Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთაველისკენ დამატებითი სპეცდანიშნულების რაზმები მიდიან


სპეცდანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის საპოლიციო მანქანები ჩიტაძის ქუჩაზე
სპეცდანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის საპოლიციო მანქანები ჩიტაძის ქუჩაზე

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დასაშლელად სპეცდანიშნულების რაზმების ახალი ჯგუფები გამოჩნდნენ ჩიტაძის ქუჩაზე და ასევე თავისუფლების მოედანზე. ჩიტაძის ქუჩაზე სპეცრაზმი წყლის ჭავლს უშვებს, თავისუფლების მოედნიდან კი რუსთაველის გამზირისკენ მოემართებიან.

ისმის გაფრთხილება და დაშლის მოწოდებაც იმის შესახებ, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში პოლიცია მათ წინააღმდეგ გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს.

პარლამენტის შენობიდან ჩანს, როგორ აკავებენ პოლიციელები და სპეცდანიშნულების რაზმის წევრები ადამიანებს - დაკავებულების რაოდენობის დაზუსტება ამ დროისთვის არ შეგვიძლია.

პარლამენტის წინ, სადაც აქცია რამდენიმე საათია მიმდინარეობს, მიუხედავად პოლიციის მცდელობისა, გამოიყენოს წიწაკის სპრეი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი, ახლა მოქალაქეები სიტყვით მიმართავენ ერთმანეთს.

მანამდე დემონსტრანტებმა პარლამენტის შენობის ჯებირი მოხსნეს და შიდა ეზოს დაკავება სცადეს - პოლიციამ ამ სივრცეშიც გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი.

აქციის მონაწილეებს სხვადასხვა სახის დაზიანება აქვთ. მათ სასწრაფო დახმარების ექიმები უწევენ სამედიცინო დახმარებას.

სიტუაცია რუსთაველზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც პარლამენტმა პირველი მოსმენით, 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ, მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი. "ქართული ოცნების" დეპუტატებმა კენჭისყრა დარბაზში ოპოზიციის პროტესტისა და შეძახილების ფონზე, დაჩქარებული წესით ჩაატარეს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG