Accessibility links

„ცირკი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც საერთაშორისო სამართალთან და არც საერთაშორისოდ აღიარებულ სამართლებრივ ნორმებთან“; „მორიგი ნაბიჯი საქართველოს რეგიონების ანექსიის თემით სპეკულირებისკენ“; „დემოკრატიის ფალსიფიკაცია“ - ასე აფასებენ საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები 9 აპრილს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს სამხრეთ ოსეთისა და ალანიის ტოლმნიშვნელოვან სახელებად გამოცხადების საკითხზე. ამ აქტს გმობს საერთაშორისო საზოგადოება და კიდევ ერთხელ გამოხატავს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას.

დე ფაქტო რესპუბლიკის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ბელა პლიევას მიერ გავრცელებული წინასწარი ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთისა და ალანიის ტოლმნიშვნელოვან სახელებად გამოცხადების საკითხს მხარი დაუჭირა რეფერენდუმში მონაწილეთა 78,2 %-მა, საწინააღმდეგო პოზიცია ამომრჩეველთა 21,8 %-მა დააფიქსირა. რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, ბელა პლიევასავე ინფორმაციით, წინასწარი შედეგებით, არჩევნებში 57,98 %-ით ლიდერობს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე, ანატოლი ბიბილოვი. დე ფაქტო რესპუბლიკის მოქმედ პრეზიდენტს, ლეონიდ თიბილოვს, ამომრჩეველთა 30 %-მა დაუჭირა მხარი. პრეზიდენტობის კიდევ ერთმა კანდიდატმა კი, ალან გაგლოევმა, ხმათა 11,1 % მოაგროვა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს არანაირი იურიდიული ძალა არ ექნება. საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე განსაკუთრებულ აქცენტს საერთაშორისო საზოგადოების რეაქციაზე აკეთებს:

„საერთაშორისო საზოგადოებამ უკვე დააფიქსირა საკუთარი პოზიცია ამ მოვლენებთან დაკავშირებით და ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს არასდროს საქართველოში ყოველგვარი სამართლებრივი ნორმის დარღვევით ჩატარებულ ნებისმიერ ქმედებას“.

ნატო არ აღიარებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს, ვკითხულობთ ნატოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც 10 აპრილს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვებსაიტზე გამოქვეყნდა. განცხადების თანახმად, ცალმხრივი ნაბიჯები რეგიონის სახელის ან სტატუსის შეცვლის თაობაზე ზიანს აყენებს საქართველოში სიტუაციის დარეგულირების ძალისხმევას. საერთაშორისო საზოგადოებამ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა ჯერ კიდევ არჩევნებისა და რეფერენდუმის გამართვამდე დააფიქსირა. ამ ფაქტს 8 აპრილს გამოეხმაურა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიიკა მოგერინი. მისი პრესსპიკერის განცხადებით, ევროკავშირი არ აღიარებს იმ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც 9 აპრილს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და საქართველოს სეპარატისტული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის, სახელის გადარქმევაზე რეფერენდუმი იმართება. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი დაგმო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც. დეპარტამენტის პრესსპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა მარკ ტონერმა ჯერ კიდევ 7 აპრილს განაცხადა, რომ „აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია“ და რომ უკანონო არჩევნები და რეფერენდუმი „საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე“ იმართება.

ზურაბ ჭიაბერაშვილი, „ევროპული საქართველოს“ წევრი, ფიქრობს, რომ ეს აქტი საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო თანამეგობრობისა და დიპლომატიის გზით უნდა გააპროტესტოს, თუმცა, ხელისუფლების ოპონენტი ხელისუფლებას დიპლომატიურ პოლიტიკას უწუნებს:

„ნებისმიერი რეფერენდუმი და არჩევნები უკანონოა იმ პირეობებში, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი არის დევნილი და არ აქვს ამ პროცესებში მონაწილეობის საშუალება და როდესაც ეს ყველაფერი მიმდინარეობს საოკუპაციო შეიარაღებული ძალების, ტანკების ლულის ქვეშ. სამწუხაროდ, დღეს ვერ ვხედავთ ადეკვატურად აქტიურ დიპლომატიურ პოლიტიკას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ის, რაც გაკეთდა, გაკეთდა მხოლოდ მორიგი განცხადებები ამ ფაქტთან დაკავშირებით. არადა, ეს ფაქტი არის ისეთი ნაბიჯი, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ბევრად უფრო აქტიურ დიპლომატიურ და პოლიტიკურ ქმედებებს“.

9 აპრილს, არჩევნებისა და რეფერენდუმის გამართვის დღეს, რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის, „ეხო კავკაზას“, ცხინვალელი კორესპონდენტი ირინა ქელეხსაევა ცხინვალში მცხოვრებ ამომრჩევლებს გაესაუბრა, რომლებიც თანამოქალაქეებს უკეთეს სახელმწიფოში გაღვიძებას უსურვებდნენ:

დიდი იმედი მაქვს, რომ ხვალინდელი დღიდან ჩვენ ახალი ცხოვრება გვექნება. ხვალინდელი დღე ჩვენ გვავალდებულებს ვიყოთ ალანები. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენს საწყისებს ვუბრუნდებით.

ვიმედოვნებ, რომ ხვალინდელი დღიდან ჩვენი პატარა ალანია აყვავებას დაიწყებს და არ აქვს მნიშვნელობა, ვის ავირჩევთ პრეზიდენტად. მთავარია, მე ვიცი, რომ ხვალინდელი დღიდან ჩვენი მშობლიური მიწა სხვა გზით წავა, ყველაფერი კარგად იქნება და ჩვენ უკეთესად ვიცხოვრებთ.

რას ცვლის ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი? - პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ არც დე იურე და არც დე ფაქტო ვითარება საქართველოსთვის არ იცვლება. ეს ტერიტორია იყო, არის და იქნება აღიარებული, როგორც საქართველოს შემადგენელი ნაწილი, თუმცა, მისი თქმით, საჭიროა დაპირისპირება იმ პროპაგანდასთან, რომელსაც 9 აპრილს ჩატარებული რეფერენდუმი ემსახურება:

„ალანია დაერქმევა თუ ცხინვალის რეგიონი, რა თქმა უნდა, სულ ერთი არ არის. ამ პროპაგანდას უნდა დავუპირისპირდეთ. ე.ი. მცდელობა არის რუსეთის მხრიდან, რომ ისტორიულად ალანებს უკუთვნოდათ ეს ტერიტორია და შემდგომში, თითქოს მოვიდნენ ქართველი დამპყრობლები და დაიპყრეს ეს ტერიტორია და საქართველოს შემადგენლობაში შეიყვანეს, რაც არის ტყუილი. ამიტომ დაპირისპირება კი ღირს, მაგრამ, მეორე მხრივ, დე იურე და დე ფაქტო ვითარება არ იცვლება“.

10 აპრილს ამჯერად უკვე საპრეზიდენტო არჩევნებში დაწინაურებულმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ, ანატოლი ბიბილოვმა, კიდევ ერთი რეფერენდუმის გამართვის პერსპექტივაზე ილაპარაკა, რომელიც სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას მიეძღვნება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG