Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი მაიორიც დაიღუპა რიაზანის მახლობლად აეროდრომზე თავდასხმის შედეგად


რუსული Ту-22М3-ის კლასის სტრატეგიული ბომბდამშენი
რუსული Ту-22М3-ის კლასის სტრატეგიული ბომბდამშენი

ქალაქ რიაზანის მახლობლად, რუსეთის სამხედრო აეროდრომ დიაგილევოზე სავარაუდო უკრაინული უპილოტო თვითმფრინავის იერიშის შედეგად, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მაიორიც დაიღუპა.

ამის შესახებ რუსული და უკრაინული ტელეგრამის არხები და ასევე „ნოვაია გაზეტა.რიაზანი“ იუწყებიან. გამოცემაში გამოქვეყნებულია ავიაიერიშის შედეგად დაღუპული სამი სამხედროს დაკრძალვის ამსახველი რეპორტაჟი, რომელშიც დაღუპულთა ვინაობაც არის მითითებული: ევგენი ნავლიუტოვი, ალექსანდრ შნოტინი და ანდრეი სტოლიაროვი. ნავლიუტოვი სამხედრო წოდება მაიორით არის მოხსენიებული, მაგრამ გამოქვეყნებული ფოტოსურათის თანახმად, სტოლიაროვიც ოფიცერი უნდა იყოს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 5 დეკემბერს თავდასხმა მოხდა ორ აეროდრომზე რიაზანისა და სარატოვის ოლქებში, სადაც სტრატეგიული ბომბდამშენებია განთავსებული.

დიაგილევოს აეროდრომზე მომხდარი ინციდენტის თაობაზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ცნობაში ნათქვამი იყო, რომ შემთხვევის შედეგად „ტექნიკური შემადგენლობის სამი რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა".

ტელეგრამის არხებით გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, მაიორი ნავლიუტოვი სტრატეგიული ბომბდამშენის, Ту-22М-ის პილოტი იყო და მივლინებით გაუგზავნიათ დიაგილევოს სამხედრო აეროდრომებზე, სადაც ამ ტიპის თვითმფრინავები არიან ბაზირებული. სავარაუდოდ, უკრაინული დრონის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად ერთი თვითმფრინავი დაზიანდა. სამი დაღუპულის გარდა, ვრცელდება ინფორმაცია 5 დაჭრილის შესახებ.

XS
SM
MD
LG