Accessibility links

site logo site logo

ჩხენკელი: ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ისტორიული მნიშვნელობის პიროვნება


მიხეილ ჩხენკელი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გამოეხმაურა კრიტიკას, რომელიც ეხებოდა მე-9 კლასის მოსწავლეებისთვის განკუთვნილ ისტორიის ორ ახალ სახელმძღვანელოს.

ჩხენკელი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ღირსეულად უნდა იყოს წარმოჩენილი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში.

„პირველ რიგში მკაფიოდ მინდა აღვნიშნო, რომ კატეგორიულად მიუღებელია სიცრუეზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელება იმ პიროვნებებისგან, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს მონაწილეობას იღებდნენ განათლებისა და მეცნიერების სფეროს მიზანმიმართულ განადგურებაში. ასევე, საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი არის სრულიად გამჭვირვალე და გრიფირების პროცესის დროს ყველას აქვს შესაძლებლობა, იხილოს წარმოდგენილი სახელმძღვანელოების მაკეტები და თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირონ. გრიფირების პროცესში მონაწილეობას იღებენ ჩვენი წამყვანი სპეციალისტები და, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოები, - თქვა განათლების მინისტრმა და შეაფასა სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ინფორმაციის შეტანის საკითხი, - განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ბატონი ბიძინა ივანიშვილის უდიდესი როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. რასაკვირველია, ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ისტორიული მნიშვნელობის პიროვნება და უაღრესად დიდი ქველმოქმედი. შესაბამისად, საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ბატონი ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად ღირსეულად უნდა იყოს წარმოჩენილი და ეს ასეც იქნება შესაბამის სახელმძღვანელოებში“.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2020 და 2021 წლებში მე-9 კლასის მოსწავლეებისთვის ისტორიის 2 ახალ სახელმძღვანელოს გრიფირება მიანიჭა. მოქალაქეების ნაწილში პროტესტი აღძრა წიგნებში "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ ინფორმაციამ. ერთ-ერთ სახელმძღვანელოში სადავოა აგვისტოს ომის აღწერაც, რომელიც მსგავსია რუსული პროპაგანდისტული ნარატივისა, რომლის თანახმად, საბრძოლო მოქმედებების შესახებ ბრძანება საქართველოს პრეზიდენტმა არა რუსული სამხედრო აგრესიის, არამედ ოსი სეპარატისტების გახშირებული თავდასხმების გამო დაიწყო. ისტორიკოსების ნაწილი თვლის, რომ მიმდინარე პროცესებში მონაწილე პირთა ისტორიის სახელმძღვანელოში შეტანა არასწორია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG