Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასე ახლოს თუ ასე შორს მიზნებთან? - მინისტრი პარლამენტში, პროტესტი ქუჩაში


ოპოზიციის საპროტესტო აქცია, 19 ნოემბერი
ოპოზიციის საპროტესტო აქცია, 19 ნოემბერი

ქვეყანაში რთული პოლიტიკური ვითარებისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, 19 ნოემბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა პარლამენტში განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური გზით სიარულის ტემპს ოპოზიციის მიერ შექმნილი „ხელოვნური კრიზისი“ და პოლარიზაცია ანელებს.

მინისტრი ასევე ამბობს, რომ საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა ხშირად სუბიექტური და მიუღებელია, და საქართველო ასე ახლოს არასოდეს ყოფილა ევროპულ და ევროატლანტიკურ მიზნებთან.

პარალელურად, ქვეყნის ერთ-ერთ ძირითად პრობლემად ოპოზიცია რუსული ყაიდის ავტორიტეტული მმართველობის დამყარების მცდელობას ასახელებს. ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მიუხედავად, აუცილებლად გაგრძელდება უწყვეტი პროტესტი „მიტაცებული არჩევნების“ დასაბრუნებლად და ქვეყანაში დასავლური ფასეულობების დასაცავად.

"ასე ახლოს"

„რა პრიორიტეტები იცვლება, ხალხო, კარგით, რაა... 30 წელი მისრულდება დიპლომატიურ სამსახურში ყოფნის, მომავალ წელს. არ მახსენდება [გასული საუკუნის] 92-წლიდან, როდესაც სულ რამდენიმე ენთუზიასტი ვიყავით საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასი კაცი... რომ საქართველო ასე ახლოს ყოფილიყოს ამ მიზანთან, რა“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა 19 ნოემბერს, პარლამენტის სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას.

ეს განცხადება მოჰყვა ოპოზიციონერი დეპუტატის, „რეფორმების ჯგუფის“ წარმომადგენლის, თეონა აქუბარდიას შეკითხვას. დეპუტატმა გაიხსენა გერმანელი ევროპარლამენტარის, ვიოლა ფონ კრამონის მიერ ხელისუფლების მიმართ ნათქვამი სიტყვები, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისგან ასე შორს არასოდეს ყოფილა.

ზალკალიანი საერთაშორისო კრიტიკაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:01:26 0:00

დავით ზალკალიანი ფიქრობს, რომ ქვეყნის წინსვლას ოპოზიციის „უსაგნო პროტესტი“ და „ხელოვნური კრიზისი“ აფერხებს, ხოლო საერთაშორისო პარტნიორებს, საქართველოს სუვერენიტეტის გათვალისწინებით, უფრო დაბალანსებული განცხადებები მოეთხოვებათ.

„ევროპელი სოციალისტების““დეპუტატის, დავით ზილფიმიანის შეკითხვის საპასუხოდ, დავით ზალკალიანი პოლონელი ევროპარლამენტარის, ანა ფოტიგას განცხადებებს გამოეხმაურა. მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ვერასოდეს მიიღებს საერთაშორისო პარტნიორებისგან შენიშვნას - „რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არიან, ვინც არ უნდა იყოს ის“.

„ხშირად მეგობრებს შორისაც არის ხოლმე ასეთი საუბრები და უთანხმოება. ეს უთანხმოება და კრიტიკა ჯანსაღი უნდა იყოს და არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი. ჩვენმა პარტნიორებმაც უნდა გააცნობიერონ, რომ [საქართველო] სუვერენული ქვეყანაა, რომელიც თავის სახელმწიფო ინსტიტუტებს პატივს სცემს და აქედან გამომდინარე, ეს ბალანსი უნდა იყოს დაცული“, - ასეთია დავით ზალკალიანის პოზიცია.

ევროპარლამენტარმა, პოლონეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ანა ფოტიგამ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის მოთხოვნისას, წერილში დაწერა, რომ საქართველოში ადრეც შესულა „პოლიტპატიმარებთან“ ციხეში.

13 ნოემბერს ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, რომლის შინაარსიც პოლიტიკოსებმა თუ ექსპერტებმა საერთაშორისო პარტნიორებისთვის კრიტიკის აკრძალვად და დასავლურ ფასეულობებზე უარის თქმის მცდელობად ჩათვალეს.

ევროპარლამენტარების კომენტარებთან ერთად, საქართველოში არც ევროკავშირისა თუ აშშ-ის ელჩების არაერთი მწვავე განცხადება გამორჩენიათ.

  • ელჩების განცხადებებში, რომლებსაც ექსპერტები ბრიუსელისა და ვაშინგტონის პოზიციებად განიხილავენ, დასმულია აქცენტები - სასამართლო რეფორმის წარუმატებლობაზე, ე.წ. სუს-ის ფაილებზე, 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორების დაუსჯელობაზე, ევროკავშირის იაფი სესხის უარყოფაზე თუ ახლა უკვე სახალხო დამცველის ინსტიტუტზე „თავდასხმაზე“.
  • მინისტრმა ზალკალიანმა 19 ნოემბერს ილაპარაკა შესაძლებლობებზე, თუ როგორ უნდა მიიღოს საქართველომ „მეტი მეტისთვის“, ევროკავშირის პრინციპის შესაბამისად; მაგრამ ყურადღება არ გაუმახვილებია იმის შესახებ, რომ ბრიუსელი ასევე ხელმძღვანელობს პრინციპით „ნაკლები ნაკლებისთვის“, რაც 9 ნოემბერს საქართველოს კიდევ ერთხელ შეახსენა ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.

როგორ შევაცვლევინოთ აზრი უცხოურ მედიას?

დავით ზალკალიანი ელჩებს არ ახსენებს, მაგრამ აცხადებს, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები არცთუ იშვიათად ცდებიან და ხელისუფლებას მუდმივად უწევს საპირისპიროში დარწმუნება და სათქმელის ღიად, პირდაპირ თქმა.

„მივსულვართ, ნორმალურად, ადამიანურად გვისაუბრია მათთან და მათ პოზიცია შეუცვლიათ. ამას ვაკეთებთ და გავაკეთებთ კიდევაც“, - ამბობს მინისტრი.

უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატი, ელისო ბოლქვაძე ფიქრობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ აზრი საერთაშორისო მედიასაც უნდა შეაცვლევინოს.

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის დაკვირვებაა, რომ „საქართველოს იმიჯს დიდ დარტყმებს აყენებენ“ „პრესტიჟული“ საერთაშორისო გამოცემები, დეზინფორმაციის გავრცელების გზით. დეპუტატმა 19 ნოემბერს მინისტრ ზალკალიანს მიმართა წინადადებით, რომ ამოქმედდეს მექანიზმი მედიის დეზინფორმაციის წინააღმდეგაც.

„არის თუ არა რაიმე ბერკეტი იმისთვის, და თუ არ არის, ეგებ შევქმნათ და რამენაირად მოგვარდეს ის საკითხი, რომ დეზინფორმაციას საქართველოდან მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რაც რეალობასთან ახლოს არის... მე, როგორც ელისო ბოლქვაძე და როგორც კომიტეტის თავმჯდომარე, ვფიქრობ, რომ შეიძლება ამის მოგვარება მომავალში და ჩვენ მზად ვართ, კულტურის კომიტეტი, ჩავერთოთ ამ მუშაობაში, თუკი ეს თქვენი ნებაც იქნება“, - თქვა ელისო ბოლქვაძემ.

მინისტრი უარს არ ამბობს დეპუტატის ენთუზიაზმზე და სურვილის შემთხვევაში, აძლევს შესაძლებლობას ჩაერთოს პროცესში. აქამდე გამოყენებულ მეთოდებს შორის კი, დავით ზალკალიანი ასახელებს მედიის წარმომადგენლების უკეთ ინფორმირებას, გააქტიურებულ კომუნიკაციასა თუ საელჩოებისთვის მიცემულ დავალებას.

„ჩვენ ჩაშვებული გვაქვს საელჩოებში, რომ არცერთი არ დარჩეს ასეთი დეზინფორმაციული დოკუმენტი უპასუხოდ“, - ამბობს ზალკალიანი.

პოლიტოლოგი ალექსანდე კუხიანიძე უკიდურესად მკაცრ გზავნილებს ხედავს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებებში. მისი დაკვირვებით, საერთაშორისო პარტნიორების თვალში „ქართული ოცნება“ ავტორიტეტით აღარ სარგებლობს.

„იგრძნობა, რომ უზარმაზარი უნდობლობაა სასამართლო სისტემის მიმართ. დიპლომატიური განცხადებებია, მაგრამ კარგად ჩანს, რომ უკვე წითელ ხაზებზე მიგვითითებენ. სასამართლოს საკითხი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საქართველოს წინსვლას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მიმართულებით... კი, შეიძლება განაცხადი გააკეთო 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მაგრამ მიიღებს ვინმე ამას?!“ - გვეუბნება ალექსანდრე კუხიანიძე.

სახელმწიფო დეპარტამენტიდან საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, რომ უზრუნველყოს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის დასწრება ყველა სასამართლო სხდომაზე, სადაც მისი საქმე განიხილება.

სახელმწიფო დეპარტამენტის გზავნილებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ დავით ზალკალიანმა თქვა, რომ „მნიშვნელოვანი“ და „გასათვალისწინებელია“, თუმცა ყურადღება გაამახვილა მხოლოდ პატიმრის ჯანმრთელობის დაცვის მოწოდებაზე.

ამ კონტექსტში, სახელმწიფოს მხრიდან შეთავაზებულ „პოზიტიურ ნაბიჯებს“ [იგულისხმება ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება] მინისტრი ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირების იმედებს უკავშირებს.

პროტესტი

ვიდრე საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტში ძირითადად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ელაპარაკებოდა, ოპოზიციის ძირითადი ნაწილი ქუჩაში იდგა, საპროტესტო აქციაზე. სწორედ ამ დროს წყდებოდა 50 დღის განმავლობაში მოშიმშილე ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხი.

ხანგრძლივი უარის შემდეგ, ხელისუფლებამ 19 ნოემბერს, მძიმე მდგომარეობაში მყოფი პატიმარი პაციენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ხალხის დაუღალავი პროტესტის შედეგია და ამ გადაუდებელი საკითხის მოგვარების შემდეგ, გაგრძელდება ბრძოლა რიგგარეშე არჩევნებისა და ქვეყნის დასავლური კურსის შენარჩუნებისთვის.

ბრძოლის გაგრძელების აუცილებლობაზე ელაპარაკა თავად მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში მის სანახავად მისულ თანაგუნდელს, ეკა ხერხეულიძეს.

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა 18 ნოემბერს, როცა მან გონება ადვოკატების თვალწინ დაკარგა და შემდეგ გლდანის სამკურნალო დაწესებულების ახლად აწყობილ რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვდა.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შეიცვალა ოპოზიციური კოალიციის მიერ რამდენიმე დღის წინ გახმაურებული გეგმა, რომლის მიხედვითაც, 19 ნოემბერს, თბილისში, სამ სხვადასხვა ადგილას უნდა გამართულიყო ერთობლივი მიტინგი - ქვეყნის დასავლური კურსის ცვლილებებისა და „რუსეთის გზაზე გადახვევის“ წინააღმდეგ.

ერთობლივი გეგმა შემუშავებული ჰქონდა ოთხ პარტიას: „ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელოს“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ და „დროას“.

19 ნოემბერს, საპროტესტო აქცია მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხზე ფოკუსირდა. აქციის დაშლა მას შემდეგ გადაწყდა, რაც მიხეილ სააკაშვილმა თანხმობა განაცხადა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე.

ნიკა მელიამ მიტინგზე განაცხადა, რომ გორში, ჰოსპიტალთან საპროტესტო აქციები არ გაიმართება; თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ „რუსთაველის გამზირი ცარიელი იქნება“.

ენმ-ის გარდა, პროტესტის გაგრძელების შესახებ განცხადებები 19 ნოემბერს დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებშიც გაკეთდა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG