Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი თვე არჩევნებამდე - რა არ უნდა გამოგრჩეს 3 სექტემბერს


რომელი ადგილისთვის იბრძვის გახარია?

არჩევნებამდე დარჩენილ ერთ თვეში ახალ ძალებს იკრებს დაპირისპირება „ქართულ ოცნებასა“ და ამ პარტიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს შორის.

დედაქალაქის მერობის კანდიდატის რანგში გიორგი გახარიას გამოჩენამ ყოფილი თანაგუნდელების აშკარა ბრაზი გამოიწვია. ერთი მხრივ, ისინი ამტკიცებენ, რომ ყოფილი პრემიერი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს, ნიკა მელიას ეხმარება, ხოლო მეორე მხრივ, ამბობენ, რომ - გახარია ფულის გამო მელიასაც გასწირავდა. ექსპერტებისთვის ცხადია, რომ გახარია და მისი პარტია „ოცნებისთვის“ სულ უფრო დიდი თავის ტკივილი ხდება.

1 სექტემბერს, როცა გახარიამ საკუთარი კანდიდატურა დედაქალაქის მერის პოსტზე წამოაყენა, „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმამდე, გახარია ვაჭრობას ცდილობდა და მზად იყო - ფულის სანაცვლოდ, გადაწყვეტილებაზე უარიც ეთქვა.

ყველას დარჩა შთაბეჭდილება, რომ გახარიამ კალაძესთან შეხვედრის ფაქტი თავიდან უარყო. თუმცა მისმა თანაგუნდელებმა მოგვიანებით განმარტეს, რომ გახარიამ არა შეხვედრის ფაქტი, არამედ ფულის მოთხოვნის ბინძური ცილისწამება უარყო.

თავად კალაძესაც ფინანსური გარიგების შეთავაზება არ უხსენებია. „თბილისის მერიაში მოხდა შეხვედრა. არაფერი ისეთი, უბრალოდ მითხრა, რომ აპირებდა თავისი კანდიდატის დაყენებას და ეს რომ არ გამეგო ტელევიზიიდან“, - ასეთია მისი ვერსია.

რა რეიტინგით მიდის არჩევნებამდე ყოფილი პრემიერი? წაიკითხე ლელა კუნჭულიას სტატიაში.

რა შეასრულა და რა ვერ - კახა კალაძის 2017 წელს გაცემული დაპირებები

17-გვერდიანი პროგრამა თბილისის მაშინ მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ 2017 წლის არჩევნების წინ წარადგინა. „ეს არის გეგმა, რომლის განხორციელება ჩვენს ქალაქს განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანს”, - ეწერა დოკუმენტის ბოლოს.

2021 წელს კახა კალაძე კვლავ არჩევნებში მონაწილეობს - ამჯერად თანამდებობის კიდევ 4 წლით შესანარჩუნებლად. ჯერჯერობით ახალი პროგრამა არ გამოუქვეყნებია.

2017 წლის საარჩევნო პროგრამაში არ ეწერა ისეთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორიცაა ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირის განახლება, გლდანში ხიზანიშვილი-ვეკუას ქუჩების გზის საფარის და მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლა, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ფილების აყრა და დიზაინის განახლება და სხვა მრავალთვიანი და ძვირადღირებული პროექტები. ის რაც ეწერა, მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა.

კახა კალაძის მერობის დროს გარდატეხა არ მომხდარა ქალაქის სატრანსპორტო სისტემაში, ძველი უბნების რეაბილიტაციისა და კონსერვაციის პროცესში. ქალაქის მთავრობა კვლავ აგრძელებს თბილისის ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფას მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, არ ამცირებს საკუთარ ავტოპარკს და შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობას.

მოახერხა თუ არა კახა კალაძემ თბილისის გადაყვანა განვითარების ახალ ეტაპზე? წაიკითხე მეტი ნასტასია არაბულის სტატიაში.

პრეზიდენტი ევროკავშირის სესხის მიღებაზე უარის თქმას გაუგებარ ნაბიჯს უწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განცხადებით გამოეხმაურა ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე უარის თქმის შესახებ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას.

„გაცხადებული უარი ევროკავშირის სესხის მიღებაზე მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის და პირადად ჩემთვის საკმაოდ გაუგებარი ნაბიჯია. ეკონომიკური არგუმენტი, ვალის შემცირების აუცილებლობა, ანალიზს ვერ უძლებს. რაც არ უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკის ზრდა, თუნდაც 2-ციფრიანი, ის მაინც არ ანულირებს იმ სოციალურ და ადამიანურ ზიანს, რაც კოვიდმა მოუტანა ჩვენს მოსახლეობას და რისი შემცირებაც უშუალოდ ემსახურებოდა აღნიშნული 75 მილიონ ევროიანი ანუ 300 მილიონ ლარის სესხს.

გაუგებარია თუ რა განაპირობებს იმას, რომ დღეს საკუთარი მოქალაქეების კრიზისულ მდგომარეoბაზე მეტად საერთაშორისო ვალის შემცირება გახდა პრიორიტეტული. სანამ 2-ციფრიანი ზრდის შედეგი საზოგადოების კეთილდღეობაზე აისახება, დახმარებაზე უარის თქმის ლოგიკა ძნელად გასაგებია. ცოტა არ იყოს პარადოქსულადაც ჟღერს, ერთი ხელით ევროპის სესხზე უარის თქმა და მეორე მხრივ, სხვადასხვა პროექტებზე, მათ შორის, რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაზე აპელირება, მაშინ, როდესაც იგი დიდწილად ევროპიდან წამოსული სესხებიდან ხორციელდება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში

კიდევ ერთი ანტირეკორდი - გუშინ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. გარდაიცვალა კიდევ 81 პაციენტი. 5017-ით გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა.

ამჟამად საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის თითქმის 15%-ია ორჯერადად ვაქცინირებული. ერთხელ ვაქცინირებულთა რაოდენობა კი 28,5%-ია.

თბილისში საკეისრო კვეთიდან რამდენიმე დღეში კორონავირუსით გარდაიცვალა 47 წლის ქალი, რომელიც შვილს 10 წელი ელოდა. მას საკეისრო კვეთა ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ 20 აგვისტოს გაუკეთეს და ტყუპების დედა გახდა. საკეისროს გაკეთება ორსულობის 28-ე კვირაზე გახდა საჭირო. ექიმების თქმით, ახალშობილების მდგომარეობა მძიმეა.

წაიკითხე მეტი.

სუს-ი ხურვალეთთან ახალი ბანერის აღმართვის შესახებ იუწყება

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მავთულხლართს მიღმა უკანონოდ აღმართეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იუწყება, მათ დაუყოვნებლივ გაააქტიურეს „ცხელი ხაზი“ და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ინფორმაცია მიაწოდეს.

„უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს მკვიდრი მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფას. აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას. უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ყველა შემთხვევა განიხილება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე“, - აცხადებს სუს-ი.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების ლენტაში.

ბაიდენმა ქალების უფლებებზე "უპრეცედენტო თავდასხმა" უწოდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ტეხასში აბორტის აკრძალვაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ქალების კონსტიტუციურ უფლებებზე უპრეცედენტო თავდასხმა უწოდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, არ დაებლოკა ტეხასის კანონი, რომელიც თითქმის მთლიანად კრძალავს აბორტებს ორსულობის მეექვსე კვირის შემდეგ.

2 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში - ერთ დღეში მას შემდეგ, რაც ტეხასში ეს კანონი ძალაში შევიდა - ბაიდენი ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის ბოლო სიტყვა ამ, მისი თქმით, "ექსტრემალურ" კანონთან მიმართებით.

ბაიდენი ამბობს, რომ ფედერალურ მთავრობას ავალებს, დაადგინოს, რა გზებით არის შესაძლებელი იმის უზრუნველყოფა, რომ "ტეხასში ქალებისთვის ხელმისაწვდომი იყოს უსაფრთხო და კანონიერი აბორტები".

წაიკითხე მეტი.

„დაგვაბრალეს, ბოტები და ტროლები ხართო“ - შშმ პირთა გაძლიერების ალიანსს თაღლითობაში ადანაშაულებენ

შშმ პირთა გაძლიერების ალიანსში (DEA) დასაქმებულმა ოცამდე პირმა პროკურატურას და სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს მიმართა. ისინი აცხადებენ, რომ თაღლითობის მსხვერპლნი გახდნენ.

33 წლის დიანა ჯიშიაშვილი ეტლით მოსარგებლეა. არასამთავრობო ორგანიზაცია DEA-ში მუშაობა თებერვალში დაიწყო. დიანა გვიყვება, რას საქმიანობდა კომპანიაში, რომელსაც, მისივე თქმით, ოფიციალურად ოციოდე წლის დეა-მარია ხორუნჟინა მართავს, ასევე შშმ პირი, თუმცა დასაქმებულებს მასთან ურთიერთობა თითქმის არ ჰქონიათ, მხოლოდ ნინო ჭანიშვილს ეკონტაქტებოდნენ.

„არის ასეთი პლატფორმა LIKE 4 LIKE. უნდა გაგვეხსნა სამი „ექაუნთი“, რომლიდანაც ხალხს „ვულაიკებდით“, რაც კი სოციალური ქსელებია, ყველაზე. ვისაც „ლაიკებს“ ვუწერდით, ძირითად უცხოელები იყვნენ, არაბები და ინდოელები. მერე როგორც მივხვდი, ეს „ლაიკები“ იყიდებოდა. თავიდან გვეუბნებოდა [ნინო ჭანიშვილი], რომ ეს „ლაიკები“ უნდა გაყიდულიყო და მერე გადაგვიხდიდა”.

DEA​-ს წარმომადგენელი ნინო ჭანიშვილი გვეუბნება, რომ ორგანიზაცია შშმ პირებს უბრალოდ სოციალური მედიის გამოყენებას ასწავლიდა.

აქვს თუ არა საქმეს კავშირი პოლიტიკურ ტროლინგთან? წაიკითხე მეტი თეა თოფურიას სტატიაში.

საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციამ, ევექსის კლინიკების ინიციატივით, პრინტ-კონკურსი ჩაატარა. სააგენტოებს უნდა შეექმნათ პოსტერები, რომლებიც მოგვიწოდებდნენ, დროულად ავცრილიყავით. კონკურსში წარმოდგენილ პროექტებსა და გამარჯვებულებზე გვესაუბრება ევექსის კლინიკების მენეჯერი ლუკა ეჯიბია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG