Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის შესარჩევი პროცესი დაიწყო


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსცა სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსისა და მისი შესარჩევი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ ბრძანება. დოკუმენტი 22 დეკემბრით არის დათარიღებული.

ბიუროს ხელმძღვანელობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის წევრები იქნებიან:

  • მთავრობის წარმომადგენელი;
  • პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე;
  • პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;
  • უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე;
  • გენერალური პროკურორის მოადგილე;
  • სახალხო დამცველი ან მისი მოადგილე;
  • სახალხო დამცველის მიერ ღია კონკურსით შერჩეული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ამ კომისიის დაკომპლექტებაში ჩართულმა უწყებებმა ერთი კვირის ვადაში უნდა წარუდგინონ საკუთარი კანდიდატები საქართველოს პრემიერს. ეს კომისია განსაზღვრავს კონკურსში მონაწილეობის პირობებს.

30 ნოემბერს პარლამენტმა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, მესამე მოსმენით განიხილა და მხარი 78 ხმით დაუჭირა. საკანონმდებლო პაკეტი, რომელშიც 27 კანონპროექტი შედის, პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა. ცვლილებების თანახმად, შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ანტიკორუფციული ბიურო. ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ამ სააგენტოს შექმნით საქართველო ევრორეკომენდაციების ერთ მოთხოვნას შეასრულებს.

XS
SM
MD
LG