს გადაეცა, არამედ ისიც, როგორ აგროვებდა სახელმწიფო ფულს. ​

„ფული შექონდათ ძირითადად “ქართული ოცნების” მხარდამჭერ ბიზნესმენებს, რომლებიც შემდგომში ამას ასმაგად ინაზღაურებდნენ სახელმწიფო ტენდერებიდან. სხვა ბიზნესებსაც აიძულებდნენ, ფული შეეტანათ. გვახსოვს “სუფთა სახლის” სკანდალი, რომელმაც ფული ჩარიცხა, მსგავსი ობიექტების გახსნის უფლება უნდა მიეცათ და და მერე გახსნის უფლება აღარ მისცეს, როგორც ჩანს, არ იყო საკმარისი ის შემოწირულება“, - ამბობს რომან გოცირიძე.

ფონდის არსებობის ქრონოლოგია ასეთია:

26 მარტი 2020 წელი

23 მარტს დაფუძნებულ Stopcov ფონდში 9 მილიონი ლარი ჩაირიცხა. ამ დროისთვის გამჭვირვალეა ყველა გადამრიცხველის ვინაობა. მაგალითად, ვიცით, რომ ფონდში 30 000 ლარი გადარიცხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ - 100 000 ლარი, კომპანია „არ ემ ჯიმ” - მილიონი ლარი.

9 აპრილი, 2020 წელი

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა, - ფონდში გაღებულმა ჯამურმა თანხამ 124 543 899 ლარი შეადგინა.

16 აპრილი, 2020 წელი

ფონდში მობილიზებულია 128 700 000 ლარი. მთავრობა ავრცელებს ინფორმაციას, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის StopCoV ფონდში გადარიცხავენ. სოლიდარობის აქციას უერთდებიან საქართველოს გენერალური პროკურორი და მისი მოადგილეები, აჭარისა და აფხაზეთის ა/რ მთავრობები. ამავე ინფორმაციით, StopCoV ფონდში შემოწირულებები განახორციელეს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა.

21 აპრილი, 2020 წელი

ფონდში თანხების მობილიზებისთვის ჭადრაკის ფედერაცია მარათონს მართავს და 10 000-ზე მეტ ლარს აგროვებს. ყველა მსურველს შეუძლია, ვირუსთან ბრძოლის ფონდში, მინიმუმ, 100 ლარი გადარიცხოს და შემდეგ 3-პარტიან ონლაინმატჩში ისეთი ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკეები გამოიწვიოს, როგორებიც არიან: ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ნანა ალექსანდრია, ნანა იოსელიანი, ნინო გურიელი, ასევე - საქართველოს ქალთა ნაკრების წევრები.

24 აპრილი, 2020 წელი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა პირობას დებს, რომ ფონდში არსებული თანხა გამჭვირვალედ დაიხარჯება:

„ამ ფონდის განკარგვა მოხდება გამჭვირვალედ, გამჭვირვალე ანგარიშგება იქნება. ამის კოორდინაციას აკეთებს ბიზნესომბუდსმენი და მთავარი ამოცანა არის, დაეხმაროს სახელმწიფოს, მოქალაქეებს და გადავლახოთ კორონავირუსის გამოწვევა. თითოეული ლარი, რომელიც აქედან დაიხარჯება, თქვენთვის ცნობილი იქნება“.

8 მაისი, 2020 წელი

თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ ფონდში თავმოყრილი თანხების არც ხარჯვაა დაწყებული და არც ის არის გადაწყვეტილი, რისთვის გამოიყენებს მას ხელისუფლება. ამ დროისთვის ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში ცხოვრობს, მკაცრი შეზღუდვების გამო არაერთ ადამიანს უკვე დაკარგული აქვს შემოსავალი.

„ამ თანხების გახარჯვა ჯერ არ მიმდინარეობს. თუ რა მიმართულებით იქნება განკარგული თითოეული თეთრი, ცნობილი და ცხადი იქნება საზოგადოებისთვის. ჯერ არ არის გადაწყვეტილება მიღებული“.

27 მაისი, 2020 წელი

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში გამოსვლისას მადლობას უხდის მსხვილი შემოწირულებისთვის პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და ამბობს, რომ ფონდში მობილიზებულ თანხას მაშინ გამოიყენებენ, როცა ამის მწვავე საჭიროება შეიქმნება:

„თუ არ ვცდები, დღეს ფონდში მობილიზებილია 132 მილიონი ლარი. ეს არის ის ფინანსური რესურსი, რომელიც უაღრესად მწვავე და საჭირო დროს იქნება გამოყენებული. რა თქმა უნდა, აქ მინდა აღვნიშნო ბატონი ბიძინა ივანიშვილის და "ქართუ ფონდის" დამსახურება. ჩვენ ამ დონაციას გამოვიყენებთ სწორედ მაშინ, როდესაც ეს ქვეყანას ყველაზე უფრო დასჭირდება და, რა თქმა უნდა, ამ დონაციას აქვს ფინანსური დაზღვევის ყველაზე დიდი მნიშვნელობა”.

9 ივნისი, 2020 წელი

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე ამბობს, რომ StopCov ფონდში მობილიზებული 133,5 მილიონი ლარი პირდაპირ ბიუჯეტში იქნება მიმართული და მთავრობას მისი დახარჯვა მხოლოდ კოვიდ-19-თან დაკავშირებულ ღონისძიებებზე შეეძლება:

„ის თანხა, რომელიც შემოწირულობებით არის შეგროვილი ფონდში, 133,5 მლნ ლარი, ეს როგორც დამატებითი თანხა, განსაზღვრულია ბიუჯეტში და პირდაპირ ბიუჯეტში დაიწერა, რომ მისი ხარჯვა მოხდება მთავრობის გადაწყვეტილებების შესაბამისად, მხოლოდ კოვიდის საწინააღმდეგო ღონისძიებებზე, ან მისგან დაზარალებულთა დახმარებებზე. ამ მიმართულებებით შეეძლება მთავრობას ამ თანხის განკარგვა“.

16 ივნისი, 2020 წელი

ფონდთან დაკავშირებით კომუნიკაციას უკვე ფინანსთა სამინისტრო მართავს და მასში მობილიზებულით თანხებით სოციალური პაკეტის შექმნის შესაძლებლობაზე საუბრობს. ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ფონდის თანხები [133,5 მლნ ლარი] ბიუჯეტში ჩაიდო და გაიწერა, რომ კორონავირუსისგან დაზარალებული მოქალაქეების დასახმარებლად უნდა დაიხარჯოს.

23 ივნისი, 2020 წელი

ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ანა წითლიძე აცხადებს, რომ ზუგდიდის მერიის ა(ა)იპ-ების თანამშრომლებს აიძულებენ პანდემიით დაზარალებულთა ფონდში თანხების ჩარიცხვას. მერიაში ადასტურებენ, რომ პანდემიით დაზარალებულთა ფონდში თანხას თანამდებობის პირებთან ერთად ააიპ-ების თანამშრომლებიც რიცხავენ, თუმცა, მერიის პრესსამსახურის განცხადებით, ამას იძულებითი ხასიათი არ აქვს.

6 აგვისტო, 2020 წელი

„ანტიკრიზისული გეგმის მესამე, ახალი ეტაპის მთლიანი საბიუჯეტო პაკეტი 410 მლნ ლარზე მეტია, საიდანაც 130 მლნ ლარი StopCov ფონდში აკუმულირებული თანხაა”, – ამბობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა.

„ეს თანხები რამდენიმე მიმართულებით დაიხარჯება, მათ შორის, 17 წლის ჩათვლით ბავშვების 200-ლარიან დახმარებაზე”, - ასეთი იყო მთავრობის გეგმა სასწავლო წლის დასაწყისში.

ვინ შესწირა ფონდს ფული

ფონდს ყველაზე მსხვილი თანხა ქვეყნის ყველაზე მდიდარმა ადამიანმა ბიძინა ივანიშვილმა შესწირა.

ფონდს სოლიდური თანხა შესწირა ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა, რომელიც საზაგადოების ყურადღების ცენტრში ამ გადარიცხვის გამო არ მოხვედრილა. არამედ ქველმოქმედებიდან რამდენიმე თვეში, როცა მან რუსეთის არქივებიდან ის კარტოგრაფიული მასალა ჩამოიტანა, რომელიც ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე მტკიცებულებებად გამოიყენა პროკურატურამ. დავით ხიდაშელმა ბიძინა ივანიშვილის მადლობა და მისგან გმირის სტატუსი სწორედ ამ საქმიანობის გამო მიიღო და არა ფონდში გადარიცხული მილიონზე მეტი ლარის გამო.

10 000 ლარი შესწირა ფონდს დავით ზილფიმიანმა, ახლა უკვე პარლამენტის წევრმა, რომელიც ერთპარტიულ, ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად გამოცხადებულ პარლამენტში “ევროპული სოციალისტების” პარტიის სახელით შევიდა, მანამდე კი ღიად პრორუსული ნარატივის მქონე პარტია „პატრიოტთა ალიანსის” სიაში ირიცხებოდა. ის ციფრული მულტიპლექს ოპერატორის - „სტერეო +“-ის დამფუძნებელია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ კი საჯარო რეესტრზე დაყრდნობით შეგროვილი მონაცემების მიხედვით ამბობს, რომ დავით ზილფიმიანის ბიზნესსაქმიანობა, „სტერეო +“-ის გარდა, უკავშირდება ასევე შპს ტელეკომპანია „I სტერეოს“, შპს „მედიაკომსა“ თუ შპს „მულტინეტს“.

10 000 ლარი გადარიცხა ფონდში ახლა უკვე პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“ და ყოფილმა საკრებულოს წევრმა, თამარ ტალიაშვილმა. მისი, როგორც საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის წლიური ხელფასი, მაგალითად, 2018 წელს 50 000 ლარზე ნაკლები იყო, 2019 წელს კი - 40 000 ლარი. 2020 წელს შევსებულ დეკლარაციაში დეპუტატს StopCov ფონდში გადარიცხული თანხა ხარჯებში მითითებული არ აქვს.

ფონდში 100 000 ლარს ქვემოთ თანხა გადარიცხა ათობით კერძო კომპანიამ და საჯარო სტრუქტურამ, რომელთა შორის არიან აქსის თაუერსი, მოგზაურთა კლუბი, საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი, მარაბდა-კარწახის რკინიგზამ, ლილო მოლმა, რესტორნების ქსელმა „კახელები“ - ჭიჭიკო გოლეთიანი, გორის ცენტრალურმა საავადმყოფომ "გორმედი", უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, თბილისის სამგზავრო ტრანსპორტის მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა, იმუნიზაციის ცენტრმა და ა.შ.
ფონდში 100 000 ლარს ქვემოთ თანხა გადარიცხა ათობით კერძო კომპანიამ და საჯარო სტრუქტურამ, რომელთა შორის არიან აქსის თაუერსი, მოგზაურთა კლუბი, საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი, მარაბდა-კარწახის რკინიგზამ, ლილო მოლმა, რესტორნების ქსელმა „კახელები“ - ჭიჭიკო გოლეთიანი, გორის ცენტრალურმა საავადმყოფომ "გორმედი", უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, თბილისის სამგზავრო ტრანსპორტის მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა, იმუნიზაციის ცენტრმა და ა.შ.

უკვე თვეებია, აღარ ისმის არც მოწოდებები ფონდში ფულის ჩარიცხვის შესახებ და აღარც იმაზე საუბარი, როგორი მნიშვნელოვანია პანდემიის დროს კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობა. ანგარიში, რომლის საშუალებითაც კოვიდის ზიანის შესამსუბუქებლად ადამიანები და კომპანიები StopCov ფონდში ფულს რიცხავდნენ, კვლავ აქტიურია. ამ ანგარიშზე ფონდის შემომწირველს შეუძლია თანხა ისე გადარიცხოს, რომ ანონიმურად დარჩეს, ან მისი შემოწირულება საჯარო გახდეს. ანონიმური შემოწირულებები ბიუჯეტში ფულის უკონტროლო შედინებას ნიშნავს, საჯაროობა კი ქველმოქმედების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების საშუალებას იძლევა, თუმცა ორივე ეს რისკი ამ დროისთვის დღის წესრიგში არ დგას, ვინაიდან ფონდში ახალი თანხები თითქმის არ შედის. გასული ორი კვირის განმავლობაში ფონდში ერთი შემოწირულებაც კი არ განხორციელებულა. ბიზნესს, რომელსაც მკაცრი შეზღუდვები და ეკონომიკური კრიზისი მძიმე ტვირთად დააწვა, ქველმოქმედებისთვის ნაკლები რესურსი რჩება, პოლიტიკოსებმა კი ფონდის მიმართ ინტერესი ჯერ კიდევ ზაფხულში დაკარგეს.

როგორც რომან გოცირიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ფონდი არც არასოდეს ყოფილა თავისი ფორმითა და შინაარსით სრულყოფილი ფონდი და ის უფრო ანგარიშის ნომერი იყო თავიდანვე, სადაც ხელისუფლება დამატებით ფულს აგროვებდა საკუთარი სურვილების შესასრულებლად.

„რესურსი გაუჩინა ამ ფონდის ფულმა ხელისუფლებას, გამოეყენებინა ის თანხები საკუთარი სურვილებისთვის. ეჭვები ბევრია”, - უთხრა რადიო თავისუფლებას რომან გოცირიძემ. ის მიიჩნევს, რომ ფონდი ცალკე სტრუქტურა უნდა ყოფილიყო, რომლის ხარჯვასაც ის პირები გააკონტროლებდნენ, ვისაც ფული შეჰქონდა, იქიდან გამომდინარე, რომ ნებისმიერი ფონდს უნდა ჰყავდეს მმართველობა და მაკონტროლებელი ორგანო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG