Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექსპერტთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნას წარადგენს - რა არ უნდა გამოგრჩეს 17 ნოემბერს


სახალხო დამცველის შექმნილი კონსილიუმი სააკაშვილის ჯანმრთელობაზე დასკვნას დღეს წარადგენს

რამდენიმესაათიანი შესწავლის შემდეგ, გვიან ღამით დატოვეს #18 სამკურნალო დაწესებულება ექიმებმა, რომლებიც სახალხო დამცველის მიერ შექმნილ კონსილიუმში შედიან. მათ დასკვნას საზოგადოება დღეს შეიტყობს.

ექიმებთან ერთად გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში იყო სახალხო დამცველიც. ნინო ლომჯარიას თქმით, ჯგუფმა შეისწავლა როგორც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე სამკურნალო დაწესებულების აღჭურვილობა.

„მოგვეცა სრულყოფილად შესწავლის საშუალება. უახლოეს პერიოდში შევეცდებით, რომ ხვალ იყოს წერილობითი დასკვნა. დაისვა ყველა კითხვა, რაც ექსპერტებს ჰქონდათ და მიიღეს პასუხები“, - თქვა ნინო ლომჯარიამ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, კონსილიუმის წევრის, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგ გიორგი გრიგოლიას თქმით, ის ახლოს არის მდგომარეობის დამძიმებასთან და ამჟამად არ საჭიროებს რეანიმაციულ ღონისძიებებს.

„სააკაშვილი ნამდვილად შიმშილობსმ ამას ადასტურებს ყველა, ვინც იქ არის. მდგომარეობა ძალიან ახლოს არის იმისკენ, რომ რამდენიმე დღეში დამძიმდება, რადგან მის ანალიზებში უკვე არის ის ცვლილებები, რაც საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას და ინტენსიურ მკურნალობას. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ეს ინფრასტრუქტურა არის შექმნილი ორი კვირის წინ. არის გაკეთებული ინტენსიური თერაპიის პალატა. საკმაოდ კარგადაა აღჭურვილი. პერსონალი არის გადმოყვანილი რესპუბლიკური საავადმყოფოდან. იქ ყოველდღეა ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი და მორიგე ექთანი, მაგრამ უარყოფითი არის ის, რომ ინტენსიური თერაპიის გამოცდილება ამ დაწესებულებას არ აქვს, ადრე ასეთი რამე არ იყო და ისეთი პაციენტი, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილი, ის ჯერ არ საჭიროებს რეანიმაციულ ღონისძიებებს. მას სჭირდება ინტენსიური თერაპია. საბოლოო დასკვნებს ერთმანეთში შევაჯერებთ, მაგრამ ჩემი პირადი აზრი არის, რომ ამ დაწესებულებაში ასეთი პაციენტის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი“, - თქვა გიორგი გრიგოლიამ.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ერევანი და ბაქო კვლავ თოფის სამიზნიდან უყურებენ ერთმანეთს - რა ხდება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 44-დღიანი ომის ზავით დასრულებიდან ერთი წლის თავზე რეგიონში ვითარება ისევ დაიძაბა. ბოლო სამი დღის განმავლობაში დაპირისპირებული მხარეები ურთიერთგამომრიცხავ და საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებენ ინტენსიური ბრძოლების შედეგად დაჭრილების, დახოცილებისა და დატყვევებული სამხედროების შესახებ.

ამასთან, ჯერჯერობით გაუგებარია, თუ რამ გამოიწვია მორიგი ესკალაცია შარშანდელი ფართომასშტაბიანი ბრძოლების დასრულების წლისთავზე. ერევანი თავის სტრატეგიულო მოკავშირე რუსეთს დახმარებას სთხოვს.

16 ნოემბერს, უკვე საღამოს 16:00 საათზე, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად, სომხეთის საზღვრებში შეჭრილმა აზერბაიჯანულმა ქვედანაყოფმა ტყვედ აიყვანა 12 სომეხი ჯარისკაცი.

აზერბაიჯანი ამბობს, რომ მოწინააღმდეგემ მასზე არტილერიისა და მძიმე ტექნიკის დახმარებით განახორციელა პროვოკაციული შეტევა. სომხეთის სამხედრო უწყებამ კი აზერბაიჯანი დაადანაშაულა მოსაზღვრე ქალბაჯარისა და ლაჩინის რაიონებში, შავი ტბის მახლობლად მდებარე სომხეთის პოზიციების ინტენსიურ დაბომბვაში.

რა ხდება სამეზობლოში? რას ამბობენ ბაქოსა და ერევანში? წაიკითხე ვრცლად კობა ლიკლიკაძის სტატიაში.

გამოიყენეს თუ არა სკოლების დირექტორები საარჩევნო კამპანიაში - ISFED-ი დოკუმენტს აქვეყნებს

„სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) აქვეყნებს დოკუმენტს, რომელიც, ორგანიზაციის განცხადებით, მათ ანონიმურმა წყარომ მიაწოდა და რომლის თანახმადაც, ყვარლის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ორგანიზებას უწევდა საჯარო სკოლების დირექტორებისა და მათი მოადგილეების საარჩევნო კამპანიაში ჩართვას „ქართული ოცნების” საკრებულოს წევრობის კანდიდატის, ქეთევან ჭიპაშვილის სასარგებლოდ.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ჩამოთვლილია ყვარლის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების იმ დირექტორებისა და მათი მოადგილეების სახელები (საკონტაქტო ინფორმაციით), სავარაუდოდ, რომელთა ჩართვაც კამპანიაში „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ დაიგეგმა.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა როგორც ქეთევან ჭიპაშვილს, რომელიც ამავე დროს, ყვარლის რესურსცენტრის ხელმძღვანელია, ასევე იმ სკოლების დირექტორებს, რომლებიც „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებულ სიაში არიან მოხსენიებულნი.

„მე ეს დოკუმენტი არ მინახავს, მაგრამ მაგ სიის გაკეთება შეუძლია ნებისმიერ მეოთხეკლასელ ბავშვსაც კი. რა პრობლემაა, ჩამოწერ რაიონში არსებულ სკოლებს, დირექტორებს და მათ ტელეფონის ნომრებს“, - ასე პასუხობს რადიო თავისუფლების კითხვას ISFED-ის მიერ გასაჯაროებული დოკუმენტის შესახებ ქეთევან ჭიპაშვილი. ინფორმაციას უარყოფს სოფელ სარუსოს საჯარო სკოლის დირექტორიც.

„სამართლიან არჩევნებში“ ამბობენ, რომ მათი დოკუმენტის თანახმად კანონის ორი მუხლის დარღვევა იკვეთება:

  • სამსახურებრივად დაქვემდებარებული პირების წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის სავარაუდო მცდელობა;
  • ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება წინასაარჩევნოდ.

წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი გენადი ბესტაევის შეწყალების შესახებ იუწყება

ცხინვალის საოკუპაციო ძალების მიერ 2019 წელს უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევის საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანასთან დაკავშირებით დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. დე ფაქტო „კა-გე-ბე“-ს ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ჯანმრთელობის გაუარესების გამო მსჯავრდებული გენადი ბესტაევი შეიწყალა.

ღამით ცხინვალიდან ბესტაევი რეანიმობილით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში წამოიყვანეს. „ცხელი ხაზით“ მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მყოფ ბესტაევს მიმდინარე წლის 15 ნოემბერს განუვითარდა ინსულტი, გუშინ კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ჯანმრთელობის გაუარესების დღიდან საქართველოს მოქალაქის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაუყოვნებლივ გადმოყვანასთან დაკავშირებით, ყველა არსებული ბერკეტი აამოქმედა. ამ პროცესში ჩართული იყვნენ როგორც ჟენევის თანათავმჯდომარეები, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა სხვა საერთაშორისო პარტნიორი.

წაიკითხე მეტი.

ევროკავშირი დაქირავებულ მეომართა რუსული რაზმის, „ვაგნერის“ წინააღმდეგ შესაძლებელ სანქციებს განიხილავს

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს, შეადგინონ რუსეთის დაქირავებულ მეომართა მიმართ შესაძლებელი სანქციების სია.

საქმე ეხება გასამხედროებული ფორმირებების წევრებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნენ დასავლეთ აფრიკაში, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა.

Reuters-ის ცნობით, სექტემბრის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მალის სამხედრო ხუნტას მოლაპარაკება ჰქონდა რუსეთის მხარესთან კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის ჯგუფის“ დისლოცირების შესახებ. საფრანგეთის მთავრობამ ასეთი პერსპექტივა მიუღებლად მიიჩნია, რადგან იქ საფრანგეთის არმიის ნაწილები არიან განთავსებული.

წაიკითხე მეტი.

„ანტივაქსერს არავის ვიცნობ ჩემხელას“ - ელენე და სხვა ბავშვები კოვიდის აცრებს განიხილავენ

აცრა უკვე 12-დან 15 წლამდე მოზარდებსაც შეუძლიათ - 10 ნოემბერი ბევრი მათგანისთვის ნანატრი დღე იყო, როცა „ფაიზერით” ვაქცინაციაზე ჩაწერა შეძლეს. აცრა ნიშნავს, რომ გარეთ გასვლას და სკოლაში სიარულს უშიშრად შეძლებენ, მეგობრებსაც შეხვდებიან, და ბებია-ბაბუებსაც არ მიუტანენ ვირუსს.

„უფროსებს შიში აქვთ გამჯდარი... არ უსმენენ ახალგაზრდა ადამიანების აზრს“ - ამბობს ანასტასია ტაბატაძე, 12 წლის, ახალციხიდან. მის ოჯახს ახლა კოვიდი აქვს, ამიტომ ჯერ არ იცის როდის აიცრება. ანასტასია ამბობს, რომ მას დიდი ხანია აქვს აცრის სურვილი და ვაქცინაციას პანდემიის დასრულების ერთადერთ გზად მიიჩნევს.

12 წლის ნიკოლოზ ზედგინიძე კი ვერ იგებს, რატომ არ უნდა მოქალაქეების ნაწილს, რომ უფრო დაცული იყოს. „კოვიდის ბევრად უფრო მეშინია, ვიდრე აცრის“, - ამბობს ის.

რადიო თავისუფლების ჟურნალისტი თამუნა ჩქარეული ხუთ მოზარდს ესაუბრა და მათგან მოისმინა, რას ნიშნავს, ორი წლის მერე, როგორც იქნა, აიცრა და რატომ უჭირთ ამის გაკეთება უფროსებს. სტატია წაიკითხე აქ.

ევა ართმელაძე ის გოგოა, რომელმაც ერთ დღეს ეს სახელი თავად დაირქვა და თავისი თავის ძებნას და შექმნას შეუდგა.

ის ხულოს რაიონის სოფელ ბეღლეთიდანაა, მისი ოჯახი იქ ცხოვრობს, ევა კი ბათუმის უნივერსიტეტში სწავლობს - ძალიან უნდა ჟურნალისტი გამოვიდეს. ახლა 20 წლისაა და სწავლის პარალელურად გაზეთ „ბათუმელებში“ გადის სტაჟირებას.

კიდევ ევა ის გოგოა, რომელსაც ძალიან უნდა, თავის სოფლელ გოგოებს გზა გაუკვალოს და მაგალითი მისცეს - თავისუფლების, ბრძოლის, შეცდომებზე სწავლის ხარჯზე მიზნის მიღწევის.

ევა ის გოგოცაა, რომელიც ბეღლეთში ყველას უყვარს და იციან, რომ თუ მან რამე მიზნად დაისახა, წინ ვერავინ გადაუდგება.

ევა მუსლიმი ქართველია, ისევე როგორც ამ სოფლის ყველა მცხოვრები.

ევას უნდა, რომ სოფლად მცხოვრები ქალების ცხოვრება ცოტათი მაინც შემსუბუქდეს.

უნდა, სოფელში დაგროვილი ამბები შეაგროვოს და სხვებს მოუყვეს.

ევას უყვარს ადამიანები, მზესუმზირა, შემოდგომა და ყვითელი ფერი.

ეს ამბავიც მასზეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG