საპარლამენტო უმრავლესობა არ წარადგენს სახალხო დამცველის კანდიდატურას მაგრამ...
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ სახალხო დამცველის არჩევის პროცედურა წარმოადგინა. მისი თქმით, ნებისმიერ პირს შეეძლება კანდიდატურაზე განაცხადის შეტანა, თუმცა მმართველი პარტია თავის კანდიდატს არ დაასახელებს.
„ამას [კანდიდატურის წარდგენას] მივანდობთ მთლიანად ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს. გარდა იმ ერთადერთი შემთხვევისა, როდესაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს პროცესის ხელოვნურ დაბლოკვას, საბოტაჟს ოპოზიციური სუბიექტების მხრიდან კანდიდატების შეგნებულად არწარდგენის გზით“, - თქვა მდინარაძემ.
მან პროცედურა რამდენიმე პუნქტად ჩამოაყალიბა:
- განცხადების შეტანა ყველას შეეძლება.
- სამოქალაქო საზოგადოება და „პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლები“ ერთად შეარჩევენ კანდიდატებს რეგლამენტით გაწერილი კრიტერიუმების მიხედვით.
- კანდიდატები წარდგებიან პარლამენტის წინაშე.
სახალხო დამცველის არჩევის საკითხი ევროკავშირის მიერ საქართველოს წინაშე დაყენებულ 12 პუნქტში იყო მოცემული.
ამ პროცესის ინკლუზიურობას გუშინ ხაზი გაუსვა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა. „სახალხო დამცველის შერჩევა უკიდურესად მნიშვნელოვანია, ეს საქართველოს პარლამენტისთვის უზარმაზარი შესაძლებლობაა წარმართოს ინკლუზიური პროცესი, ახლა არის დრო, რომ ჩართოს რაც შეიძლება მეტი შესაბამისი ხმა, და არა ის, რომ პროცესი იყოს დახურული და ექსკლუზიური“, - განაცხადა ელჩმა.
გაიცვლება ერთი „სუპერპუმა“ სამ ვერტმფრენში?
სანამ ბორჯომის ტყეში ხანძარს თურქული ვერტმფრენების დახმარებით ებრძოდნენ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება 9 წლის წინანდელ პირობას იმეორებდა - გავყიდით სააკაშვილის დროს „ფუფუნებისთვის“ ნაყიდ „სუპერპუმას“ და მის ნაცვლად 3 ახალ ვერტმფრენს შევიძენთო.
„სუპერპუმები“ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ბოლო პერიოდში, 2010 წელს შეიძინეს, მათივე მტკიცებით, „სამხედრო გამოყენებისთვის“.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება კი ამბობდა, რომ ისინი სამხედრო მიზნებისთვის არ გამოდგება და სააკაშვილმა საკუთარი ფუფუნებისთვის შეიძინა. თავად სააკაშვილის თქმით, ფრანგული წარმოების „სუპერპუმების“ შეძენას რუსეთი ეწინააღმდეგებოდა და სწორედ ამიტომ გაფორმდა ოფიციალურად, როგორც სამოქალაქო დანიშნულების.
რა ფასად ცდილობს მთავრობა „სუპერპუმის“ გაყიდვას? საკმარისია თუ არა 10 წლის წინ ნაყიდი ერთი „სუპერპუმის“ გაყიდვისგან მიღებული თანხა 3 ახალი ვერტმფრენის შესაძენად? თუკი 2013 წელს ვერ გაყიდეს ვერტმფრენი, რატომ გაყიდიან 2022 წელს? ამ კითხვებზე რადიო თავისუფლებამ პასუხი სახელმწიფო უწყებებისგან ვერ მიიღო.
„აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროსგან მიღებულ მოკლე ოფიციალურ ტექსტურ შეტყობინებაში.
წაიკითხე მეტი თორნიკე მანდარიას სტატიაში.
უკრაინა რუსეთს ენერგოდარისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს - IAEA-ის ინსპექტორები ზაპოროჟიეში ჩავიდნენ
გაეროს ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ინსპექტორები გუშინ ზაპოროჟიეში ჩავიდნენ, ქალაქში, სადაც ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგური რუსეთის არმიას აქვს ხელში ჩაგდებული. ისინი სადგურზე სავარაუდოდ დღეს მივლენ.
ჯგუფის ხელმძღვანელის რაფაელ გროსის თქმით, ინსპექტორები სადგურზე რამდენიმე დღეს დაჰყოფენ, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მისიის გახანგრძლივებაც.
სააგენტო AFP-ი იტყობინება, რომ კიევმა რუსეთი დაადანაშაულა ატომური სადგურის მახლობლად მდებარე ქალაქისთვის ცეცხლის დაშენაში იმ დროს, როცა უცხოელი ექსპერტები ატომური სადგურისკენ მიემართებოდნენ.
IAEA-ის ექსპერტები შეამოწმებენ სადგურზე უსაფრთხოების სისტემების გამართულობას და მიიღებენ ინფორმაციას თანამშრომლებისგან. ელექტროსადგურზე რჩებიან უკრაინელი ინჟინრები.
თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.
ესტონეთი მომდევნო კვირებში შეზღუდავს რუსეთის მოქალაქეების შესვლას თავის ტერიტორიაზე
ესტონეთი აპირებს შეზღუდოს რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაწილისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა მომდევნო კვირებში. სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ განაცხადა.
„ამას დრო დასჭირდება, თუმცა ვფიქრობ, დროს აქ კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, ვხედავთ რა [ესტონეთში] შემომსვლელი რუსეთის მოქალაქეების დიდ რაოდენობას“, - თქვა მინისტრმა პრაღაში ევროკავშირის არაფორმალური მინისტერიალის შემდეგ.
ესტონეთისგან განსხვავებით ევროკავშირის მინისტრებმა კონსენსუსს მიაღწიეს რუსეთის მოქალაქეებისთვის მხოლოდ სავიზო პროცედურების გართულებაზე. გაძვირდება სავიზო მოსაკრებელი და ვიზის აღების პროცედურაც უფრო კომპლექსური გახდება. ეს ყველაფერი კი არის ერთ-ერთი პასუხი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრაზე.
თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.
სენაკის საკრებულოს არჩევნები - რა არის სადავო?
1 ოქტომბრისთვის სენაკში შუალედური არჩევნები უნდა ჩატარდეს. მოსახლეობა ერთ მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს. დიდი ალბათობით, საკრებულოში ძალთა ბალანსი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ შეიცვლება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ითხოვს, სენაკში შუალედური არჩევნების ნაცვლად, რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს.
ცესკოსთან წაგებული სასამართლო დავის შემდეგ, საია ახლა უკვე მთავრობას უჩივის იმის გამო, რომ კანონი დაარღვია და სენაკის საკრებულოს უფლებამოსილება არ შეუწყვიტა.
2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, სენაკის საკრებულო ერთ-ერთი იყო 7 მუნიციპალიტეტიდან, სადაც ოპოზიციამ, ჯამურად, ხელისუფლებაზე მეტი მანდატი მოაგროვა და საკრებულოს თავმჯდომარედაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი აირჩია. თუმცა ეს მოცემულობა ახლა უკვე შეცვლილია.
რატომ უჩივის საია მთავრობას? რომელი პარტიები მონაწილეობენ არჩევნებში? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.
სისტემის გენეტიკური შეცდომა
91 წლის ასაკში გარდაიცვალა მიხეილ გორბაჩოვი, საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი, ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში, 1988 წლამდე სსრკ-ის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი, რომლის სახელსაც უკავშირდება ამერიკის მე-40 პრეზიდენტის მიერ „ბოროტების იმპერიად“ წოდებული საბჭოთა კავშირის დაშლა, თუმცა, როგორც ისტორიკოსები ამბობენ, საბჭოთა კავშირისა და სოციალიზმის ხელყოფა არ ყოფილა მიხეილ გორბაჩოვის შორსმიმავალი და კარგად გათვლილი გეგმის ნაწილი. მეტიც, გორბაჩოვის ბიოგრაფიის მკვლევრების მტკიცებით, მას საერთოდ არ გააჩნდა არც გეგმა და არც მოქმედების სტრატეგია. ეგ კი არა, ალექსანდრ იაკოვლევის, ცკ-ის მდივნისა და გორბაჩოვის უახლოესი თანამებრძოლის თქმით, გორბაჩოვს რიგიანად გააზრებულიც კი არ ჰქონდა, რასაც აკეთებდა.
„ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ თავადაც ეშინოდა საკუთარ თავში ჩახედვისა, რათა არ ენახა იქ ისეთი რამ, რომლის არსებობა ჯერ თვითონაც არ იცოდა... გორბაჩოვს მუდმივად სჭირდებოდა გამხნევება, შექება, თანაგრძნობა და შეგულიანება, როგორც პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, ასევე პრაქტიკული საქმეების საკეთებლად“, - წერს ალექსანდრ იაკოვლევი მოგონებების წიგნში „მიმწუხრი“.
როგორ ფასდება გორბაჩოვის პოლიტიკის შედეგები და რა მიზეზები ედო მას საფუძვლად? წაიკითხე ვრცლად ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.
19 წლის ლექსო რატიანი პოეტების ოჯახში დაიბადა. მამა, ზვიად რატიანი ემიგრაციაშია; ბაბუა, პოეტი თედო ბექიშვილი ლექსოს სახლის ეზოში, სოფელ ნაღვარევშია დაკრძალული. ლექსო დღეს პოპულარული მუსიკოსია, კონსერვატორიაში ეუფლება ჯაზურ გიტარას. თუმცა პოეზია მისი შემოქმედების ნაწილია - ერთდროულად ძალიან ინტიმური, გულწრფელი და ცოტა სევდიანი სიმღერების ნაწილი.
„შვილის“ ახალ გმირს ჯერ სოფელში ვესტუმრეთ, შემდეგ კი ბაზალეთზე - კონცერტზე, რომელიც „თამადამ“ გამართა. ლექსომ გვიამბო, როგორ დაემშვიდობა ბავშვობას, როგორ განიცადა 14 წლის ბიჭმა პოლიციისა და მედიის ძალადობა მამაზე, როგორ აპირებს უსამართლობასთან გიტარით და სიმღერით ბრძოლას.