ფეჰლევიმ, რომელიც ვაშინგტონთან ემიგრაციაში ცხოვრობს, თქვა, რომ სურს გარდამავალი ლიდერი იყოს, სანამ სეკულარული დემოკრატიის დამყარების მიზნით რეფერენდუმი დაინიშნება
ირანის 1979 წლის ისლამური რევოლუციის დროს ჩამოგდებული უკანასკნელი შაჰის ვაჟმა 5 მარტს განაცხადა, რომ ვისაც ირანის სასულიერო მთავრობა აიათოლა ალი ხამენეის მემკვიდრედ აირჩევს, არალეგიტიმური იქნება.
რეზა ფეჰლევიმ, რომელიც ისლამური რესპუბლიკის დაცემის შემთხვევაში საკუთარ თავს ალტერნატიულ მმართველად წარმოაჩენს, სოციალურ მედიაში განაცხადა, რომ „გამარჯვება ახლოსაა“ მას შემდეგ, რაც ისლამური რესპუბლიკის უზენაესი მმართველი, აიათოლა ალი ხამენეი გასულ შაბათ-კვირას აშშ-ის და ისრაელის ავიაციის თავდასხმის შედეგად მოკლეს.
ირანს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს „განურჩეველი“ თავდასხმები სპარსეთის ყურის ქვეყნების წინააღმდეგ
კრიზისული მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების მინისტრებმა 5 მარტს მოუწოდეს ირანს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს „განურჩეველი“ თავდასხმები სპარსეთის ყურის ქვეყნების წინააღმდეგ და გააფრთხილეს, რომ თავდასხმები საფრთხეს უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას.
„მინისტრებმა მკაცრად დაგმეს ირანის გაუმართლებელი თავდასხმები სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც საფრთხეს უქმნის რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებას და მოუწოდეს ირანს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმები“, - ნათქვამია ვიდეოკავშირით გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში.
28 თებერვალს ისრაელის და აშშ-ის არმიებმა დაიწყეს ირანის სამხედრო და სამთავრობო ობიექტების დაბომბვა, რის საპასუხოდაც ირანი რაკეტებს და დრონებს უშენს სპარსეთის ყურის ქვეყნებს, ასევე ისრაელს.
თურქეთმა 5 მარტს განაცხადა, რომ მკაცრად გმობს ირანის დრონებით თავდასხმას აზერბაიჯანის ნახიჩევანის ტერიტორიაზე, და კიდევ ერთხელ გამოთქვა მოწოდება მესამე ქვეყნების წინააღმდეგ თავდასხმების შეწყვეტისკენ.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ რეგიონში მესამე ქვეყნების წინააღმდეგ თავდასხმების შეჩერების აუცილებლობას, რომლებიც ომის გავრცელების საფრთხეს შეიცავს“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, მას შემდეგ, რაც ორი ქვეყნის უმაღლესმა დიპლომატებმა თავდასხმების შესახებ სატელეფონო საუბარი გამართეს.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში საპროტესტო ნოტის გადასაცემად გამოიძახეს ირანის ელჩი მას შემდეგ, რაც დღეს, 5 მარტს ნახიჩევანის აეროპორტის რაიონზე ირანის ტერიტორიიდან დრონებით შეტევა იყო. ოფიციალური ინფორმაციით, ორი ადამიანი დაშავდა.
- ნახიჩევანის საერთაშორისო აეროპორტი ირანის საზღვრიდან ათ კილომეტრშია.
- აზერბაიჯანის და ირანის სახელმწიფოებს მჭიდრო ურთიერთობები აქვთ.
- აზერბაიჯანის ხელისუფლებას არაერთხელ უთქვამს, რომ არცერთ ქვეყანას არ მისცემს თავისი ტერიტორიის გამოყენების უფლებას მეზობელი ირანის, ან სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციისთვის.
- ირანთან დაკავშირებული კონფლიქტის მიმართ ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას ცდილობს აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორი თურქეთი. აზერბაიჯანს და თურქეთს გაფორმებული აქვთ დეკლარაცია სამოკავშირეო ურთიერთობების შესახებ.
- აზერბაიჯანი ნავთობის ერთ-ერთი ძირითადი მიმწოდებელია ისრაელისთვის. წლების განმავლობაში ორი ქვეყანა მჭიდროდ თანამშრომლობდა თავდაცვის სფეროშიც.
ფორუმი