პოლიტიკური პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია შიმშილობის მეთოთხმეტე დღეს თავისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და ამბობს, რომ მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებისა, ჰოსპიტალიზაციაზე უარს ამბობს, მაგრამ გადასხმების გაკეთებას თანხმდება.
"ექიმმა მითხრა, რომ ორგანიზმში დაიწყო ინტოქსიკაცია და თუ ამ ეტაპზე რეგულარულ გადასხმებს (მედიკამენტოზურს და არა საკვები, ეს გამორიცხულია) არ გავიკეთებ, თირკმელი ვერ გაუძლებს. შემომთავაზა ჰოსპიტალიზაცია, ამაზე უარს ვამბობ.
აქედან გამომდინარე დავთანხმდი ამ ეტაპზე გადასხმებს, როდესაც თირკმელის გაჩერების რისკი მოიხსნება, შევაჩერებ გადასხმებს. თავს ვგრძნობ კარგად. ვარ ძალიან შემართებით, წამი არ ყოფილა, რომ ვიტანჯებოდე", - წერს ელენე ხოშტარია ფეისბუქის პირად გვერდზე. ის წარმატებას უსურვებს მეგობრებს დღეს, 15 ნოემბერს, დაგეგმილ აქციაზე და ამბობს, რომ გაჩერებას არ აპირებს მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს კლინიკაში არ გადაიყვანენ.
მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მეთოთხმეტე დღეა შიმშილობს მოძრაობა "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია. 14 ნოემბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 10-მა დეპუტატმა დაიწყო შიმშილობა. დღეიდან შიმშილობის დაწყებას აპირებს პაატა ბურჭულაძეც.
პენიტენციური სამსახური არ აღიარებს, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა ვერ იღებდეს მისთვის საჭირო სამედიცინო მომსახურებას. სააკაშვილის პირადი ექიმი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღე უფრო და უფრო მძიმდება.
დაწერეთ კომენტარი