Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად დამაჯერებელია შოიგუს გამოჩენა


რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეომასალა, იმის დასტურად, რომ თავდაცვის მინისტრი, არმიის გენერალი სერგეი შოიგუ უძღვება სამუშაო შეხვედრას სახელმწიფო დაკვეთების შესრულების საკითხთან დაკავშირებით.

შეუძლებელია იმის დადგენა, თუ როდის არის ჩაწერილი 26 მარტს გამოქვეყნებული ვიდეო. მასზე არ არის მითითებული გადაღების თარიღი.

მანამდე, დამოუკიდებელი მედია და ექსპერტები საეჭვოდ თვლიდნენ საჯარო სივრციდან შოიგუს ხანგრძლივ გაუჩინარებას და ორიოდე დღის წინ გამოქვეყნებულ ვიდეოსაც, რომელიც, მათი ვარაუდით, დამონტაჟებული იყო.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრის საჯარო სივრციდან გაუჩინარების მიზეზი იყო გულის შეტევა, რაც მის მიმართ პრეზიდენტ პუტინის მკაცრ საყვედურს მოჰყვა.

26 მარტს გამოქვეყნებულ ვიდეომასალაში რუსეთის თავდაცვის მინისტრი ლაპარაკობს თავდაცვის სფეროში არსებული გეგმის შესრულებასა და საჭიროებებზე, რომელიც რუსეთის არმიას აქვს, უკრაინაში მიმდინარე ომის ფარგლებში. მისი სიტყვები მიანიშნებს, რომ არსებობს საჭიროება, მათ შორის - საინფორმაციო და საბრძოლო მხარდაჭერის კუთხით.

„სპეცოპერაციის [ომის] გათვალისწინებით, წელს აუცილებელია შევინარჩუნოთ ჯარებისთვის თანამედროვე შეიარაღების მიწოდების ტემპი, რობოტი-კომპლექსები, საინფორმაციო მხარდაჭერა და ელექტრონული ომი და ასევე საბრძოლო მომსახურება და მხარდაჭერა“, - აცხადებს რუსეთის თავდაცვის მინისტრი.

26 მარტს გამოქვეყნებულ ვიდეოში შოიგუ ამბობს, რომ დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული მკაცრი სანქციების მიუხედავად, სახელმწიფო შეკვეთების გეგმა სრულდება და რუსეთი ასევე ასრულებს სამხედროების წინაშე არსებულ სოციალურ ვალდებულებებს.

უკრაინიდან გავრცელებული ინფორმაციისა და ვიზუალური მასალების თანახმად, რუსეთს უკრაინაში დაძველებული ტექნიკა შეჰყავს და ვერ უზრუნველყოფს სამხედროების მომარაგებას, საკვებითა თუ საწვავით. ასევე, ვრცელდება არაერთი ცნობა იმის შესახებ, რომ რუსეთი იგნორირებას უკეთებს როგორც უკრაინაში დაღუპულ, ასევე ტყვედ ჩავარდნილ სამხედროებს.

26 მარტს უკვე 31 დღე შესრულდა მას შემდეგ, რაც რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა. სამხედრო ექსპერტები სულ უფრო აშკარად ხედავენ რუსეთის შეიარაღებული ძალების წარუმატებლობას უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში. უკრაინის მხარე იუწყება, რომ რუსეთმა უკრაინაში უკვე დაკარგა 16 ათასზე მეტი სამხედრო და სულ უფრო სუსტდება მისი შეტევითი პოტენციალი, მათ შორის - ავიაციითაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 25 მარტს განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში რუსეთის სამხედროთა ძალისხმევა მიმართული იქნება დონბასის ტერიტორიაზე.

„ოპერაციის პირველი ეტაპის მთავარი მიზნები ძირითადად მიღწეულია“, - თქვა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, სერგეი რუდსკოიმ.

ამ განცხადების საფუძველზე საერთაშორისო მიმომხილველთა ნაწილი ვარაუდობს, რომ რუსეთი ომის მიზნებს ცვლის. უკრაინაში შეჭრის წინ და შემდეგაც, მოსკოვი აცხადებდა, რომ დაგეგმილი იყო მთელი უკრაინის "დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია".

რუსეთის არმია უკრაინაში უტევს მშვიდობიან მოქალაქეებს და მათ შორის - ქალებსა და ბავშვებს. მილიონობით ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა ქვეყანა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაიღუპა 136 ბავშვი.

XS
SM
MD
LG