ორგანიზაციის მიერ დღეს, 15 იანვარს გავრცელებული ცნობით, ბრალდებული დამნაშავედ ცნეს წარდგენილ ბრალდებაში, რაც 14 წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილ ქმედებას გულისხმობდა.
მას სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
„ტიკტოკის პლატფორმაზე პირი არაიდენტიფიცირებადი იყო, თუმცა შევძელით მისი მონაცემების მოპოვება და დავადგინეთ პირის ვინაობა“, - წერს ორგანიზაცია.
„შემდეგ ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დადგინდა, რომ პირი არის სრულწლოვანი და 21 მაისს მას პატიმრობა შეეფარდა“, - იუწყება „საფარი“.
„საქმე მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ეს „საფარის“ პრაქტიკაში TikTok-ის პლატფორმაზე კიბერგრუმინგის პირველი შემთხვევაა, როდესაც პედოფილი იდენტიფიცირდა, რის შედეგადაც ის დააკავეს“, - წერს ორგანიზაცია.
2025 წლის მაისში ორგანიზაცია იუწყებოდა, რომ აღნიშნული პირი გაეცნო არასრულწლოვანს, - 14 წელს მიუღწეველ მცირეწლოვანს, - როგორც მისი თანატოლი; „შევიდა მასთან ნდობაში და აგზავნინებდა ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეომასალას. უგზავნიდა თვითონაც და აიძულებდა სხვადასხვა ქმედების განხორციელებას“.
მას 21 მაისს შეუფარდეს „წინასწარი პატიმრობა“.
ორგანიზაციას ბავშვის დედამ მიმართა.
„საფარი“ წერს, რომ ყადაღის მიუხედავად, ორგანიზაცია აგრძელებს მუშაობას, რათა „საზოგადოებაში ბავშვების დაცვა პრიორიტეტი იყოს და არცერთი ბავშვი ყურადღების მიღმა არ დარჩეს“. მისი ანგარიშები 27 აგვისტოს დააყადაღეს სხვა არასამთავრობოებთან ერთად „საბოტაჟის“ საქმის ფარგლებში, - საქმისა, რომელსაც მედიაში „პირბადეების საქმედ“ მოიხსენიებენ.
ფორუმი