Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი ადასტურებს, რომ ჯულიან ასანჟი პოლიციისთვის „ხელმიუწვდომელია“


ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ „ვიკილიქსის“ დამაარსებელი ჯულიან ასანჟი იმყოფება „დიპლომატიურ ტერიტორიაზე და ხელმიუწვდომელია პოლიციისთვის“ მას შემდეგ, რაც ასანჟმა ლონდონში ეკვადორის საელჩოს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.

ასანჟმა ამ თხოვნით საელჩოს სამშაბათს მიმართა, რათა თავი აარიდოს ექსტრადიციას შვედეთში, სადაც მას სექსუალურ ძალადობაში წაუყენებენ ბრალს.
ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ მისი საბოლოო საჩივარი 14 ივნისს უარყო.
ასანჟი, რომელიც ავსტრალიის მოქალაქეა, დანაშაულის ჩადენას უარყოფს.
ეკვადორი აცხადებს, რომ განიხილავს ასანჟის თხოვნას თავშესაფრის გამოყოფაზე.

ასანჟის სახელი საერთაშორისო მასშტაბით ცნობილი გახდა 2010 წელს, როცა „ვიკილიქსმა“ აშშ-ის ასიათასობით საიდუმლო დიპლომატიური და სამხედრო დოკუმენტი გაავრცელა.

ასანჟს ნათქვამი აქვს, რომ შიშობს შვედეთში ექსტრადიციის შემდეგ ის აშშ-ში არ გაგზავნონ, სადაც ბრალს წაუყენებენ. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, მას შესაძლოა სიკვდილით დასჯა დაემუქროს.

ასანჟი ბრიტანეთში დააკავეს 2010 წლის დეკემბერში, ევროპაში გაცემული დაპატიმრების ორდერის საფუძველზე. მას შემდეგ ის გირაოთი გაათავისუფლეს და მკაცრ პირობებში ცხოვრობდა შეძლებული მეგობრის სახლში.
ოთშაბათს ლონდონში პოლიციამ განაცხადა, რომ ასანჟმა გირაოს პირობები დაარღვია და, ეკვადორის საელჩოდან გამოსვლის შემთხვევაში, მას დააპატიმრებენ.
ეკვადორის მთავრობა განიხილავს ჯულიან ასანჟის თხოვნას და გადაწყვეტილება, რომელსაც ის მასთან მიმართებით მიიღებს, დაეფუძნება საერთაშორისო სამართლის ნორმებს და პრინციპებს - ისევე, როგორც ეკვადორის ტრადიციული პოლიტიკა ითვალისწინებს ადამიანის უფლებებს...
რიკარდო პატინო

ეკვადორის საგარეო საქმეთა მინისტრი რიკარდო პატინო აცხადებს, რომ მისი ქვეყანა ასანჟისთვის თავშესაფრის გამოყოფის საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებს საერთაშორისო სამართლის საფუძველზე:

„ეკვადორის მთავრობა განიხილავს ჯულიან ასანჟის თხოვნას და გადაწყვეტილება, რომელსაც ის მასთან მიმართებით მიიღებს, დაეფუძნება საერთაშორისო სამართლის ნორმებს და პრინციპებს - ისევე, როგორც ეკვადორის ტრადიციული პოლიტიკა ითვალისწინებს ადამიანის უფლებებს“.

შვედეთის პროკურორებს ასანჟის მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნაზე ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებიათ.

„ვიკილიქსმა“ სკანდალი გამოიწვია აშშ-ის ოფიციალური პირების მიერ ერთმანეთთან გაგზავნილი იმ კონფიდენციალური შეტყობინებების გავრცელებით, რომლებიც ეხებოდა ერაყის და ავღანეთის ომებს და ასევე მოიცავდა ბევრი ქვეყნის პოლიტიკური ვითარების ანალიზს.

ამერიკელი ოფიციალური პირები "ვიკილიქსს" ადამიანების სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნაში ადანაშაულებენ იმ პირების სახელების გავრცელებით, რომლებიც ამერიკელ დიპლომატებს და დაზვერვის სტრუქტურების წარმომადგენლებს ელაპარაკებოდნენ იმ ქვეყნებში, სადაც ამის გაკეთება საშიშია.

ინფორმაციის ყველაზე მასშტაბურ გაჟონვაში - რომელიც ავღანეთის და ერაყის ომებზე მასალებს ეხებოდა - ეჭვმიტანილია აშშ-ის სამხედრო დაზვერვის ანალიტიკოსი, ბრედლი მენინგი, რომელიც ამჟამად აშშ-ში, პატიმრობაში იმყოფება. მას საიდუმლო მასალების "ვიკილიქსისთვის" მიწოდება ბრალდება.
საერთო ჯამში მენინგს 22 ბრალდება აქვს წაყენებული. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მას შესაძლოა სამუდამო პატიმრობა შეეფარდოს.
XS
SM
MD
LG