Accessibility links

site logo site logo

ისევ კულტურა და პოლიტიკა - რა არ უნდა გამოგრჩეს 22 ივნისს


რუსთაველის თეატრის დაუსრულებელი თამაში - ისევ მოსკოვში, ისევ "მოსსოვეტის" სცენაზე

საზოგადოებაში ისევ ცხარე კამათია. რუსთაველის აკადემიური თეატრი მოსკოვში გასტროლზე მიიწვიეს. დასი მიდის. ისინი, ვინც ამ გადაწყვეტილებას ამართლებს, ამბობენ, რომ კულტურასა და პოლიტიკას შორის ზღვარი არსებობს. ისინი კი, ვინც უკმაყოფილოა, რუსულ ოკუპაციას ახსენებენ სამხატვრო ხელმძღვანელსა და მსახიობებს.

30 ივნისს, 1 და 2 ივლისს რუსთაველის თეატრის სპექტაკლს „თამაშის დასასრული“ „მოსსოვეტის“ სცენაზე ელოდებიან. საქართველოს სახელმწიფო აკადემიური თეატრი მოსკოვში მიიწვია ანტონ ჩეხოვის სახელობის საერთაშორისო თეატრალურმა ფესტივალმა, რომელიც ძირითადად რუსეთის ხელისუფლების პატრონაჟით არსებობს.

„ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ შევძლებთ, მოსკოველ მაყურებელს ვაჩვენოთ ჩვენი სპექტაკლი“, - უთხრა რუსეთის ტელევიზიის „1 არხს“ რეჟისორმა და რუსთაველის თეატრის მხატვრულმა ხელმძღვანელმა, რობერტ სტურუამ. ოდნავ მოგვიანებით კი, სოციალურ ქსელით, ფეისბუკით გავრცელებულ განცხადებაში თეატრის ადმინისტრაციამ საგანგებოდ გაუსვა ხაზი ფესტივალის საერთაშორისო ღირებულებასა და მასში არაერთი დასავლური ქვეყნის ჩართულობას.

რუსთაველის თეატრში იგივე უთხრეს რადიო თავისუფლებასაც და ასევე საჭიროდ ჩათვალეს ხაზი გაესვათ, რომ საქართველოს ბიუჯეტს ამ შემთხვევაში ერთი თეთრიც არ დაეხარჯება - მთელ ხარჯს რუსეთი დაფარავს.

სად გადის ზღვარი კულტურასა და პოლიტიკას შორის? რა საფუძველი აქვს პროტესტს მოსკოვური გასტროლების მიმართ და რას ამბობენ თავად რუსთაველის თეატრის მსახიობები? ყველაფერი წაიკითხე ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ზაზა გახელაძის დედის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა, ოჯახი საპროტესტო აქციებისთვის ემზადება

ცხინვალის ციხეში პატიმარ ზაზა გახელაძის დედის, ნანა ბუნტურის, ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ზაზას მამამ, მიხეილ გახელაძემ, უთხრა. მისი თქმით, სასოწარკვეთილმა ქალმა მაისის ბოლოს თავის მოკვლა სცადა, მაგრამ რძალმა გადაარჩინა.

„ჩავიფიქრე ერგნეთში გადასვლა, იმიტომ რომ უკვე ვეღარ ვიტანდი ჩემი შვილიშვილების ყურებას, რა მდგომარეობაში იყვნენ, საჭმელს არ ჭამდნენ, სასმელს არ სვამდნენ. როდესაც ველოდებოდით, 31-ში ჩემი შვილი სახლში უნდა ყოფილიყო და არ გამოვიდა, მეუღლე ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა - შევიდა, 5-ლიტრიანით გამოიტანა ბენზინი და გადაისხა. რძალს რომ არ დაენახა, დღეს ნანა აღარ იქნებოდა, მაგის გულისთვის გადავწყვიტე აქციებიც“.

მიხეილ გახელაძე ამბობს, რომ ზაზას დაბადების დღეს, 23 ივნისს, ოჯახი საპროტესტო აქციებს იწყებს. მისი თქმით, ოჯახის წევრების ერთი ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებს და როგორც დე ფაქტო ხელისუფლების, ისე საერთაშორისო ყურადღების მიქცევას ამ გზით შეეცდება.

33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს. დაკავებისას ე. წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს და ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დააკავეს. ის ამ დრომდე საოკუპაციო რეჟიმის ციხეში რჩება.

რა შედეგის მომტანი იყო ზაზა გახელაძის ოჯახისთვის 17 ივნისის ერგნეთის შეხვედრა და რას ამბობს ხელისუფლება ამ ეტაპზე? ვრცლად წაიკითხე გოგა აფციაურის სტატიაში.

თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინაციის პროცესი განახლდა

თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინაციის პროცესი გრძელდება. ვაქცინაცია გუშინ დილით კლინიკაში არსებული არასაკმარისი დოზების გამო შეჩერებული იყო. საუბარია „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე.

„ბოდიში მინდა მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მივიდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში და იყო გარკვეული დეფიციტი... ეს იყო გარკვეული ლოჯისტიკისა და მოწოდების პრობლემა და ვაქცინის მოწოდების“, - თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით მოძიებულია ვაქცინების საჭირო რაოდენობა და რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფ ყველა პირს აცრიან.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

„არა ფობიას!“ კობახიძისა და სერგეენკოს განცხადებებს ჰომოფობიურს უწოდებს და გმობს

სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას!“ პარლამენტის დეპუტატების ირაკლი კობახიძისა და დავით სერგეენკოს განცხადებებს „ღირსების მარშთან“ დაკავშირებით ჰომოფობიურს უწოდებს და გმობს. განცხადებას 20-ზე მეტი ორგანიზაცია უერთდება.

საუბარია კობახიძის 17 ივნისის განცხადებაზე, სადაც ის ამბობდა, რომ ლგბტ თემის წევრებს მარშის გამართვაზე უარი უნდა უთხრან; სერგეენკო ამ საკითხზე ამბობდა, რომ უფლებების შეზღუდვა არ ჰგონია.

„შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არის უნივერსალური და ფუნდამენტური უფლება, რომლითაც სარგებლობა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ყველასთვის არადისკრიმინაციულად, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა თუ სხვა ნიშნისა“, - ნათქვამია განცხადებაში.

წაიკითხე მეტი.

არჩევნებში გამარჯვებული ნიკოლ ფაშინიანი მილოცვებს იღებს

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, პრემიერის მოვალეობის შემსრულებლის ნიკოლ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო შეთანხმებამ“ გაიმარჯვა.

ფაშინიანმა უკვე მიიღო მილოცვა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგან.

„გულითადად ვულოცავ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს წარმატებული არჩევნების ჩატარებას და წინასწარი შედეგების მიხედვით „სამოქალაქო თანხმობის“ პარტიის გამარჯვებას. წარმატებებს გისურვებთ მომავალშიც! მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას სომხეთის ახალ მთავრობასთან“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე“.

სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა ბიულეტენების 100%-ის შეჯამებით მიღებული შედეგები. პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებში ფაშინიანის პარტიას ხმა მისცა კენჭისყრაში მონაწილეთა 53.92%-მა, მის მთავარ მეტოქეს, ექსპრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის ბლოკს, „ჰაიასტანს“(სომხეთი) კი, 21.04%-მა.

შედეგებს კრემლის კომენტარიც მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნმა დიმიტრი პესკოვმა ამ გამარჯვებას „დამაჯერებელი“ უწოდა.

სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლების შედეგად. ოპონენტები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ადანაშაულებდნენ კაპიტულაციასა და სახელმწიფოს ინტერესების ღალატში და მის გადადგომას მოითხოვდნენ.

წაიკითხე მეტი.

ევროკავშირმა მინსკს ახალი სანქციები დაუწესა, ამ კვირაში მოსალოდნელია ეკონომიკური სანქციები

ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 21 ივნისს ბელარუსს დაუწესეს ახალი პერსონალური სანქციები.

ახალ, რიგით მეოთხე პაკეტში შედის 86 იურიდიული და ფიზიკური პირი, მათ შორის კანონმდებლები, პროკურორები, მოსამართლეები და სხვა ოფიციალური პირები, ასევე ისინიც, ვინც მონაწილეობდა Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დასმაში მინსკის აეროპორტში 23 მაისს, რასაც ევროკავშირი საჰაერო მეკობრეობად აფასებს.

სანქციები დაუწესეს ლუკაშენკას ოჯახის წევრებსაც, მის ვაჟს და რძალს.

წაიკითხე მეტი.

მარტოხელა მოხუცების შემწეობა იკარგება, ასობით ადამიანი განცხადების დაწერას ვერ ახერხებს

სოფლებში მცხოვრები მარტოხელა მოხუცები ვერ ახერხებენ, სოციალური დახმარების მისაღებად განცხადება დაწერონ, მათ ან გზის ფული არა აქვთ, ან სახლიდან გამოსვლა არ შეუძლიათ. ადამიანის უფლებათა ცენტრის კვლევის თანახმად, ეს საქართველოში ასობით მოხუცის გადაუჭრელი პრობლემაა.

74 წლის ჟუჟუნა ბითარიშვილი ქარელის რაიონის სოფელ ფცაში მარტო ცხოვრობს. რამდენიმე წლის წინ მას სოციალური დახმარება მოუხსნეს. განცხადების მეორედ დაწერა ვეღარ მოახერხა, ქრონიკული დაავადების გამო სახლიდან გამოსვლა უჭირს.

„ალერგიურ ფონზე ასთმა მირთულდება ხოლმე. ხაშურში უნდა ჩავსულიყავი განცხადების დასაწერად, დამეწყო შეტევები და ვერ ჩავედი. ათასი რამე მაწუხებს - ეს ასთმა, მარილები, სისხლის მიმოქცევაც დარღვეული მაქვს. ავადმყოფობის გამო სახლშიც ვერაფერს ვაკეთებ. სამასი ლარი ჯდება ყოველთვე ჩემი წამლები, პენსია - 270 ლარი - მთლიანად მაგაზე მიდის. ხანდახან ვერც წამალს ვყიდულობ და ვარ ასე დასიებული“, - ამბობს ის.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა ქართლის ოთხ მუნიციპალიტეტში -გორში, ქარელში, ხაშურსა და კასპში - 200-ზე მეტი მარტოხელა ხანდაზმული გამოკითხა. აღმოჩნდა, რომ მათ უმრავლესობას ერთი და იგივე პრობლემები აქვს.

წაიკითხე მეტი თეა თოფურიას სტატიაში.

მსოფლიოში 300 მილიონზე მეტი ადამიანი მისდევს იოგას, მათ შორის არიან ვერონიკა ჭკადუა და მისი მოსწავლეები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG