Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში დაღუპული რუსი ჯარისკაცის მშობლები მეორე შვილის არმიიდან გათავისუფლებას ცდილობენ


ანდრეი ფიოდოროვის საფლავი.
ანდრეი ფიოდოროვის საფლავი.

უკრაინაში დაღუპული 20 წლის კრასნოიარსკელი ანდრეი ფიოდოროვის მშობლები არმიიდან უმცროსი შვილის დაბრუნებას ცდილობენ მას შემდეგ, რაც უფროსი შვილი ცოტა ხნის წინ მიწას მიაბარეს. მაგრამ ამ თხოვნაზე მათ სამხედრო კომისარიატიდან ჯერჯერობით უარი მიიღეს.

ანდრეი ფიოდოროვმა გრძელვადიან სამხედრო კონტრაქტს ხელი სამთვიანი ვადიანი სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ მოაწერა, მიუხედავად მშობლების მცდელობისა, რომ ეს არ გაეკეთებინა. დაღუპული ჯარისკაცის ახლობლები მიიჩნევენ, რომ ანდრეის ასეთი არჩევანი განაპირობა იმან, რომ მას ცხოვრების მოწყობის სხვა ვარიანტი არ ჰქონდა. მაგრამ ეს არჩევანი საბედისწერო აღმოჩნდა. თებერვალში 20 წლის ანდრეი ფიოდოროვი ჯერ ბელარუსში „სამხედრო სწავლებაზე“ გაგზავნეს, იქიდან კი უკრაინაში. რუსეთის გაჩაღებულ ომში ანდრეისთან ერთად მისი მეგობარი ალექსანდრიც დაიღუპა.

„მამამისი და მე მას შინ დაბრუნებისკენ მოვუწოდებდით“

20 წლის ანდრეი თავის მორიგ დაბადების დღეს სექტემბერში უნდა შეხვედროდა. მაგრამ ამ დღეს ვერ მოესწრო. გაზაფხულზე მისი დაღუპვის შესახებ მშობლებმა და ახლობლებმა ჯერ კრასნოიარსკის მხარის ქალაქ ზაოზერნის ადგილობრივი სოციალური ქსელების საშუალებით შეიტყვეს. შემდეგ კი ეს ამბავი მათ ოფიციალურადაც აცნობეს. მაგრამ ადგილობრივ ხელისუფლებას არანაირი ოფიციალური ცნობა ანდრეი ფიოდოროვის უკრაინაში დაღუპვის შესახებ არ გაუვრცელებია. ანდრეის მამა თავს დამნაშავედ მიიჩნევს, რომ ვერ შეძლო შვილის დარწმუნება, არ გამხდარიყო პროფესიონალი სამხედრო.

ანდრეი ფიოდოროვი
ანდრეი ფიოდოროვი

„ჩემი შვილი საიანსკის სკოლის 9 კლასის დამთავრების შემდეგ ქალაქ ზაოზერნის ტექნიკუმში მოეწყო, სადაც ბინის რემონტის შერეულ სპეციალობას დაეუფლა. 2020 წელს ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ მალევე გაიწვიეს არმიაში. და ვადიანი სამსახურის გავლის სულ რაღაც სამ თვეში ხელი მოაწერა სამწლიან კონტრაქტს. ჩვენ ვცდილობდით მისთვის ეს გადაგვეფიქრებინა, მაგრამ ვერაფერი გავაწყვეთ. მასთან გამოთხოვება ზაოზერნიდან 50 კილომეტრში, უსტ-კანდიგში მდებარე კულტურის სახლში გაიმართა“, - იხსენებს ანდრეის მამა, დმიტრი ფიოდოროვი.

24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სამხედრო სპეცოპერაციის დაწყების წინა დღეს ანდრეიმ ტელეფონით დედას დაურეკა და უთხრა, რომ მას ბელარუსში გზავნიან.

„მოგვიანებით გაირკვა, რომ ის უკვე უკრაინაში იმყოფებოდა და მონაწილეობას იღებდა „სპეცოპერაციაში“. ამის შემდეგ ის იშვიათად, მაგრამ მაინც გამოდიოდა კავშირზე. მე და მამამისი ვცდილობდით დაგვერწმუნებინა, რომ დაბრუნებულიყო, მაგრამ უარზე იდგა. თანაც ნორმალურად საუბარი ტელეფონზე საკმაოდ ჭირდა“, - ამბობს ალენა ფიოდოროვა. მშობლების თქმით, უკრაინაში მყოფი ანდრეი მათთან უცნობი ნომრებიდან და ძალიან მცირე ხნით ვოთსაფის აპლიკაციით რეკავდა.

„სწრაფად მოიკითხავდა ოჯახის წევრების ჯანმრთელობას. საკუთარ თავზე არაფერს ჰყვებოდა. ამას საუბარი ძნელად თუ შეიძლება ეწოდოს“, - ამბობს უფროსი ფიოდოროვი.

ანდრეი ფიოდოროვის საფლავი
ანდრეი ფიოდოროვის საფლავი

შვილის სიკვდილის შესახებ ალინა და დმიტრი ფიოდოროვებმა მისი დაღუპვიდან რამდენიმე დღის შემდეგ შეიტყვეს.

„25 აპრილს სამხედრო კომისარიატიდან დამირეკეს და მითხრეს: „არ ვიცი, როგორ გითხრათ ეს. თქვენი შვილი დაიღუპა“, - იხსენებს ალინა. „გამოდის, რომ იგი დაიღუპა 18 აპრილს, შეტყობინება კი 25 აპრილს მივიღეთ. როდესაც სამხედრო კომისარმა დარეკა, მე სამსახურში ვიყავი. იქვე ჩავიკეცე. მერე მივაღწიე სამხედრო კომისარიატამდე, მინდოდა გამეგო, თუ როგორ დაიღუპა ჩემი შვილი. ნამსხვრევებით სხეულზე მიღებული ჭრილობების შედეგადო. მეტი არაფერი უთქვამთ. შემდეგ იყო თუთიის კუბო. შვილის სახე მხოლოდ შუშაში დავინახე“, - ჰყვება ალინა ფიოდოროვა.

„აქ წელი უნდა ჩაიწყვიტო, არმიაში კი სოციალური დახმარება და გარანტიებია"

„სიბირ.რეალიის“ რედაქციის შეკითხვაზე, თუ რა ვითარებაში დაიღუპა უკრაინაში ჯარისკაცი ანდრეი ფიოდოროვი, ზელენოგორსკის რაიონულ სამხედრო კომისარიატში ტელეფონზე პასუხს თავი აარიდეს, ელექტრონულად წერილის გაგზავნაზე კი უარი იმიტომ თქვეს, რომ „კომისარიატში ინტერნეტი არ აქვთ“. ხოლო კრასნოიარსკის ოლქის კომისარიატში რედაქციას ურჩიეს, რომ „სპეცოპერაციის შედეგად უკრაინაში დაღუპულთა“ შესახებ ყველა შეკითხვით რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის მიემართა.

ალექსანდრ მუმბერი
ალექსანდრ მუმბერი

მაგრამ ჯარისკაც ანდრეი ფიოდოროვის დაღუპვის შესახებ ცალკეული დეტალები მისი მეგობრის, მასთან ერთად დაღუპული, ალექსანდრ მუმბერის ნათესავებისთვის აღმოჩნდა ცნობილი. არმიაში გაწვევამდე 19 წლის ალექსანდრი ალტაის მხარის, რუბცოვის რაიონის სოფელ პოლოვინკინოში ცხოვრობდა.

„ანდრეი ჩემი ნათესავის, საშას, მეგობარი იყო. ისიც 18 აპრილს დაიღუპა. ისინი ერთ ბინაში ცხოვრობდნენ და ერთ დღეს დაიღუპნენ. ჩემს ნათესავს ჰქონდა ნამსხვრევებისგან მიღებულ ჭრილობები თერმული დამწვრობით, ხოლო ანდრეის ზურგში ისეთი ჭრილობა ჰქონდა, რომ თეძო 180 გრადუსით ჰქონდა შეტრიალებული. ბიჭმა, რომელიც მათთან ერთად დაიჭრა, მოგვიყვა, რომ ისინი უპილოტო თვითმფრინავმა იმ დროს დააფიქსირა, როდესაც ნაღმმტყროცნს აყენებდნენ. შემდეგ კი დაიწყო „გრადებით“ დაბომბვა . სწორედ ამ დროს მოხდა ყველაფერი“, - ამბობს მუმბერის დეიდა, ევგენია დოროფეევა.

მის ნათესავს, ევგენიას თქმით, „ყოველთვის სურდა ჯარისკაცად გახდომა“. დაღუპულთა ნათესავები არ გამორიცხავენ, რომ ანდრეის „კონტრაქტზე ხელის მოწერა“ სწორედ მეგობარმა ურჩია, მაგრამ მათი საერთო მეგობრები კი ფიქრობენ, რომ ჯარისკაცად გახდომა ორივეს ძლიერ სურდა თავიანთი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე.

„ზაოზერნიში ახალგაზრდისათვის არ არსებობს კარგად ანაზღაურებადი სამუშაო. მისი მოსახლეობა მხოლოდ 9 ათასია. ეს ნიშნავს, რომ სამუშაოს საძებნად 200 კილომეტრით დაშორებულ კრასნოიარსკში უნდა გადაბარგდე. თანაც ან იშოვი იქ სამუშაოს და ან - არა. თანაც ამ ხელობით, ბინის რემონტით, აქ წელი უნდა ჩაიწყვიტო, არმია კი გაძლევს სოციალურ დახმარებას და გარანტიებს. ადრე ყველა სწორედ ასე ფიქრობდა. მაგრამ მე გამიმართლა - მამას ბიზნესი აქვს და სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მაშინვე მას მივაშურე. ბიჭები კი თავად ეძებდნენ გამოსავალს", - ჰყვება ანდრეის ყოფილი თანაკურსელი იგორ კ.

„ჟენია ძმის დაკრძალვაზე გამოუშვეს“

ამჟამად ფიოდოროვების ოჯახი ცდილობს, რომ სამხედრო სამსახურიდან დააბრუნოს თავიანთი უმცროსი შვილი, 19 წლის ევგენი. მიუხედავად იმისა, რომ ევგენი ამჟამად ალტაის მხარეში იმყოფება და არმიასთან პროფესიული კონტრაქტისთვის ხელი არ მოუწერია, ნათესავები შიშობენ, რომ მასაც უკრაინაში გაგზავნიან.

ალექსანდრ მუმბერის საფლავი ალტაის მხარის, რუბცოვის რაიონის სოფელ პოლოვინკინოში.
ალექსანდრ მუმბერის საფლავი ალტაის მხარის, რუბცოვის რაიონის სოფელ პოლოვინკინოში.

„ჟენია ძმის დაკრძალვაზე სახლში მოკლევადიანი შვებულებით გამოუშვეს, მაგრამ შემდეგ კვლავ სამხედრო ნაწილში დაბრუნდა. ახლა მე ვცდილობ მივაღწიო მის გაკომისიავებას. რაც არ უნდა იყოს, არავინ იცის, რა მოუვლის მას თავში ძმის დაღუპვის შემდეგ. მისი მდგომარეობა არასახარბიელოა. სამხედრო კომისარიატში წარვადგინეთ ცნობა უფროსი შვილის დაღუპვის შესახებ, მაგრამ ჩვენ იქ მეორე შვილის გაკომისიავებაზე უარი გვითხრეს“, - ამბობს დმიტრი ფიოდოროვი, უკრაინაში დაღუპული ანდრეი ფიოდოროვის მამა.

ანდრეი ერთ-ერთია იმ ათეულათასობით რუს ჯარისკაცს შორის, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ „სპეცოპერაციაში“, სინამდვილეში კი სუვერენული სახელმწიფოს გასანადგურებლად გაჩაღებულ ფართომასტაბიან ომში დაიღუპნენ.

მაგრამ ომის ნახევარი წლის განმავლობაში, დანაკარგების თაობაზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია ბოლოს 25 მარტს გამოაქვეყნა, სადაც 1351 დაღუპულის შესახებ იტყობინებოდა. განახლებული, ოფიციალური ინფორმაცია რუსული არმიის დანაკარგების შესახებ არ არსებობს.

უკრაინის გენშტაბი დაღუპულად აცხადებს 40 ათას რუს სამხედროსა და ოფიცერს.

პენტაგონის შეფასებით, აგვისტოს დასაწყისში რუსეთმა უკრაინაში დაღუპულებისა და დაჭრილების სახით დაკარგა 70 ათასიდან 80 ათასამდე სამხედრო.

მომზადებულია საიტ „სიბირ.რეალიის“ მიხედვით

XS
SM
MD
LG