Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისიის 12 პუნქტზე სამსჯელოდ საპარლამენტო ოპოზიცია არასამთავრობოებს შეხვდა


საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ხვდებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს, 3 სექტემბერი, 2022 წელი
საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ხვდებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს, 3 სექტემბერი, 2022 წელი

საპარლამენტო ოპოზიციის ის ჯგუფი, რომელიც ევრორეკომენდაციებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ სამუშაო ჯგუფებში ჩართული არ არის, აცხადებს, რომ მათ უკვე მზად აქვთ ევრორეკომენდაციებთან დაკავშირებული დამოუკიდებელი დოკუმენტი. მათი განცხადებით, ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან თითქმის ყველა საკითხთან დაკავშირებით კანონპროექტი მომზადებულია. 4 საკითხთან დაკავშირებით კი არასამთავრობო ორგანიზაციებთან მომდევნო კვირაში დამატებითი კონსულტაციები გაიმართება.

3 სექტემბერს არასამთავრობოებთან გამართული მორიგი შეხვედრის შემდეგ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ სულ სამი დოკუმენტი იქნება შემუშავებული - ოპოზიციის, მესამე სექტორისა და „ქართული ოცნების“.

4 საკითხთან დაკავშირებით მომავალ კვირაში დამატებით მოსაზრებებს მოვისმენთ სამოქალაქო სექტორისგან იმიტომ, რომ კომპლექსური საკითხებია: ეს არის მართლმსაჯულება, დეოლიგარქიზაცია, საარჩევნო რეფორმები და მედია საკითხები. დანარჩენ საკითხებზე ფაქტობრივად სამუშაო პროცესი დასრულებულია. ვფიქრობთ, რომ სექტემბრის შუა რიცხვებისთვის საკანონმდებლო პაკეტები, რაც რეგისტრირებული არაა, პარლამენტში დარეგისტრირდება, ხოლო რაც რეგისტრირებულია, მასში გარკვეული ცვლილებები შევა“.

„ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“ , „სტრატეგია აღმაშენებლის“ დამოუკიდებელი დეპუტატებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე ის საკითხებიც გამოიკვეთა, სადაც, შესაძლოა, მმართველი გუნდის წარმომადგენლების მონაწილეობით შექმნილ პოლიტიკურ პროდუქტსაც დაუჭირონ მხარი. მისი სიტყვებით, ასეთი 2-3 შესაძლებლობა არსებობს. შეკითხვაზე, რა შემთხვევაში დაუჭერენ მხარს მმართველი პარტიის მიერ წარდგენილ ინიციატივას გენერალური პროკურორის არჩევის წესთან (არჩევა 3/5-იანი კვორუმით მოხდეს და შესაბამისი ნორმა კონსტიტუციაში ჩაიწეროს) დაკავშირებით, უსუფაშვილი ასე პასუხობს:

„ეს არ არის „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი ინიციატივა. ეს არის ჩემი ინიციატივაც, ეს არის ის ინიციატივა, რომელიც ერთად დავიწყეთ, მერე ხელისუფლებამ გადააგდო და ახლა ისევ შემოიტანა. ამიტომ, ცხადია, ამ დებულებას ჩვენ მხარს ვუჭერთ“.

ოპოზიცია საშემოდგომო სესიაზე ალტერნატიული კანონპროექტების წარდგენას აპირებს, რომელიც მათი აზრით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას უზრუნველყოფს.

შეხვედრის მონაწილეების თქმით, განსახილველი რჩება 4 პუნქტი, მათ შორის არის მართლმსაჯულებისა და სასამართლო სისტემის რეფორმირება, მედიის თავისუფლება და დეოლიგარქიზაცია, რომლებზე მსჯელობაც მომდევნო კვირაში გაგრძელდება.

2 თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც, 17 ივნისს, ევროკომისიამ საქართველოს 12 პირობის შესრულების რეკომენდაცია მისცა. მათი შესრულება აუცილებელია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. უკრაინისა და მოლდოვასგან განსხვავებით, საქართველომ ეს სტატუსი ამ ეტაპზე ვერ მიიღო.

XS
SM
MD
LG