Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირებისთვის ბრძოლისა და აშშ-ში ვიზიტის კვირა


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის შეხვედრა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის შეხვედრა

გასული სამუშაო კვირის პირველივე დღეს, 6 თებერვალს, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ, მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 2017-2019 წლების სამოქმედო გეგმა წარუდგინა. გეგმა, მისი განმარტებით, მიზნად ისახავს საზოგადოებრივი მაუწყებლის კრიზისიდან გამოყვანას და მდგრადი განვითარების საფუძვლის შექმნას, რაც, თავის მხრივ, პირველ ეტაპზე რადიო და ტელემაუწყებლობის ყველა პროგრამის დახურვას ითვალისწინებს, მათი დაბალი რეიტინგის გამო:

“საჭიროა ფინანსები და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა და ამისთვის საჭიროა, რომ 2018 წლამდე დროებით შევაჩეროთ გადაცემები, რათა მოვამზადოთ პლატფორმა. აქ რაზეა საუბარი: ჩვენ კი არ ვაჩერებთ გადაცემებს, ჩვენ დროებით ვაჩერებთ გადაცემებს, რათა დიდი ხნით არ გაჩერდეს მაუწყებელი. აი, ეს არის ჩვენი გეგმა. ეს არის ჩვენი ანალიზი, ჩვენი საექსპერტო დასკვნა აქ არსებული მდგომარეობისა“.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ხელმძღვანელის გეგმა კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმებული ადამიანებისთვის, ისე სამეურვეო საბჭოსა და სამოქალაქო სექტორისთვის. შედეგად, მაუწყებლის განვითარების ალტერნატიულ გეგმაზე მუშაობა დაიწყო საინიციატივო ჯგუფმა, ტელევიზიასთან ხმაურიანი საპროტესტო აქცია გაიმართა და 9 თებერვალს, გენერალური დირექტორისა და საბჭოს დახურულ კარს მიღმა ხუთსაათიანი დისკუსიის შემდეგ, გაირკვა, რომ ერთი კვირის ვადაში საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის შეფასების ახალ კრიტერიუმებს შეიმუშავებს. საბჭოს ერთ-ერთ წევრს, სულხან სალაძეს, მიაჩნია, რომ გადაცემების დახურვა ეგრეთ წოდებული დაბალი რეიტინგის მომიზეზებით გაუმართლებელია და რომ რეიტინგი, თავის მხრივ, შეფასების არა ერთადერთი, არამედ ერთ-ერთი კრიტერიუმია:

სულხან სალაძე
სულხან სალაძე

“არავინ არ დავობს, რომ შენობა არის ავარიულ მდგომარეობაში. არავინ არ დავობს იმაზე, რომ ტექნიკური ბაზა საჭიროებს განახლებას. არავინ არ დავობს იმაზე, რომ ოპტიმიზაცია არის საჭირო, გარკვეულწილად. მაგრამ როცა ამ თემებზე არის საუბარი, მნიშვნელოვანია, გამოსავლად რას ვთავაზობთ ჩვენ საზოგადოებრივ მაუწყებელს და, ზოგადად, საზოგადოებას. შესაძლოა, პრობლემებში ყველა ვთანხმდებოდეთ, მაგრამ გადაჭრის გზების განსხვავებული ხედვა გვქონდეს. მე არ მიმაჩნია სწორად, რომ 102 გადაცემიდან 101 დახურო, მნიშვნელობა არ აქვს ეს რადიო იქნება, პირველი არხი თუ მეორე არხი. ამიტომაც მე მგონია, რომ კონსტრუქციული და ალტერნატიული წინადადებები უნდა იყოს, მათ შორის, მენეჯმენტის მხრიდან წარმოდგენილი“.

გასული სამუშაო კვირა დაძაბული გამოდგა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვისაც. 6 თებერვალს ერთ-ერთ უკრაინულ ვებპორტალზე აიტვირთა კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი. ჩანაწერი „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა, და იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის, საუბარს ასახავდა, საუბარი კი შეეხებოდა მილიონებს და ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ფული უზენაეს სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეების, ბესარიონ ალავიძისა და პაატა ქათამაძის, შესაძლო მოსყიდვას უნდა მოხმარებოდა. მოგვიანებით ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ფალსიფიცირებული, დამონტაჟებული ჩანაწერით ხელისუფლებამ „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეებზე ზეწოლისა და მოსყიდვის ფაქტების გადაფარვა სცადა. თავის მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა „რუსთავი 2“ და მისი გენერალური დირექტორი სასამართლო სისტემის მიზანმიმართულ დისკრედიტებაში დაადანაშაულეს, თუმცა, მეორე მხრივ, გასულ კვირაში მათ არაერთხელ მოუწიათ „რუსთავი 2“-ის საქმის კიდევ ერთი მოსამართლის, ნატა ნაზღაიძის, სახელმწიფოს მიერ მოსყიდვის ფაქტების უარყოფა.

გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტმა დაიწყო ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული კანონპროექტების პაკეტის განხილვა. პაკეტი ითვალისწინებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის, საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს, შექმნას. სააგენტოს, ფარული მოსმენების ტექნიკურად განხორციელების გარდა, ელექტრონული კომუნიკაციების გაკონტროლების უფლებაც ეძლევა. მისი, როგორც დამოუკიდებელ ორგანოდ, არსებობის შესაძლებლობას ეჭვქვეშ აყენებს როგორც სამოქალაქო სექტორი, ისე პოლიტიკური ოპოზიცია და სახალხო დამცველი:

“უსაფრთხოების სამსახურს და სამართალდამცავ სისტემას, სამწუხაროდ, არ აქვს ის ნდობა საზოგადოებაში, რომ მათ სისტემაში თუკი იქნება ეს ახალი სტრუქტურა მოაზრებული, გარკვეულწილად კითხვის ნიშნები კვლავ დარჩება. აქ საუბარი არის იმაზე, რომ სწორედ ეს სისტემა იყო ჩართული უკანონო მოსმენებში წლების განმავლობაში. აქედან გამომდინარე, საზოგადოებაში გარკვეული უნდობლობა ნამდვილად არსებობს, თუკი დარჩება აღნიშნული სისტემა ამ სისტემაში და, შესაბამისად, ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ სისტემის გამოსვლას გარეთ“.

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ერთ-ერთია მათ შორის, ვისი სარჩელის საფუძველზეც საკონსტიტუციო სასამართლომ გასული წლის აპრილში არაკონსტიტუციურად ცნო პირადი ხასიათის ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვებისა და მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაწერისა და შენახვის წესები. პარლამენტს 11 თვის ვადაში ევალება არსებულ კანონში ცვლილებების შეტანა და, შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებებიც მარტის ბოლოს უნდა განხორციელდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი კვირა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული კანონპროექტების პაკეტის განხილვის მიმართულებით ასევე აქტუალური იქნება.

ის საკმაოდ ანტაგონიზმით იყო განწყობილი მოქმედი მოსამართლეების მიმართ. შემდეგ მან მონაწილეობა მიიღო იმ კანონმდებლობის შექმნაში და აქტიურად უჭერდა მხარს საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანულ კანონში ცვლილებებს, რომლებმაც შეაფერხა საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობა...
გიორგი მუმლაძე

გასულ კვირაში პარლამენტმა დაასრულა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ საკუთარი კვოტით კანდიდატურის დამტკიცების დროში გაწელილი პროცესი და ამ თანამდებობაზე მერვე მოწვევის პარლამენტის ვიცე-სპიკერი და მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი მანანა კობახიძე დაამტკიცა. მანანა კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, თუმცა ამით ვერ გაქარწყლდა ეჭვები, რომლებიც მანანა კობახიძის მიუკერძოებლობასა და ობიექტურობასთან დაკავშირებით არსებობს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარმა გიორგი მუმლაძემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, რომ მწვავე დაპირისპირებისა თუ სადავო საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების პროცესში აქტიურად ჩართული მანანა კობახიძე გარკვეულწილად ხელს უწყობდა საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაციას:

“ის საკმაოდ ანტაგონიზმით იყო განწყობილი მოქმედი მოსამართლეების მიმართ. შემდეგ მან მონაწილეობა მიიღო იმ კანონმდებლობის შექმნაში და აქტიურად უჭერდა მხარს საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანულ კანონში ცვლილებებს, რომლებმაც შეაფერხა საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობა. როდესაც თავად მას არ აწყობდა და კონკრეტული პიროვნებები მისთვის მიუღებელი იყო, მაშინ ეს სასამართლო მიიჩნეოდა რაღაც უავტორიტეტოდ და, ბუნებრივია, როდესაც ახლა თავად გახდა მოსამართლე, მის მიმართაც იგივე კითხვები არსებობს - რამდენად შეძლებს ის განახორციელოს ხარისხიანი მართლმსაჯულება. ბუნებრივია, ეს ეჭვქვეშ არის დაყენებული“.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მანანა კობახიძე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ 8 თებერვალს დაამტკიცა. ამავე დღეს დეპუტატებმა 97 ხმით დაძლიეს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვეტო „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონზე. საპარლამენტო უმრავლესობამ არ გაიზიარა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ის შენიშვნები, რომლებსაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე განმარტავს:

“ჩვენ გთავაზობთ სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევას მოსამართლეების მიერ და არა დანიშვნას იუსტიციის საბჭოს მიერ. ერთი და იგივე პირს აღარ ექნება შესაძლებლობა, რომ დაიკავოს სამი თანამდებობა. წარმოდგენილი კანონპროექტით კი, სამწუხაროდ, იქმნება შესაძლებლობა, რომ ერთი და იგივე პირმა დაიკავოს როგორც კოლეგიის თავმჯდომარის, ისე სასამართლოს თავმჯდომარის, ისე იუსტიციის საბჭოს წევრის თანამდებობები. ჩვენ ასევე გთავაზობთ გაუქმდეს სამწლიანი გამოსაცდელი ვადა და მოსამართლეები შესაბამისი კონკურსის გავლის შემდეგ დაინიშნონ უვადოდ; დაზუსტდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა როგორც ქვედა, ისე ზედა ზღვარი; შეიქმნას თანაბარი პირობები იუსტიციის საბჭოში მოსამართლეების არჩევისათვის და, შესაბამისად, სასამართლოს თავმჯდომარეებს არ ჰქონდეთ საშუალება მოახდინონ დომინირება იუსტიციის საბჭოში“.

საბოლოოდ, პარლამენტმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეკომენდაციების გაუთვალისწინებლად, მხარი დაუჭირა კანონპროექტის იმ ვარიანტს, რომლის თანახმად, სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეთა თანამდებობაზე გამწესება მოხდება 3 წლის ვადით, ამ ვადის გასვლამდე არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 1 თვისა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შედეგების ანალიზის საფუძველზე.

კიდევ ერთხელ მივიღეთ მტკიცე მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისადმი, ჩვენი სუვერენიტეტისადმი და მათ აქვთ სურვილი, რომ საქართველოს მაქსიმალურად დაუდგნენ გვერდით ყველა იმ პროცესში, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს სტაბილურ, მშვიდ განვითარებას და უზრუნველყოფს ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერეს...
მიხეილ ჯანელიძე

გასულ კვირაში ცხინვალის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად, 2017 წლის 9 აპრილს, საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელწოდების „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა“ ალანიად გადაკეთების საკითხზე. ოკუპირებული რეგიონისთვის სახელის გადარქმევის განზრახვა პოლიტიკურ წრეებში რუსეთის მიერ ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯად შეფასდა, განზრახვა დაგმო საქართველოს ხელისუფლებამაც. თავის მხრივ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რეგიონის უსაფრთხოება ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის ამერიკის შეერთებულ შტატებში ორდღიანი ვიზიტისას. სამუშაო ვიზიტი 9-10 თებერვალს განხორციელდა და ოფიციალური შეხვედრები გაიმართა თეთრ სახლში პრეზიდენტის მრჩეველთან უსაფრთხოების საკითხებში, გენერალ მაიკლ ფლინთან, სენატში რესპუბლიკელთა უმრავლესობის ლიდერთან, მიჩ მაკკონელთან, და საგარეო ურთიერთობათა და ასიგნებების კომიტეტების რესპუბლიკელ თავმჯდომარეებთან, ბობ კორკერსა და ტედ კოკრანსთან. განსაკუთრებით საყურადღებო იყო შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონთან:

„ვისაუბრეთ იმ ეკონომიკურ პოტენციალზე, რომელიც არსებობს დღეს რეგიონში და საქართველოს, როგორც რეგიონის ჰაბის, ფუნქციაზე და ამ მიმართულებით თანამშრომლობაზე. ჩვენ ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შესახებ, ვისაუბრეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ მივიღეთ ჩვენ მტკიცე მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისადმი, ჩვენი სუვერენიტეტისადმი და მათ აქვთ სურვილი, რომ საქართველოს მაქსიმალურად დაუდგნენ გვერდით ყველა იმ პროცესში, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს სტაბილურ, მშვიდ განვითარებას და უზრუნველყოფს ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერეს“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონთან მიხეილ ჯანელიძის შეხვედრას „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და სიამოვნებით აღნიშნა, მიხეილ ჯანელიძე ერთ-ერთი პირველი დიპლომატია, ვინც ამერიკის შეერთებული შტატების ახალ სახელმწიფო მდივანს შეხვდაო. ანალიტიკოსები კი შენიშნავენ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სამუშაო ვიზიტმა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაადასტურა, რომ, მიუხედავად ადმინისტრაციის შეცვლისა, ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა სტრატეგიული პარტნიორების მიმართ უცვლელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG