Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევას ალიევიც დათანხმდა


ილჰამ ალიევი და დონალდ ტრამპი შარმ ელ-შეიხში ღაზის სამიტზე, 2025 წლის 13 ოქტომბერი
ილჰამ ალიევი და დონალდ ტრამპი შარმ ელ-შეიხში ღაზის სამიტზე, 2025 წლის 13 ოქტომბერი

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, მსოფლიოს ქვეყნების სხვა ლიდერებთან ერთად, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც მიიწვია ღაზის სექტორის აღსადგენად „მშვიდობის საბჭოს“ დამფუძნებელ წევრად. ალიევმა მიწვევა მიიღო.

მიწვევა გუშინ მიიღო სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანმაც.

„16 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილება მშვიდობის საბჭოს სახელით ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნის შესახებ და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შესთავაზა, ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრი სახელმწიფო გამხდარიყო“, - წერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო 21 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.

„აზერბაიჯანის რესპუბლიკამ მიიღო მოწვევა და აშშ-ის მხარეს აცნობა თავისი მზაობის შესახებ, გახდეს მშვიდობის საბჭოს დამფუძნებელი წევრი“, - აცხადებს საგარეო უწყება.

„აზერბაიჯანი, როგორც ყოველთვის, მზადაა აქტიურად შეიტანოს წვლილი საერთაშორისო თანამშრომლობაში, მშვიდობასა და სტაბილურობაში“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

იდენტური მიწვევა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმაც მიიღო დონალდ ტრამპისგან.

„პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა სიამოვნებითა და პასუხისმგებლობის გრძნობით მიიღო წინადადება, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა სომხეთის ერთგულება მშვიდობის ხელშეწყობის მიმართ“, - განაცხადა მისმა პრესსპიკერმა.

ტრამპის წერილში, რომელსაც ფაშინიანის პრესსპიკერი აქვეყნებს, არაფერია ნათქვამი „მილიარდ დოლარზე“, რაც, „ბლუმბერგის“ და სხვა გამოცემების თანახმად, არის ის მინიმალური თანხა, რაც ტრამპს აქვს დაწესებული საბჭოში „მუდმივი ადგილის“ მოპოვებისათვის.

გეგმის თანახმად, „საბჭოს“ უვადოდ უხელმძღვანელებს ტრამპი, რომელიც მუშაობას დაიწყებს ღაზაში კონფლიქტის მოგვარებით და შემდეგ გააფართოებს საქმიანობას სხვა კონფლიქტების მოსაგვარებლად.

დონალდ ტრამპმა „მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობაში შესასვლელად უკვე მიიწვია მსოფლიოს რამდენიმე ლიდერი, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.

მიწვეულთა შორის არიან ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა, არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი, კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG