Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უსუფაშვილი: საქართველო იმსახურებს EU-ს წევრობას და არ იმსახურებს მთავრობას, რომელიც არაევროპულ ცხოვრების სტილს ამკვიდრებს


დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

"ლელოს" წარმომადგენელმა, დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრისთვის კითხვის დასმის დროს განაცხადა, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობას და არ იმსახურებს მთავრობას, რომელიც "არაევროპულ ცხოვრების სტილს" ამკვიდრებს.

ამით მან უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის კითხვას ოპოზიციის მიმართ, იმსახურებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს.

"დღეს მე მინდა, აქეთ ["ქართული ოცნების"] შემადგენლობის გასაგონად ხმამაღლა გავიმეორო, დიახ, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას, ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას.

საქართველო არ იმსახურებს იმ მთავრობას, რომელიც ქვეყანაში ამკვიდრებს არაევროპულ ცხოვრების სტილს, არაევროპულ პოლიტიკურ სისტემას, არაევროპულ ღირებულებებს, არაევროპულ ინსტიტუტებს, არაევროპულ სახელისუფლებო სისტემას. საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობას, უამრავი ინდივიდუალური პოლიტიკოსის თუ საჯარო მოხელის წლების განმავლობაში თავდაუზოგავი შრომისთვის", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

25 მაისს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურმა ოპონენტებმა ევროკავშირის(EU) ხელმძღვანელობას მიმართეს და სთხოვეს, საქართველოს მიანიჭონ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

მიმართვის ტექსტში ვკითხულობთ, რომ საქართველომ და ქართველმა ხალხმა ხელისუფლების არასწორი ნაბიჯების გამო არ უნდა გადაიხადონ მაღალი საზღაური. ოპოზიცია სთხოვს ევროკავშირს, დადებითად გადაწყვიტოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი.

საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს საქართველოს ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს.

XS
SM
MD
LG