საქართველოს პროკურატურამ 20 აგვისტოს თბილისის ფსიქიატრიულ კლინიკაში პატიმრის თავში იარაღით დაჭრის საქმეზე პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცერს ბრალი წაუყენა. მას ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაყვანილი პატიმრის, გურამ სვანიძის, თავის არეში დაჭრის შესახებ მედიისთვის ცნობილი 20 აგვისტოს გახდა. ოჯახი ამბობდა, რომ შემთხვევა იმ დილით მოხდა.
"[ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის] მე-3 სართულზე მდებარე დერეფანში, სადაც სამედიცინო ოთახებში განთავსებული იყვნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრები, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს ესკორტის ოფიცერი, სამსახურებრივი საშტატო იარაღით, წინდახედულობის ნორმის დაუცველად გადაადგილდებოდა.
გარდა აღნიშნულისა, ხსენებულმა ოფიცერმა პალატიდან დერეფანში გამოსული პატიმარი დატოვა ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე, რომლისთვისაც უნდა მიეთითებინა, რომ შესულიყო მისი განთავსების სამედიცინო ოთახში და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების ნებართვით დაეტოვებინა განთავსების სივრცე.
ოფიცრის აღნიშნული დაუდევარი მოქმედების შედეგად, პატიმარი მიეპარა მას და შარვლის საქამრეში არსებული იარაღის შესანახი სპეციალური ბუდიდან (ე.წ. კაბურიდან) ამოაცალა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის გამოყენებითაც განახორციელა სამი გასროლა, მათ შორის ერთ-ერთი გასროლით თავის არეში მიიყენა ცეცხლნასროლი ჭრილობა და ჩავარდა კომატოზურ მდგომარეობაში", - ასე აღწერა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა 20 აგვისტოს განვითარებული მოვლენები, რის საფუძველზეც ბადრაგი დააკავეს.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ ითხოვენ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდოს. შესაბამისი მოთხოვნა სასამართლოში უკვე გაგზავნილია.
საგამოძიებო სამსახურმა მედიას წარუდგინა ვიდეომასალა, რომელშიც, გამოძიების ინფორმაციით, ასახულია ის მომენტი, რომელშიც ჩანს, როგორ უვარდება ხელში პატიმარს იარაღი და ისვრის. ვიდეომასალაში ჩანს მხოლოდ პირველი ორი გასროლა - თვითდაზიანების მიყენების მომენტი უწყებას საჯაროდ არ გაუვრცელებია.
"ფსიქიატრიულ ცენტრში გადმოუყვანიათ. ვიფიქრე, კარგია, რადგან ფსიქიატრიულშია. გუშინ ფანჯრიდან დავინახე, მეგონა, ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ მოვედი დღეს დილით და მითხრეს, რომ მას აქვს გამჭოლი ჭრილობა, ტვინის დაზიანება. როცა მოვედი, ოპერაცია ტარდებოდა. გამაგებინეთ, როგორ მოხვდა ჩემი შვილის ხელში იარაღი და როგორ ისროლა?.. ამიხსენით. გადაწყვიტეს, რომ ფსიქიატრიულიდან ისევ ციხეში გადაეყვანათ. ჩათვალეს, რომ ბიჭი ერთ დღეში გამოკეთდებოდა. ის არ იყო კარგად, არ იყო მზად იმისათვის, რომ ციხეში გადაეყვანათ", - უთხრა მედიას პატიმრის დედამ 20 აგვისტოს.
ამ საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა. პირველადი მოკვლევითვე უწყება ამბობდა, რომ ახალგაზრდა კაცმა თვითდაზიანება მიიყენა.