Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დრანდის ციხიდან გათავისუფლდა კიდევ ერთი პატიმარი


ენგურის ხიდი
ენგურის ხიდი

ათთვიანი პატიმრობის შემდეგ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა დრანდის ციხიდან პაატა როგავა გაათავისუფლეს. მას ჟურნალისტებთან საუბარი არ სურს, თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებას პაატა როგავას დამ, თინათინ როგავამ, განუცხადა, გათავისუფლებული საკუთარ სახლში, ზუგდიდის სოფელ რიყეში, იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რესპონდენტისავე განცხადებით, პაატა როგავა ოკუპირებული აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში ენგურის ხიდით გადმოვიდა.

გადმოწერა
მამაჩემმა და ჩემმა ძმამ არა, თვითონ რუსმა ოკუპანტებმა გადაკვეთეს საზღვარი. მაშინ რაღაც პატარა ინციდენტი ყოფილა. ჩემი ძმა იყო პატარაზე ნაცემი, მაგრამ არაფერი ისეთი...
თინათინ როგავა

„კარგად არის. გუშინ 12:00 საათზე გამოუშვეს. არანაირი გავლენა არ ყოფილა აქ ხელისუფლებიდან. რაც სასამართლოში გამოუტანეს განაჩენი, ის შესრულდა და გამოუშვეს“, - ამბობს თინათინ როგავა.

მანამდე, 2017 წლის დეკემბერში, რვათთვიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს პაატა როგავასთან ერთად დაკავებული არჩიკო როგავა. ოჯახის წევრების ცნობით,მამა-შვილი მდინარე ენგურის სანაპიროზე დე ფაქტო რესპუბლიკის მესაზღვრეებმა გასული წლის 5 აპრილს დააკავეს, როცა ცხენს ეძებდნენ.

„მამაჩემმა და ჩემმა ძმამ არა, თვითონ რუსმა ოკუპანტებმა გადაკვეთეს საზღვარი. მაშინ რაღაც პატარა ინციდენტი ყოფილა. ჩემი ძმა იყო პატარაზე ნაცემი, მაგრამ არაფერი ისეთი“, უთხრა რადიო თავისუფლებას გათავისუფლებულის დამ, თინათინ როგავამ.

მამა-შვილის დაკავების მიზეზებზე განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა აპრილშივე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურმა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მამა-შვილს ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთა ედებოდათ, პაატა როგავას კი, დამატებით, დაკავებისას დე ფაქტო რესპუბლიკის მესაზღვრის ფიზიკური შეურაცხყოფა. აფხაზეთის დე ფაქტო სასამართლოს გადაწყვეტილებით, არჩიკო როგავას თავისუფლების აღკვეთა ორი წლით, პაატა როგავას კი 2 წლითა და ექვსი თვით ჰქონდა მისჯილი.

არჩიკო და პაატა როგავების ოჯახის წევრები კახაბერ ქემოკლიძესთან შეხვედრისას. 2017 წლის 31 მაისი
არჩიკო და პაატა როგავების ოჯახის წევრები კახაბერ ქემოკლიძესთან შეხვედრისას. 2017 წლის 31 მაისი

გასული წლის აპრილის თვიდან როგავების ოჯახმა ენგურის ხიდზე არაერთხელ გამართა საპროტესტო აქცია დაკავებულების გასათავისუფლებლად. თბილისი ამავე მოთხოვნას აქტიურად აყენებდაგალში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ შეხვედრაზე. ყოველი შეხვედრის შემდეგ თბილისის დელეგაციის ხელმძღვანელი კახაბერ ქემოკლიძე აცხადებდა, რომ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა როგავების გათავისუფლების საკითხს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განმარტება დღესაც გააკეთა. რადიო თავისუფლებისთვის წერილობით მოწოდებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დრანდის ციხიდან პაატა როგავას გათავისუფლება პოზიტიურ დინამიკას შესძენს გალის „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM)“ ფორმატის შემდგომ მუშაობას. სუსში აცხადებენ, რომ გათავისუფლების საკითხი დაკავების მომენტიდან დღემდე აქტიურად იყო დაყენებული გალში ამავე ფორმატის შეხვედრაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG