Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეთანხმება არ შედგა - რა არ უნდა გამოგრჩეს 31 მარტს


კომპრომისული დოკუმენტი არც ერთმა მხარემ არ მიიღო - დეტალები მოკლედ

7-საათიანი უწყვეტი მოლაპარაკების შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ისევ შეთანხმების გარეშე გამოვიდა ტრიბუნასთან. მისი თქმით, დოკუმენტი, რომელიც ევროპელმა პარტნიორებმა შესთავაზეს ოპოზიციასა და ხელისუფლებას, არც ერთმა მხარემ არ მიიღო.

„დღეს მე დავასრულე მეორე მედიაციის მისია საქართველოში, როგორც პრეზიდენტ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა. არსებობს გადაწყვეტა ამ კრიზისის. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს ძალიან მნიშვნელოვან საარჩევნო და მართლმსაჯულების სისტემებს, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს ძალაუფლების გადანაწილებას განსაკუთრებით პარლამენტში და ასევე გადაწყვეტილება, რომელიც დაასრულებდა გაგრძელებულ დებატებს პოლიტიზებულ სასამართლო საქმეებსა და ადრეულ არჩევნებზე და ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მოითხოვს პოლიტიკურ გამბედაობას და მე წარმოვადგინე ასეთი წინადადება და ის იქნება საჯარო დოკუმენტი ახლა. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის ინტერესებს აყენებს ყველა სხვა საკითხზე მაღლა და სამწუხაროა, რომ არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო“, - განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.

რა შეთავაზება იდო მაგიდაზე?

მოლაპარაკებების დასრულებისთანავე ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში გამოაქვეყნა შეთავაზების ტექსტი:

  1. პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება - ეს პუნქტი მხარეებს ავალდებულებდა, ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში, მოეხდინათ ინიცირება ამნისტიის შესახებ კანონის, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.
  2. ამბიციური საარჩევნო რეფორმა - ამ პუნქტში ეწერა, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნებოდა სრულად პროპორციული. შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერი აიწევდა ბუნებრივიდან 2%-მდე. ეს ნაწილი მოიცავდა საარჩევნო ადმინისტრაციისა და კომისიის დაკომპლექტების წესებს და ადგილობრივ არჩევნებში შემდეგი პროპორციების დაცვას: „პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების 4/1 პროპორცია ხუთ დიდ ქალაქში და 2/1 პროპორცია ყველა დანარჩენში. 2.5% ბარიერი თბილისში, 3% ბარიერი ყველგან თბილისს გარეთ“.
  3. კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა - ამ პუნქტში ხაზგასმული იყო მრავალპარტიული ჩართულობის აუცილებლობა. „ფართომასშტაბიანი, ინკლუზიური და ყველა პარტიის მონაწილეობით შემუშავებული რეფორმების გზაზე პირველი ნაბიჯის გადადგმის ნიშნად, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ამბიციური სასამართლო რეფორმა“, - წერია დოკუმენტში. აქ იგულისხმებოდა მოსამართლეების დანიშვნის წესის მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება, უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნის შეჩერება და განაცხადების თავიდან მიღება.
  4. პარლამენტში ძალაუფლების განაწილება - ამ ნაწილში გაწერილი იყო ძალების გადანაწილება პარტიებს შორის პარლამენტში. ოპოზიციური პარტიების წევრებს უნდა ჩაებარებინათ ხუთი კომიტეტის თავმჯდომარეობა: საპროცედურო საკითხების, ადამიანის უფლებათა, იურიდიული, საბიუჯეტო და საგარეო საქმეთა კომიტეტები.
  5. მომავალი არჩევნები - ეს ყველაზე მწვავე საკითხი აღმოჩნდა ოპოზიციისთვის. „პარტიები აღიარებენ, რომ ისინი განსხვავებულად აფასებენ 2020 წლის არჩევნებს და თანხმდებიან საპარლამენტო მანდატებზე და მონაწილეობაზე მომავალ არჩევნებში, რომელიც ჩატარდება წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და წინამდებარე შეთანხმების განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე“, - ეწერა ამ პუნქტში.

მხარეების პოზიცია

მოლაპარაკებებიდან გამოსულმა „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ კომპრომისზე წასვლა ოპოზიციამ ვერ შეძლო.

„ყველაფერი დღესავით ნათელია, ოპოზიციამ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები გაყალბდა. სამაგიეროდ, ჩვენ წარვადგინეთ მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ PVT სწორედ რადიკალური ოპოზიციის მიერ გაყალბდა. ჩვენ შევთავაზეთ გადამოწმების ყველა საშუალება, მათ შორისმ გადათვლა, ჯერ კიდევ მეორე რაუნდის დროს, შევთავაზეთ პოლიტიკური დებატები, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა და ა.შ. ყველაფერზე უარი თქვეს და რატომ? იმიტომ, რომ მათმა 11 ათასმა პარტიულმა კომისიის წევრმა ხელი მოაწერა იმ ოქმებს, რომელსაც შემდეგ თვითონვე აკრიტიკებდნენ. ყველაფერი დღესავით ნათელია. არჩევნები არ გაყალბებულა, რასაც ასევე ადასტურებს ყველა შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტის დასკვნა, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ ეუთო/ოდირის დასკვნაზე, ნული მტკიცებულებებია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით და ამ ყველაფრის კიდევ ერთი ცხადი დასტური იყო ის, რომ დღეს საერთაშორისო პარტნიორებმა წარმოადგინეს დოკუმენტი, რომელშიც არავითარი ჩანაწერი არ იყო არც რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, არც პირდაპირი და არც არაპირდაპირი ფორმით“, - თქვა კობახიძემ. აქვე დაამატა, რომ პარლამენტის კარი ღია რჩება „კონსტრუქციული ოპოზიციური პარტიებისთვის“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა მოლაპარაკებებზე, სალომე სამადაშვილმა, მედიაციის შემდეგ თქვა, რომ ქვეყანამ ისტორიული შანსი დაკარგა. მან განმარტა ის საკითხები, რაზეც ოპოზიციას საკუთარი ხედვა ჰქონდა:

„ჩვენ გვქონდა შანსი დღეს, შეთანხმებისთვის მიგვეღწია შარლ მიშელი გეგმის ყველა პუნქტზე. ამ ხუთი პუნქტიდან სამ საკითხზე ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი დათანხმდა. არსებობდა ორი საკითხი, პოლიტპატიმრები და არჩევნები, რომელზეც ჩვენ შევთავაზეთ არაერთი წინადადება შესაძლო კომპრომისული ვარიანტისა. მაგალითად, შემიძლია გითხრათ ჩვენი ერთ-ერთი წინადადება, რომელიც შეეხება იმას, თუ როგორ ვხედავთ პოლიტიკურ მომავალს ქვეყანაში. თქვენ იცით, რომ ვერ შევთანხმდებით შეფასებაზე იმის თაობაზე, თუ რა მოხდა ოქტომბრის არჩევნებზე გასულ წელს ჩვენ ქვეყანაში, მაგრამ შეიძლებოდა შევთანხმებულიყავით ახალ კონსტიტუციურ მოდელზე. ჩვენი ერთ-ერთი შეთავაზება იყო ის, რომ პლებისციტზე დასმულიყო საკითხი ახალი კონსტიტუციის მიღების და ახალი კონსტიტუციის საფუძველზე ვადამდელი არჩევნების ჩატარების თაობაზე“, - თქვა სალომე სამადაშვილმა.

მისი შეფასებით, ამნისტიის შესახებ წინადადება, რომელიც შეთანხმების პროექტში იყო წარმოდგენილი, ოპოზიციის შეხედულებით უნდა შეხებოდა ორივე პოლიტპატიმარს, კერძოდ, როგორც ნიკა მელიას, ასევე გიორგი რურუას.

„ქართული ოცნება არ აღმოჩნდა მზად, მათ შორის იმ პუნქტებზე ხელმოსაწერად, რომლებიც ჩვენი მხრიდან სრულიად მისაღები იქნებოდა, როგორც ნაწილი შეთანხმების“, - თქვა სალომე სამადაშვილმა.

კომენტარები და შეფასებები წაიკითხე რადიო თავისუფლების ახალი ამბებში.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში და კოვიდვაქცინაცია

საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ისევ უარესდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოს დაახლოებით ასეთი სიტუაცია ჰქონდა სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში, რასაც ოქტომბრის ბოლოს მოჰყვა კორონავირუსის შემთხვევების ე.წ. ექსპონენციალური ზრდა.

გამყრელიძის განცხადებით, თუ პირბადის ტარებაზე, სოციალური დისტანციის დაცვასა და თავშეყრებზე ზედამხედველობა და აღსრულების კონტროლი არ გამკაცრდა, ქვეყანა გაიმეორებს იმავეს, რაც აგვისტოში მოხდა.

გაზრდილი შემთხვევების ფონზე ქვეყანაში ვაქცინაცია მიმდინარეობს. მასობრივი ვაქცინაციის დაწყებას ივლისიდან ელიან. მანამდე კი საქართველომ კიდევ ერთი ვაქცინის „ნოვოვაქსის“ კონტრაქტი მიიღო. ეს ვაქცინის ამერიკული მწარმოებელია. წაიკითხე მეტი ნოვოვაქსის ვაქცინის შესახებ.

გარდა ამისა, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კვირის ბოლოს საქართველო ჩინეთიდან ვაქცინასაც ელოდება, რომელიც, მისი თქმით, უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მიერაა აღიარებული.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ლარი გაუფასურებას განაგრძობს - დღეს 1 აშშ დოლარი 3.41 ლარია

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა ლარის ოფიციალური კურსი. ეროვნული ვალუტა უფრო გაუფასურდა. 31 მარტის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი შემდეგია:

  • 1 აშშ დოლარი - 3.41 ლარი (30 მარტი - 3.3846 ლარი)
  • 1 ევრო - 4.0044 ლარი (30 მარტი - 3.9840 ლარი)
  • 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი - 4.6929​ ​ლარი (30 მარტი - 4.6806 ლარი)
  • 100 რუსული რუბლი - 4.4926 ლარი (30 მარტი - 4.4519 ლარი)
  • 1 თურქული ლირა - 0.4064 ლარი (30 მარტი - 0.4144 ლარი)
  • 10 უკრაინული გრივნა - 1.2237 ლარი (30 მარტი - 1.2092 ლარი)

30 მარტს Bloomberg-ზე ლარის ასეთი გაცვლითი კურსი იყო: 1 აშშ დოლარი - 3.4224 ლარი.

ნატოს თვითმფრინავები ათჯერ აფრინდნენ ცაში რუსეთის "უჩვეულო დონის საჰაერო მოქმედებების გამო"

ნატოს თანახმად, მისი თვითმფრინავები ათჯერ აფრინდნენ ცაში, რუსეთის უჩვეულო საჰაერო მოქმედებების გამო.

„ალიანსის თვითმფრინავები 29 მარტს ავიდნენ ცაში „რათა ადევნებოდნენ რუსეთის ბომბდამშენებსა და გამანადგურებლებს ფრენის გახშირებისას ჩრდილოეთ ატლანტიკის, ჩრდილოეთის ზღვის, შავი ზღვისა და ბალტიის ზღვის თავზე“, - ნათქვამია ნატოს განცხადებაში, რომელიც 30 მარტს გამოქვეყნდა.

ნორვეგიის F-16-ებმა გადაიტაცეს რუსეთის ორი ბომბდამშენი Tu-95, რომლებმაც განაგრძეს სამხრეთის მიმართულებით ფრენა ჩრდილოეთის ზღვის თავზე, რის გამოც ცაში ავიდნენ ბრიტანეთისა და ბელგიის Typhoon-ები და F-16-ებიც.

წაიკითხე მეტი.

მუქარა, შეჩვენება, განკვეთა, ჭორაობა, შანტაჟი - ჭყონდიდის ეპარქიაში დაძაბულობა მატულობს

ეპისკოპოსმა სტეფანემ, მას შემდეგ, რაც ჭყონდიდის მღვდელმთავარი გახდა, ოთხი ბრძანება გამოსცა და ორი კრება ჩაატარა. 4 ბრძანებიდან სამი იმ სასულიერო პირების დასჯის განკარგულებებია, ვისაც სტეფანე თავისი წინამორბედის, მეუფე პეტრეს მხარდამჭერებად თვლის.

ოთხიდან ერთი ბრძანებით კი სასულიერო პირები გააფრთხილა, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში დაისჯებოდნენ. ეს პირობა მეუფე სტეფანემ შეასრულა.

აყალმაყალით დამთავრდა ჭყონდიდის ეპარქიაში გამართული ორივე კრებაც - პირველი კრება მეუფე სტეფანემ ბერებთან გამართა, მეორე მონაზვნებთან. თუკი პირველი კრებისას ეპარქიის რეზიდენციასთან ჟურნალისტების კამერები იდგა, მონაზვნებთან 29 მარტს გამართულ შეკრებაზე კამერა თავად ეპისკოპოსმა დააყენა შეხვედრების ოთახში, ორსაათიანი ჩანაწერი გააკეთა და თვითონვე გაავრცელა. ამ შეხვედრაზე ეპისკოპოსი ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარ ქალს არაერთხელ აყენებს შეურაცხყოფას, სხვა მონაზვნებს კი კითხვებზე არ პასუხობს.

რა არის ჭყონდიდის ეპარქიაში დაწყებული კონფლიქტის მიზეზი და მოგვარდება თუ არა არსებული პრობლემები გალობით - წაიკითხე ვრცლად ნასტასია არაბულის სტატიაში.

თინა ხიდაშელს კოვიდთან ბრძოლაში განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების ადამიანები გულშემატკივრობდნენ, მათ შორის მისი ოპონენტებიც. დღეს იგი საავადმყოფოში გატარებულ უმძიმეს დღეებს იხსენებს და მადლობას უხდის, პირველ რიგში, მედპერსონალს, რომელიც, მისი თქმით, უმძიმეს სამუშაოს ასრულებს.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG