Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღვინის ექსპორტი სწრაფი ტემპით იზრდება


ავტორი: ირინა გურული

ღვინო საქართველოსთვის მნიშვნელოვან პროდუქტად რჩება არა მხოლოდ საექსპორტო პოტენციალის, არამედ მის წარმოებასთან დაკავშირებული საუკუნეობრივი ტრადიციების გამოც, ასევე სოციალური თვალსაზრისით, რამდენადაც ის მევენახეობასა და მასში ჩართული მოსახლეობის შემოსავლებს უკავშირდება. სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტში ღვინომ კარგა ხანია პირველი ადგილი თხილს დაუთმო, ინტერესი ღვინის ექსპორტის მიმართ მაინც განსაკუთრებულია.

გუშინ ღვინის ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა მიმდინარე წლის იანვარ-მარტის სტატისტიკური მონაცემები, რომლის თანახმად, საქართველოდან მსოფლიოს 38 ქვეყანაში ექსპორტირებულია 14,2 მილიონამდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 85 %-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. ფინანსურ გამოხატულებაში, ამ პერიოდში ექსპორტირებულია 32,2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 77%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

ქვეყნისთვის, რომლის მთავარ საექპორტო ბაზრად სულ რაღაც 10 წლის წინ რუსეთი რჩებოდა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი წარმატებაა მსოფლიოს 38 ბაზარზე შეღწევა, თუმცა პრიორიტეტულობა აქ მაინც უცვლელია:

ექსპორტი გაზრდილია ევროკავშირის, ჩინეთის, აშშ-ის და ასევე ტრადიციული ბაზრების მიმართულებით. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი - 8 987 745, ჩინეთი -1 794 200, უკრაინა - 1 305 508, პოლონეთი - 561 294 და ყაზახეთი - 473 515 ბოთლი.

ამ ჩამონათვალში ჩინეთის გამოჩენა ქართული ღვინის ექსპორტის პერსპექტივისთვის, მართლაც, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მოვლენაა, მით უმეტეს, რომ ზრდის მაჩვენებელი შთამბეჭდავია: ჩინეთში ექსპორტის მატების მაჩვენებელია 383 %. ამ მონაცემით მან გადაუსწრო ტრადიციულ ბაზარს, უკრაინას. ხუთეულში პოლონეთის აღმოჩენა ასევე საგანგებოდ არის აღსანიშნავი, რადგან ევროკავშირის წევრი პოლონეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის ზრდა ადასტურებბს იმასაც, რომ პროდუქტის ხარისხი საქართველოს მწარმოებლებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს და დღეს ისინი ევროკავშირის მკაცრი სტანდარტების დაკმაყოფლებასაც ახერხებენ.

ზოგადად, ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ისრაელი - 333 % (42 570 ბოთლი), რუსეთი - 120% (8 987 745 ბოთლი), კანადა - 55 % (34 650 ბოთლი), პოლონეთი - 27 % (561 294 ბოთლი), გერმანია - 22 % (98 926 ბოთლი), უკრაინა - 20 % (1 305 508 ბოთლი), აშშ - 7 % (66 714 ბოთლი), ლატვია - 5 % ( 255 896 ბოთლი).

ღვინის გარდა, საქართველო, ცხადია, სხვა ალკოჰოლური სასმელის ექსპორტიორიცაა. ამ მიმართულებით გავრცელებული სტატისტიკაც ექსპორტის ზრდას მოწმობს: 2017 წლის პირველ სამ თვეში მსოფლიოს 13 ქვეყანაში ექსპორტირებულია 3,3 მილიონი ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 51 %-ით აღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 8,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - მატება, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 71 %-ს აღწევს.

პირველ კვარტალში ექსპორტირებულია 46 990 ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა. ზრდამ 142 % შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები 137 ათას აშშ დოლარს შეადგენს. ზრდამ, გასული წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით, 114 %-ს მიაღწია.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 58,5 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა - ზრდამ, 2016 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 76 % შეადგინა. ეს მაჩვენებელი, მიუხედავად იმისა, რომ 2015-2016 წელი ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელისთვის დიდად წარმატებული წლები არ ყოფილა, უდავოდ მნიშვნელოვანი ციფრი გახლავთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG